ქუთაისის "ტორპედო": მბარგა აიბარგა - დაწუნებული ფრანგი და მარცხი თურქებთან

AutoSharing Option
24 წლის ნახევარმცველმა ფრანკ მბარგამ ტორპედოელთა შორის სულ სამი დღე დაჰყო. ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, სინჯებზე ჩამოსულმა ფრანგმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და "სუმგაითთან" საკონტროლო მატჩში სასტარტო შემადგენლობაშიც ითამაშა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა და სამწვრთნელო შტაბმა შინ გაუშვა.

23 ივლისს "ტორპედომ" უცხოურ შეკრებაზე მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარა. ქუთაისელთა მეტოქე "ბანდირმასფორი" იყო, რომელიც თურქეთის მეორე ლიგიდან პირველში აღზევდა და ორი ბრაზილიელი და უმაღლესლიგელ "ბურსადან" სამი ფეხბურთელი გადაიბირა, მათ შორის - თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე ოქან ქოჩუკი.

როგორც "ტორპედოს" პრესსამსახური იტყობინება, თურქეთის ჩემპიონატის პირველლიგელთან
კობა ჟორჟიკაშვილის
გუნდს სათამაშო უპირატესობა კი ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

საწყის ნახევარ საათში ბურთს უმეტესად ქუთაისელები აკონტროლებდნენ. შუა ტაიმში გუგა ფალავანდიშვილის გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა გიორგი ქიმაძე, რომლის დარტყმულს მეკარე იოლად დაეუფლა. შედეგი არც გრიგოლ დოლიძის, თორნიკე კაპანაძისა და ვაჟა ტაბატაძის შეტევებს მოჰყოლია.

35-ე წუთზე თურქებმა სახიფათოდ შეუტიეს. ისმაილ გოქოღლანის მიერ ახლოდან ძლიერად დარტყმული მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია და თავისიანები გოლისგან იხსნა.

მეორე ნახევარში მეტოქე გააქტიურდა და 64-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც - ქუთაისელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში მცველებს ათაბეი ჩიჩეკმა დაასწრო და ახლო მანძილიდან მიზანს არ ააცილა.

ხუთიოდე წუთში ქუთაისელები მეკარე ტარიელ ხაინდრავამ გადაარჩინა. თამაშის ბოლო 15 წუთი ტორპედოელთა შეტევებში გაილია. ანგარიშის გათანაბრების შანსი ჯერ ბექა ტუღუშს ჰქონდა, შემდეგ - ვანო წილოსანს, მაგრამ ტორპედოელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ და მეორე საკონტროლო შეხვედრაშიც დამარცხდნენ.

ტორპედო: ქვილითაია (46. ხაინდრავა), ტაბატაძე (75. ბენაშვილი), კოლინი (55. ჭიჭინაძე), გურული, ტუღუში, მამასახლისი (75. მესხი), ფალავანდიშვილი, ქიმაძე (85. ბრეგვაძე), ბაბუნაშვილი (60. ენდელაძე), დოლიძე (79. წილოსანი), კაპანაძე (60. კვერნაძე).

მორიგ ტესტ-მატჩს "ტორპედო" 27 ივლისს, თურქეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ანტალიასფორთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჟორჟიკაშვილის ფეხბურთი აღარ არის მისაღები მასეთი მწრთნელით წინ ვერ წავალთ.მერე გასაშვები ფეხბურთელები რომ უნდა გავუშვათ ამას მის მაგივრად მოყავს ისეთი ვინც უვარგისია.ბენაშვილი და გავაშელაშვილი-წილოსანი და ბაბუნაშვილი.და კიდევ დაცვაში მიღებულია შევსება ნახევარდაცვაში არის ერთი კარგი უცხოელი ფეხბურთელი მოსაყვანი და თავდასხმაში უნდა ერთი კარგი უცხოელი მოთამაშე.ამ სამი უცხოელის გარშემო შეიკვრება გუნდი და გარდამავალ ეტაპს ჩავამთავრებთ მე-3-ზე. გაისად -2017-გავძლიერდებით და მწვრთნელსაც ახალს მოვიყვანთ.ვსიო.
ქუთაისელი
01:16 26-07-2016
0
არაუშავს ძმებო "ბანდირმასფორთან" თუ წავაგეთ მთავარია დინამომ წააგოს ზაგრებთან და გამოვარდეს))) აი მერე მომეშვება))))))))
svani
00:58 26-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული