ინტერვიუ კი გუნდთან დაკავშირებული სიახლეებით დავიწყეთ...
- "შუქურა" 25-დან 30 ივნისამდე შეიკრიბება. ცნობილი მხოლოდ რამდენიმე სიახლეა. წავიდნენ ლაშა ჩალაძე და თორნიკე თარხნიშვილი, ახლახან კი დოლიძემაც დაგვტოვა, რომელიც გორის "დილას" ევროპის ლიგაზე დაეხმარება.
- ცნობილია, რომ გიორგი ჩელებაძე დაგიბრუნდათ...
- ამას ჯერ გადაჭრით ვერ გეტყვით, რადგან შესაძლოა, უცხოეთში წავიდეს. საერთოდაც, ჯერ ფეხბურთელებს ვერაფერს ვთავაზობთ.
- იმიტომ, რომ არ ვიცით, რა პირობები გვექნება, მოთამაშეები რომ დავაბინავოთ, რადგან ბიუჯეტის ამბები გაურკვეველია. ამჟამად, რევაზ ჩელებაძე უცხოეთში სწორედ ფინანსური საკითხების გასარკვევადაა, სადაც მოლაპარაკებას პოტენციურ სპონსორთან აწარმოებს.
- კონკრეტულად სად იმყოფება?
- როგორც ვიცი, თურქეთში. საერთოდ, თუ დააკვირდით, ბოლო დროს ყველა კლუბი სპონსორს ეძებს, რადგან აშკარაა - მათ გარეშე გუნდს ძალიან გაუჭირდება. კონკრეტულ ციფრებს დაგისახელებთ: ჩვენ გარდამავალ ჩემპიონატში 600 ათას ლარს მივიღებთ, რაც ნორმალური ხელფასების შესათავაზებლად და შესაბამისად, ძლიერი მოთამაშეების ჩამოსაყვანად არასაკმარისია.
მაგრამ ბატონი რევაზი სპონსორს თუ მოიზიდავს, რომელიც გუნდში 300 ათას ლარს დახარჯავს, ერთიანი ფონდიდან სტიმულირებისთვის კიდევ 300 ათასს დაგვირიცხავენ, ნახევარ წელიწადში კი 1,2 მილიონი ლარით საკმაოდ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება რეალური იქნება.
მოკლედ, ინვესტორს ვინც ვერ მოიზიდავს, მგონია, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს.
- ქობულეთი ბიზნესისთვის საინტერესოა, თანაც სტადიონიც გუნდს ეკუთვნის და წესით, "შუქურაში" სპონსორის მოზიდვა რეალური უნდა იყოს...
- ეს მართლაც დიდი პლუსია. "შუქურას" ბაზასაც თუ აუშენებენ, სპონსორების მოზიდვა გაიოლდება. სხვათა შორის, იყო ლაპარაკი, რომ "ჩელე-არენაზე" ფეხბურთელების საცხოვრებელი 2-სართულიანი სასტუმრო აეშენებინათ. ასე შეკრებისა და ჩამოსული ფეხბურთელების დაბინავების ხარჯები შეგვიმცირდებოდა, ქობულეთის სტადიონზე მოსამზადებლად გუნდებსაც მივიღებდით და დამატებითი შემოსავლის წყაროც გაგვიჩნდებოდა.
მაგრამ მერე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახსრების ერთიან ფონდში მობილიზება დაიწყეს და არ ვიცი, ამ ჩანაფიქრის განხორციელება როდისთვის გადაიდო.
- გუნდის ბაზის მოწყობის სხვა ვარიანტი არ არსებობს?
- ბატონი რეზო სულ ამაზე ფიქრობს და ხან ერთ ბიზნესჯგუფთან აქვს მოლაპარაკება და ხან - მეორესთან. ვიცი, რომ საკითხი ადგილობრივი და ავტონომიური ხელისუფლების დონეზე დააყენა, ბაზისთვის ტერიტორია რომ გადაეცათ, მათ კი იდეა მოეწონათ და მზად არიან, სპორტული კომპლექსის მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს ტერიტორია გადასცენ, ოღონდ ამ ბაზით კლუბმაც უნდა ისარგებლოს.
ასეთი სასტუმრო და სპორტული კომპლექსი კლუბისთვისაც სასარგებლო იქნება, ადგილობრივ ბიუჯეტსაც წაადგება და ინვესტორისთვისაც მისაღები იქნება: წესით, ბიზნესისთვის საინტერესოა ქობულეთში სასტუმრო, სადაც 4-5 მოედანი განთავსდება და სტუმრებს არა 3-4 თვე, არამედ 6-7 თვე მიიღებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"