მაისში "მეშახტის" პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე გახდა, რომელიც ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პირველ წლებში ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.
"მეშახტის" ვიცე-პრეზიდენტი დიდი ნოდარ ახალკაცის პერიოდში გახლდით. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და სპონსორების მოსაძებნად თავს არ ვზოგავდი. მჯერა, ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს და განვითარების
"მეშახტეში" სწორედ ამ ტალღაზე მივედი. აქამდე კლუბს ტყიბულის მუნიციპალიტეტი პატრონობდა, ახლა ერთიანი ფონდი და "ჯი-აი-ჯი" ჯგუფი აფინანსებს. ამას გარდა, მოლაპარაკება გვაქვს ცნობილ ბიზნესმენ ელგუჯა გოცირიძესთან. ამ კაცს ტყიბულისთვის ბევრი გაუკეთებია და იმედია, გუნდს გვერდში დაუდგება.
ჩვენი მიზანია, გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ "პრო 2 ლიგაში" მოვხვდეთ. ასეთ შემთხვევაში, კლუბი 700 ათასი ლარით დაფინანსდება, რაც ტყიბულში ფეხბურთის განვითარების საფუძველი გახდება, ბავშვთა ფეხბურთსაც კარგად მივხედავთ. ტყიბულში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მდიდარ კლუბებს მიჰყავთ, ზოგიც უსახსრობის გამო ვერ დადის ფეხბურთზე. ეს რესურსი აუცილებლად უნდა ავითვისოთ.
ახლა გუნდში მხოლოდ 4 ტყიბულელია. თუ ყველა თავის რაიონს მიხედავს და ბავშვთა ფეხბურთს განავითარებს, დარწმუნებული იყავით, ქართული ფეხბურთი ამ კრიზისს თავს აუცილებლად დააღწევს", - ამბობს გეგეშიძე.
ტყიბულელთა ახალმა ხელმძღვანელმა გუნდის მთავარ მწვრთნელად მიიწვია თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი კახი გოგიჩაიშვილი, რომელიც ბოლოს "ცხინვალის" დუბლებს ავარჯიშებდა:
"კახა წესიერი კაცია და ნიჭიერი მოთამაშეების შერჩევის უნარით გამოირჩევა. რაც მთავარია, ფეხბურთით ცხოვრობს და მჯერა, "მეშახტეს" თავის ხელს დაატყობს.
გუნდმა მზადება 5 ივლისს, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო. ძირითადი ბირთვიც შენარჩუნებულია და ახალწვეულებიც გვყავს - "მეშახტეში" დაბრუნდა თავდამსხმელი ნიკა ხინთიბიძე, რომელიც წინა სეზონში პირველი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე დავიბრუნეთ ირაკლი ბაჯელიძე და გიორგი გურეშიძე. მიხარია, რომ შევინარჩუნეთ ცოტნე ხარაბაძე, რომელიც ასაკობრივი ნაკრებებისა და ქუთაისის "ტორპედოს" მცველი გახლდათ.
გუნდში რჩებიან ჩვენი ლიდერი ივანე კილაძე, ნიგერიელი თავდამსხმელი მარტინს ნვანკვო და მეკარე ანდრე ნონოსი. სხვათა შორის, წინა სეზონში მან ზედიზედ 8 მატჩში კარი "მშრალად" შეინახა... ახალწვეულები არიან თბილისის "ლოკომოტივისა" და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი მეკარე ბაჩო მიქავა და გასული სეზონის კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ზურაბ ტიელიძე".
გეგეშიძის თქმით, "მეშახტის" ბაზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ის სპონსორების მოზიდვის გზებზეც გველაპარაკა:
"როცა ტყიბულის ძველ სტადიონს ვესტუმრეთ, გოგიჩაიშვილის წინადადება იყო, ბაზა ელემენტარულ დონეზე მოგვეწესრიგებინა, გუნდს სავარჯიშო პირობები რომ ჰქონოდა. შერემონტდა გასახდელები, საშხაპეები და ფეხბურთელების საძინებლები, საცხოვრებელ შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და ძველი ინვენტარი ახლით შეიცვალა. ასევე, მოეწყო ოთახი, სადაც გუნდი განვლილი მატჩების ვიდეოგანხილვასა და თეორიულ მომზადებას შეძლებს.
სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მთავარ სტადიონზეც. სფფ-მ ტექნიკა მოგვაშველა და მინდვრის საფარი მოვაწესრიგეთ, ისევე, როგორც ბაზაზე. გაიწმინდა წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში მყოფი სადრენაჟო სისტემა, ასევე, გაკეთდა სარწყავი სისტემა, თუმცა გასახდელები და საშხაპეები მოსაწესრიგებელია.
სხვათა შორის, ეს საინტერესო თემაა - ბაზა "მეშახტეს" ეკუთვნის და კარგი იქნება, თუ სტადიონიც მის ბალანსზე გადმოვა. სპონსორები კლუბით ასეთ შემთხვევაში თუ დაინტერესდებიან. ჩვენს ბაზას გასაოცარი ბუნება აკრავს გარს. იქვეა საცხოვრებელი კორპუსი, საკმაოდ კარგი მოედანი. მისი და მთავარი სტადიონის მოწესრიგების შემთხვევაში, ტყიბულში კარგი მოსამზადებელი ცენტრის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო უნდა გახდეს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"