ტორპედო-ცხინვალი 3:1 - სამქულიანი დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტორპედო" "ცხინვალთან" შეხვედრას ძალიან მძიმე სატურნირო მდგომარეობით ხვდებოდა. ქუთაისელები "თეთრ ჯგუფში" ბოლო ადგილზე იმყოფებოდნენ და უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ. მორიგი ფიასკოს შემთხვევაში, "ტორპედო" აუტსაიდერობას კიდევ უფრო "გაიმყარებდა".

თუმცა, ქუთაისელთა სასიხარულოდ, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეძლო "ტორპედოს" ათამაშება, მის ხელთ არსებული რესურსის ბოლომდე გამოყენება და "ცხინვალთან" ჰაერივით საჭირო გამარჯვების მოპოვება. თანაც, ქუთაისელებმა საკმაოდ სწრაფი, კომბინაციური და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს, განსაკუთრებით მატჩის მეორე ნახევარში, როცა მათ გააზრებულ შეტევებს სტუმრებმა ვეღარაფერი დაუპირისპირეს...

არადა, მატჩის დასაწყისი "ტორპედოს" კარგს არაფერს უქადდა. როგორც
თამაშის შემდეგ გუნდის ახალმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა აღნიშნა, შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასპინძლები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ და ამან დებიუტში მათზე უარყოფითად იმოქმედა.

შესაძლოა ამიტომაც, ტორპედოელები ბევრს სცოდავდნენ, სტუმრები კი პირიქით, ყოველგვარი რიდის გარეშე, აქტიურად უტევდნენ მეტოქის კარს. სხვათა შორის, მათი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა დისკვალიფიკაციის გამო თამაშს სტუმართა ლოჟიდან ადევნებდა თვალს...

მე-5 წუთზე ლაშა ქოჩლაძის უძლიერესი დარტყმის შემდეგ როინ კვასხვაძემ საკუთარი გუნდი ხარიხის დახმარებით გადაარჩინა. თუმცა, ამ ეპიზოდიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ცხინვალელებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც მოახერხეს. კუთხურის შემდეგ ტორპედოელთა კართან არეულობა შეიქმნა, დაცვის შეცდომით გიორგი კახელიშვილმა ისარგებლა და ბაქარ ქარდავას გადაცემის შემდეგ საჯარიმოს შიგნიდან კვასხვაძეს აუღებელი დაურტყა.

ქუთაისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებულმა გოლმა ისინი არ დააბნია. პირიქით, ამის შემდეგ "ტორპედო" გააქტიურდა და მეტოქეს დიდი ძალებით შეუტია. თავიდან მასპინძლებმა შორეული დარტყმებით სცადეს ბედი, თუმცა გუგა ფალავანდიშვილისა და გიორგი გურულის მცდელობები არაზუსტი გამოდგა.

მომდევნო ეპიზოდისას ქუთაისელთა სწრაფ და ეფექტურ კომბინაციას ოთარ კვერნაძე აგვირგვინებდა, მაგრამ სუსტად მოარტყა ბურთს ფეხი და გიორგი ნადირაძეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება.

სტუმრებს სულ უფრო უჭირდათ აქტიურად მოთამაშე ქუთაისელებთან გამკლავება და უხეშობას ხშირად მიმართავდნენ. მატჩის სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ დროის მცირე მონაკვეთში სტუმრებს ავტომატის ჯერივით "დააყარა" ყვითელი ბარათები (4 ყვითელი ბარათი 7 წუთში), რამაც მათი დაშოშმინება გამოიწვია.

ტორპედოელები კი შეტევებს განაგრძობდნენ და მიზანთანაც ახლოს იყვნენ. გრიგოლ დოლიძემ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და ბურთი კარის გასწვრივ დაარტყა, ერთ-ერთმა ცხინვალელმა კი ის საკუთარი კარისკენ ჩაჭრა, თითქოს კარის ხაზიც გადაიკვეთა ჰაერში და და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს სტუმრებმა ბურთის მოგერიება, ტორპედოელები გოლს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.

მასპინძელთა მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო. მათი აქტიური პრესინგის შედეგად სტუმრებმა საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან დაკარგეს ბურთი, რომელიც ბექა ტუღუშმა მოიგდო და დაახლოებით 22 მეტრიდან ნადირაძეს აუღებელი დაურტყა.

მეორე ნახევარში "ტორპედო" კიდევ უფრო გააქტიურდა. ქუთაისელებს ახალი სუნთქვა გაეხსნათ და მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდათ. მასპინძლები საგოლე მომენტებსაც ხშირად ქმნიდნენ. დოლიძისა და ფალავანდიშვილის სახიფათო დარტყმებს სიზუსტე დააკლდათ.

სამაგიეროდ, მეკარე კვასხვაძის მიერ საკუთარი საჯარიმოდან გიორგი გურულის მისამართით გაკეთებული გადაცემა გამოდგა სნაიპერული სიზუსტის. ამ ეპიზოდში გურულიც კარგად გაისარჯა, საგოლე ალღო გამოავლინა და წინ გამოსულ მეკარეს თავური დარტყმით ბურთი ზემოდან გადაავლო - 2:1.

ჩხეტიანს შეცვლამაც გაუმართლა, კვერნაძის ნაცვლად მოედანზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ ქუთაისელთა შეტევებს სიმწვავე კიდევ უფრო შემატა და რაც მთავარია, გოლიც გაიტანა. ქიმაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ "ელვამ" ნადირაძეს ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა.

დარჩენილ დროში ქუთაისელებს ანგარიშის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ. მიზანთან ახლოს იყვნენ შოთა ბაბუნაშვილი, დოლიძე და კაპანაძე, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდათ.

თავის მხრივ, სტუმრებსაც ჰქონდათ გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა - ცხინვალელთა სწრაფ შეტევას ჯაბა დვალი ეფექტური დარტყმით აგვირგვინებდა, თუმცა კვასხვაძემ არანაკლებ ეფექტურად ითამაშა და ძალიან რთული ბურთი მოიგერია.

მოკლედ, "ტორპედომ" ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა და მოედანი გულშემატკივართა აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური. თეთრი ჯგუფი
17.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-ცხინვალი 3:1
გოლები: 0:1 კახელიშვილი (6. ქარდავას პასით), 1:1 ტუღუში (41), 2:1 გურული (66. რ. კვასხვაძის პასით), 3:1 კაპანაძე (70. ქიმაძის პასით)
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, მამასახლისი, ფალავანდიშვილი, დოლიძე, ბაბუნაშვილი (73. საღრიშვილი), ტუღუში (76. ენდელაძე), კვერნაძე (57. კაპანაძე).
სათადარიგონი: მ. ქვილითაია, კოლინი, ნერგაძე, ბენაშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, ქარდავა, სულთანიშვილი (19. შინდაგორიძე), კახელიშვილი (81. მაქაცარია), ქოჩლაძე (72. გაბრიჩიძე), მახარობლიძე, დვალი.
სათადარიგონი: კერესელიძე, ფირცხალავა, გელაშვილი, ტორჩინავა
მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი
გაფრთხილება: მახარობლიძე (25), ქოჩლაძე (29), ცერცვაძე (31), კახელიშვილი (32), მამასახლისი (90)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო.

მომდევნო ტური
თეთრი ჯგუფი
25 სექტემბერი
ცხინვალი-ჩიხურა
შუქურა-ლოკომოტივი
დინამო (თბ)-ტორპედო
გურია ისვენებს

წითელი ჯგუფი
24 სექტემბერი
საბურთალო-დინამო (ბთ)

25 სექტემბერი
სამტრედია-ზუგდიდი
კოლხეთი-დილა
სიონი ისვენებს

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემპიონატს ეტყობა რომ ტორპედო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე და ეს საბოლოოდ როგორც ტორპედოსთვის ისე ჩემპიონატისთვის ძალიან ცუდია, იმედია გამასწორდება ტორპედოში სიტუაცია. შემადგენლობასაც არ აწყენდა გაძლიერება.
bebeto
20 სექტემბერი 2016 18:33
0
კახა არის უწესიერესი და ძალიან მაგარი პიროვნება წარმატებებს ვუსურვებ ტორპედოს მასთან ერთად. ის აუცილებლად დაატყობს კლუბს თავის ხელს და დაუბრუნებს იმ დიდებას რომელსაც ეს გუნდი აშკარად იმსახურებს. ამავდროულად აღნიშვნის ღირსია კახას თანაშემწეები გიგიაძე და აშვეთია რომლებიც ასევე თავის საქმის პროფესიონალები და უბრალოდ კარგი ქუთაისლები არიან, რაც ასე ჭირდება დღეს ამ გუნდს (თამაშს რო წააგებ მეზობლის მაინც შეგრცხვება და არ გაატარებ ისე ვითომ ეს არც კი მომხდარა). აქვე უნდა ითქვას გუშინდელ მატჩზე რომ ფეხბურთელებმა სული და გული დადეს მინდორზე ყველა ბურთისთვის თავგანწირულად იბრძოდნენ, ეს დაუფასდათ და ყოველთვის დაუფასდებათ ანალოგიური შემართება და მონდომება მათ. ზუსტად ეს გვახარებს გულშემატკივარს, ესეთ მონდომებულს და ბოლომდე მებრძოლს რო ვუყურებთ ჩვენს ფეხბურთელებს, გენაცვალეთ თქვენ. 0-1-ს ვაგებდით მარა ფეხბურთელების ჟინს და შემართებას მოგებისთვის რო ვუყურებთით ალბათ ეჭვი არ შეპარვია არავის რო ამ თამაშში 3 ქულას ავიღებდით, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა. ჩვენ ყველა ერთად, ბალეშჩიკები მწვრთნელები ფეხბურთელები და აბსოლიტურად ყველა ვისთვისაც კი ტორპედო ქუთაისი რამე ღირებულს წარმოადგენს და ოდნავ მაინც გული შეტკივა ამ კლუბზე, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით ერთად გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და შედეგიც არ დააყოვნებს რა საკვირველია. (სპონსორი არ გავაქციოთ რაც მთავარია და სრულად შემოვიყვანოთ ამ დიდ ოჯახში რასაც ქუთაისის ტორპედო ქვია). გუშინდელ მატჩში ერთ კარგ მოვლენას ჰქონდა კიდევ ადგილი, ძველი ნაღდი გულშემატკივრები უბრუნდებიან ტრიბუნებს რომლებსაც მართლა გულით უყვართ ეს გუნდი და რომელთა გარეშეც წარმატება წარმოუდგენელია. ამას ყველა ერთად შევძლებთ, ეს ტორპედოა, ჩვენ ქუთაისელები ვართ, მომავალ ტურში დინამოს მისსავე მოედანზე გავაწბილებთ. ჩვენ ვართ ტორპედო!
Mandela
20 სექტემბერი 2016 12:53
0
სამწუხაროდ ამ თამაშს ვერ დავესწარი და ძალიან კარგია თუ ისე ითამაშეს როგორც მიმოხილვაშია და ქუთათური გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურეს წინ დინამოა ბიჭებო გამარჯვებას გისურვებთ
giga
19 სექტემბერი 2016 14:21
0
ე ბიჯო,გემეიღვიძეთ მასე სიმონ,რავა მიძინებული იყავით,რაია რაი გჭილარიენ? :)

მიაწექით და იქნებ კიდევ მოასწროთ ევროსაგზურის მოპოვება ,რა იცით ყველაფერი ხდენა სიმონდა ეს რა აუხდენელი კია?
სამტრედია ჩემპიონი, ჩიხურა ვიცე, ხოდა ტორპედო ევროსაგზურით, დიიდ იმერული სამეული.
Guadua
19 სექტემბერი 2016 14:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული