რევაზ ჩელებაძე: ჯერ ყურებჩამოყრილი ვარ, რადგან ბიუჯეტში ფული არ გვაქვს

AutoSharing Option
სეზონისთვის მზადება ან მზადებისთვის მზადება ლამის ყველა გუნდმა დაიწყო, მაგრამ ქობულეთის "შუქურას" ამბავი ჯერ უცნობია. კლუბში მოლოდინია და ვითარების გარკვევამდე საქმე გაჩერებულია.

"შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე არ მალავს, რა გახდა ამ გაურკვეველი ვითარების მიზეზი:

- ჯერ ყურებჩამოყრილი ვარ, რადგან ბიუჯეტში ფული არ გვაქვს და არ ვიცით, მოსამზადებელ ეტაპს როდის დავიწყებთ. დღევანდელი მდგომარეობით, მეშინია, გუნდი არ დამეშალოს.

- კლუბის ბიუჯეტი გაურკვეველი რატომ არის?
- უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს ერთიანი ფონდიდან 600 ათასი ლარი დაერიცხება და წლის ბოლომდე ამის იმედად უნდა ვიყოთ.
სწორედ ამის მეშინია, რომ შეიძლება ბევრი ფეხბურთელი წავიდეს.

- ამ მომენტისთვის ვინ წავიდა გუნდიდან?
- ჯერ მხოლოდ ორი რამ შემიძლია გითხრათ: ლაშა ჩალაძე მარტვილის "მერანში" ითამაშებს, ხოლო ცენტრალურმა ნახევარმცველმა თორნიკე თარხნიშვილმა ბათუმის "დინამოსთან" წლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ეს ისედაც ცნობილი იყო...
- დიახ, მეტი არავინ წასულა, მაგრამ ფეხბურთელები ჩვენს შეთავაზებას ელოდებიან.

- მართალია, თითქოს თქვენი ვაჟი, გიორგი ჩელებაძე დაგიბრუნდათ?
- გიორგი გორის "დილადან" წამოვიდა და ჯერჯერობით ჩვენთანაა, მაგრამ საბოლოოდ დარჩება თუ არა "შუქურაში", ამის თქმა გამიჭირდება.

- ზამთარში ამბობდით, რომ ირაკლი კომახიძეს რუსული კლუბები იწვევდნენ. ის რჩება გუნდში თუ მიდის?
- მეც ძალიან მსურს, რომ ირაკლიმ ძლიერ ლიგაში ითამაშოს, მაგრამ მის ტრანსფერზე სიახლე ჯერჯერობით არ არის. საერთოდაც, ათ დღეში ბევრი რამ გაირკვევა და სხვა სიახლეებზე უფრო მეტს გეტყვით...

- შეუძლებელია, არ დაეთანხმო იმ აზრს, რომ მხოლოდ სახელმწიფო დოტაციის იმედად მყოფ კლუბებს გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ამიტომაცაა, რომ ბევრი მათგანი სპონსორს ეძებს. ამ მხრივ თქვენთან რა მდგომარეობაა?
- დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, ათი დღე მაცალეთ-მეთქი.

- ანუ სპონსორის მოყვანის იმედი გაქვთ?
- ეს მხოლოდ იმედი არ არის, მაგრამ სანამ საკითხი არ გადაწყდება, მანამდე ლაპარაკი არ ღირს. ფაქტია, რომ ამ მოლაპარაკებით კმაყოფილი ვარ.

- ცნობილია, რომ ფედერაციაში კლუბების ხელმძღვანელებისა და სფფ-ის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის შეხვედრაზე გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატზე თავიდან "შუქურას" სფფ-ისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა...
- ბევრი კითხვა გვქონდა. მაგალითად, ჯგუფებში არათანაბარი ძალის გუნდების გადანაწილების საფრთხე არსებობს, ჩემპიონი და გავარდნილები კი 12 თამაშით გამოვლინდებიან. ამიტომ გვერჩივნა, გარდამავალი ჩემპიონატი 26 ტურად გამართულიყო. ჩემი მოსაზრება იყო, რომ პაუზა შეგვემცირებინა და თამაშების რაოდენობა გაგვეზარდა.

საერთოდ, ფეხბურთელის კლასი და ოსტატობა მეტი თამაშით იზრდება. ოფიციალურ შეხვედრას ვერანაირი მომზადება და ვარჯიში ვერ შეცვლის. მსოფლიოს წამყვან ლიგებს გადახედეთ - სეზონის განმავლობაში ფეხბურთელები მინიმუმ 70 თამაშს ატარებენ, ზოგან 80-მდეც ადის და ამაში ამხანაგური შეხვედრები თუ ტურნირებიც იგულისხმება.

ჩვენთან კი ეს ციფრი ასე გამოიყურებოდა - ნახევარ სეზონში 12 თამაში, პლუს, თასის 4 და სპარინგებში 4-5 დაპირისპირება. ანუ ეს მაქსიმუმ 20 თამაშია, რაც სეზონში 40-მდე მატჩს უდრის. ფეხბურთელის გასაზრდელად ეს ძალიან არასაკმარისია. მე სწორედ ამ ლოგიკიდან გამოვდიოდი.

- მაგრამ ქობულეთის "შუქურას" მენეჯერმა ავთანდილ წიკლაურმა თქვა, რომ საბოლოოდ, სფფ-ის პროექტი მისაღები აღმოჩნდა...
- დიახ, მისაღები აღმოჩნდა, რადგან ფედერაციამ ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი მოდელი შემოგვთავაზა. განსაკუთრებით მომეწონა ჩემპიონის, ევროსაგზურების მფლობელებისა და ლიგიდან გასავარდნების პლეი ოფებით გამოვლენის იდეა.

ოქროს მედლის მფლობელი რომ ორმატჩიანი ფინალით გამოვლინდება, ასე მოთამაშეებიც სულ ტონუსში იქნებიან. ეს თამაშების რაოდენობას გაზრდის - 12 თამაშს სათასო დაპირისპირებები და პლეი ოფები ემატება. 12 მატჩს მხოლოდ ჯგუფებში მე-4 და მე-7 ადგილებზე გასულები ჩაატარებენ. რაც მთავარია, ტურნირის ფინალური ეტაპისადმი მაყურებლის ინტერესი გაიზრდება. ამ კუთხით, ეს უდავოდ გამართლებული მოდელია.

მოკლედ, ძალიან საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატის მოლოდინში ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Guadua - კლუბების სააქციო საზოგადოებად გადაკეთება და მათი ა ფორმით გასხვისება მართებული გადაწყვეტილება იქნება. აქციის ფასი რამდენი იქნება მაგას ასე ვერ იტყვი პირდაპირ, შესაძლებელია მინიმალური თანხა დააწესო 1 ლარი და გამოუშვა მილიონი აქცია, რაც შეიძლება უფრო მართებული იყოს, მცირე რეგიონებში თვითონ მოსახლეობას შეეძლება შიძინოს კლუბის აქცია რის შემდეგაც ფეხბუღტელებს მიმართ მეტი მოთხოვნის გრძნობა გაუჩნდება და მის ტამაშზეც მივა, იმ ფიქრით მოდი "მოდი ვახო რას შვებიან ჩემი ბიჭებიო" :). ვეთანხმები სააქციო საზოგადოების აზრს მაგრამ ასევე ვფიქრობ ეს კლუბები იყოს ამასთანავე სახალხო და არა ერთი მსხვილი აქციონერის საკუთრება. მსგავსი მოდელით მუშაობს გერმანიის, ავსტრიის და კიდე ვინ მოთვლის რამდენი ქვეყნის საფეხბურთო კლუბები.
dave
17:53 09-06-2016
0
გააუქმეთ გამგეობის გუნდები!!! კლუბი უნდა იყოს მხოლოდ კერძო!!! ჩელებაძის შვილის და მისნაირების შენახვა 5ჯერ უფრო ძვირი უჯდება ვიდრე გიორგი ანწუხელიძის ან შინდისელ გმირებს ქონდათ გასამჯელო!!! სტადიონზე ბაჯბაჯში სახელმწიფოს ფული არ უნდა გაიფლანგოს!!!
mussa
00:07 10-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული