ლადომ გაბედა და იქნებ, თქვენც გეცადათ...

AutoSharing Option
როგორ უნდა დაემსგავსოს საქართველოს ჩემპიონატი ჩემპიონატს? რა თქმა უნდა, სხვა ათას ნიუანსთან ერთად, გვჭირდება კვალიფიციური კადრები. კადრები თითქმის ყველგან თითქმის ყველაფერს წყვეტენ და გამონაკლისი არც ქართული ფეხბურთია.

როგორი ფეხბურთელები უნდა დავაბრუნოთ საქართველოს ჩემპიონატში? დავაბრუნოთ თუნდაც იმიტომ, რომ თავდაპირველად ჩვენი ჩემპიონატის დონე მისაღები გახდეს ჩვენთვის მაინც. ჩვენ მაინც მოგვეწონოს პროდუქტი მანამ, სანამ სხვას გავასინჯებთ მის გემოს...

საქართველოს ჩემპიონატს ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაუბრუნდა ეროვნული ნაკრების ფორვარდი, 30 წლის ლადო დვალიშვილი. საქართველოდან წასულ დვალიშვილს ტოპ-კლუბებში არ უთამაშია, მაგრამ ისეთ გუნდებში კი გააგორა ბურთი,
ბევრი ქართველი ლეგიონერი რომ ვერც კი იოცნებებს...

ვინ იტყვის, რომ ვარშავის "ლეგია" ქართველი ფეხბურთელისთვის ცუდი გუნდია? ან იმას ვინღა იტყვის, რომ ჰაიფას "მაკაბის" წარმატებაში დვალიშვილის წვლილი მოკრძალებული იყო? ლადოსთან ერთად "მაკაბიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. მაშინ დვალიშვილი მინდორზე ებრძოდა ევროპული ფეხბურთის გრანდებს, მათ შორის - "ბაიერნს". და ვინ იტყვის, რომ ეს პატარა გამოცდილებაა?

ვინც "დინამოში" დვალიშვილის თამაშს დააკვირდება, ერთ რამეში უნდა დაგვეთანხმოს: მისი ფეხბურთი როგორღაც განსხვავებულია - მთელი მატჩის განმავლობაში ბოლომდე იბრძვის. მისთვის თამაში არ იყოფა ეპიზოდებად.

მასზე კარგის მეტი არაფერი მსმენია. მინდვრის მიღმა ის მშვიდი და ძალიან გაწონასწორებულია. ასეთივეა მინდორზეც. სულ ცოტა ხნის წინ გვითხრა - არ ვარ ეგოისტი თავდამსხმელი, ჩემთვის მთავარი გოლის გატანა კი არა, გუნდის წარმატებააო...

არავინ იცის, როგორი იქნება ამ ახალგაზრდული, ძალიან საინტერესო "დინამოს" წლევანდელი სვე, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: დვალიშვილი მაგრად მუშაობს გუნდის წარმატებისთვის. მუშაობს როგორღაც არაქართულად, უფრო - ევროპულად. მუშაობს მთელი პროცესის განმავლობაში და არა ამ პროცესის რაღაც ნაწილში.

ჩემი აზრით, პროფესიონალიზმი მინდორზე სწორედ ამას ჰქვია. ფეხბურთელი დეტალებში იცნობა და დვალიშვილის თაობაზე დეტალებში სწორედ ეს იკითხება. დღეს ასეთი თავდამსხმელები მაგრად ფასობენ...

რა თქმა უნდა, ის არ არის არც უნაკლო ფორვარდი და არც ევროპული ფეხბურთის ტოპ-შემტევი, მაგრამ ქართული გუნდისთვის ის კარგი ფეხბურთელია. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე არის, დვალიშვილის დონის ფეხბურთელები უნდა ჩამოვიყვანოთ ქართულ კლუბებში.

ბოლოს და ბოლოს, შეხედავენ ჩვენი ფეხბურთელები, რომ მათზე მეტის და მათზე უკეთ ნათამაშები ფეხბურთელი მათზე მეტს დარბის, მათზე მეტს იბრძვის და ამის შემდეგ ისიც ასევე მოიქცევა. ეგაა, ოღონდ - საქართველოს ჩემპიონატში თამაშზე ამ დონის ფეხბურთელების დათანხმება ჭირს. მათ ევროპაში ურჩევნიათ თამაში...

ჯერ ერთი, იქ ნამდვილი ფეხბურთია. მეორეც - უკეთ იხდიან და მესამე: თუნდაც პოლონეთში, ისრაელსა და კვიპროსში ფეხბურთი მართლა სიამოვნების მომტანი თამაშია და არა - სატანჯველი.

ჩვენში ფეხბურთით სიამოვნებას ვერ იღებენ - ვერც მაყურებელი (დონე არ არის) და ვერც ფეხბურთელები. ზოგს ცხრაჯერ გაკერილი ბუცი აცვია. ასე ფეხბურთით ვერ ისიამოვნებ. ასე ბოლომდე წახდები, როგორც ფეხბურთელი და, იქნებ, პიროვნულ ამბავშიც მოგემატოს ვარამი.

ლადო დვალიშვილმა გადადგა ძალიან კარგი ნაბიჯი და ზედ ევროკამპანიის წინ შეუერთდა მშობლიურ "დინამოს". თუ "დინამოს" დარი პირობები (ან ცოტა ნაკლები მაინც) სხვა ქართულ კლუბებშიც იქნება, ეგებ ჩვენი ლეგიონერები დაბრუნებაზე დაფიქრდნენ...

დაფიქრდნენ მანამ, სანამ რეალურად შეუძლიათ ქართული ფეხბურთისთვის სარგებლობის მოტანა, თორემ, შესაძლოა, მერე გვიან იყოს. ამისთვის კი ქართულ კლუბებს ელემენტარული პირობები სჭირდებათ.

გოლი? ლადო აუცილებლად გაიტანს!

ბიჭებო, ლადომ გაბედა! იქნებ, თქვენც გაგებედათ, სანამ მართლა გვიან არ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
მეგოლეობის რა მოგახსენოთ მაგრამ დინამოს კარგად მოერგო და წინა ხაზში საჭირო შავ სამუშაოს ასრულებს
გოლი ლადო გოლი
23 ივლისი 2016 17:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული