გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!

AutoSharing Option
პირველ ლიგაში დაქვეითებულმა "საპოვნელამ" სეზონთაშორის პერიოდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი შეიმატა. მომავალ სეზონში გუნდის ღირსებას ისეთი მრავალნაცადი მოთამაშეები დაიცავენ, როგორებიც არიან მირზა მერლანი, ნიკა კვასხვაძე, დავით ოდიკაძე, თემურ ფურთუხია და სხვები. ამას გარდა, გუნდში დარჩა კაპიტანი და ლიდერი დავით ოდიკაძე...

ინტერვიუ ვთხოვეთ "საპოვნელას" მთავარ მწვრთნელს, ახალგაზრდა სპეციალისტ გიორგი ჩიტაურს,  რომელიც მანამდე თბილისის "ლოკომოტივის" ახალგაზრდული გუნდის თავკაცი გახლდათ...

- ორიოდე სიტყვით გააცანით თავი "ლელოს" მკითხველს. რა გზა გაიარეთ დღემდე?
- დიდი ფეხბურთი არ მითამაშია. თავის დროზე ვიყავი რუსთავის "მეტალურგში". მერე ვითამაშე "მცხეთაში",
რომელიც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. ეს იყო და ეს. ამის მერე შევეშვი ფეხბურთს. თუ არ ვცდები, 2006 წელი იყო... ვთამაშობდი საყრდენ ნახევარმცველად, მითამაშია ლიბეროდაც... მერე გადავწყვიტე მწვრთნელობა და აი, დღეს აქ ვარ...

- მანამდე სულ "ლოკომოტივში" მუშაობდით?
- კი, სულ "ლოკომოტივში" ვიყავი.

- "საპოვნელაში" როგორ მიხვედით?
- შემეხმიანა კლუბის ხელმძღვანელობა, შევხვდით ერთმანეთს, დავილაპარაკეთ, პირობებზე შევთანხმდით... სულ ეს იყო.

- მოკლე ხანში საინტერესო შემადგენლობა შეკრიბეთ...
- გუნდში არიან როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელები. გამოცდილთაგან მომავალ სეზონში "საპოვნელას" ღირსებას დაიცავენ დავით ოდიკაძე, მირზა მერლანი, გიორგი მემარნიშვილი, თემურ ფურთუხია...

- ვიცით, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლოკომოტივიდანაც" წაიყვანეთ...
- დიახ, ეს ის ბიჭები არიან, რომელთაც წლების განმავლობაში ვავარჯიშებდი "ლოკომოტივში" - პაპუაშვილი, დუმბაძე, მიქავა, კუხალაშვილი, მანგოშვილი... აქვე უნდა აღვნიშნო საჯაია, ვინც ბოლოს ბოლნისის "სიონში" თამაშობდა. ასევე, ბიბილეიშვილი, მაკარიძე, გიორგაძე... მათ ბოლო სეზონი "საპოვნელაში" ჩაამთავრეს.

- გაძლიერებას კიდევ აპირებთ?
- ამ ეტაპზე, ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ახალ ფეხბურთელებს, ალბათ, ვეღარ დავიმატებთ.

- რა იქნება გუნდის მიზანი მომავალ სეზონში?
- თავდაპირველად, როცა გუნდში მოვედი, მიზანი მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იყო. ბოლო დროს ცოტა შეგვაწუხა ფინანსურმა პრობლემებმა, თუმცა ჩვენ ყველა თამაშზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის.

- საშინაო თამაშებს თერჯოლაში ჩაატარებთ?
- კი, იქვე ვიცხოვრებთ და ვივარჯიშებთ.

- "საპოვნელას" ასაკობრივ გუნდებში თუ არიან ნიჭიერი ბიჭები?
- ჯერჯერობით, ჩვენი ასაკობრივი გუნდები დათხოვილნი არიან. მათ თამაშს ყოველთვის დიდი ყურადღებით მივადევნებ თვალს.

- თქვენ მწვრთნელად ჩამოყალიბებაში ვის მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი?
- ბატონ გაიოზ დარსაძეს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა! მაქვს A და B სამწვრთნელო ლიცენზიები. დღესაც ვგრძნობ მისგან გვერდში დგომას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფალი იყოს შენი მფარველი.წარმატებებს გისურვებ.
კეთილისმსურველი
17:49 26-07-2016
0
მაგარი მწვრთნელია და წარმატებები,სამწუხაროდ ეს კაცი ლოკომოტივმა სათანადოდ არ დააფასა
dinamo44
16:51 26-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული