დილა-სამტრედია 1:2 - გამცემლიძის სერია და ცეცაძის სცენარი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩის შემდეგ, ერთმა ცნობილმა გორელმა მოჭიდავემ და ფეხბურთის აქტიურმა ქომაგმა, რომელიც "დილას" თამაშებს პრაქტიკულად არ აცდენს, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა - ხედავთ, თანდათან როგორ მოუხდა "სამტრედიას" სტაბილურობა, ხოლო "დილას" ყველაზე მეტად სწორედ არასტაბილურობა აზარალებსო...

ძნელია, არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას. "სამტრედია" კარგადაა შეკრული და მიზნისკენ ჯიქურ მიიწევს, ხოლო "დილას" უამრავი პრობლემა აქვს და ამასთან, საგარეუბნო მატარებელივით მალ-მალე უწევს გაჩერება შემადგენლობის თანდათან შესავსებად. გუნდის დაკომპლექტება ჯერაც არ დასრულებულა. ამ მატჩის ძირითადში პირველად ვიხილეთ კონგოელი რომარიკ ეტუ, წინა ტურში ნიკოლოზ გელაშვილის დებიუტი შედგა, მალე
ნუკრი რევიშვილიც შეუერთდება გუნდს, კიდევ ერთი ლეგიონერის, ბაისადილა არსის დებიუტი კი მომავლისთვის გადაიდო - ამჯერად, ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

კონგოელ დებიუტანტ ეტუს, მართალია, ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ ის მცველია, გუნდს კი, ვფიქრობთ, უფრო შუა ხაზში უჭირდა. კერძოდ, აშკარად აკლდნენ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ნახევარმცველები - ლუკა რაზმაძე და ლევან ნონიკაშვილი.

სტუმართა თავკაცმა ორი საყრდენი ნახევარმცველით ათამაშა "სამტრედია" (4-2-3-1). მასპინძლებს ხაზზე განლაგებული ჰყავდათ ოთხი ნახევარმცველი, ხოლო მათ წინ ალეკო გამცემლიძე და ირაკლი მოდებაძე (4-4-1-1) მოქმედებდნენ. ამ უკანასკნელს ყურადღებას არ აკლებდნენ სტუმარი მცველები და შეძლეს კიდეც მისი განეიტრალება.

უფრო მწვავედ ირჯებოდა სამტრედიელთა თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე. პირველად (მე-18 წუთი) სწორედ ის დაუსხლტა მეურვეს და ბაჩანა არაბულს კარის გასწვრივ გადააწოდა, რომელსაც ცოტა დააკლდა ბურთამდე.

უფრო ადრე გატანა "დილას" მართებდა - კუთხურიდან რატი ცაცკრიალაშვილის მიერ ჩაწოდებულს თემურ ღონღაძემ დაუხვედრა თავი, თუმცა ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს.

შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულობა არ აკლდა, ვერც ფეხბურთელებს დაუწუნებდა ვინმე მონდომებას, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო იყო სიფრთხილე, რასაც ორივე გუნდი იჩენდა. ამასთან "სამტრედია" ხშირად მიმართავდა პრესინგს და გორელებს მოედნის საპირისპირო ნახევარზე გადმოსვლის საშუალებას საკმაოდ ურთულებდა.

მასპინძლები გოლთან ახლოს მე-20 წუთზეც იყვნენ, როცა სამსვლიანი კომბინაციისას ბურთი მოდებაძეს მიუვიდა, მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულს კი მცველი გადაეფარა და მომენტი განმუხტა. შესვენებამდე გამოსარჩევი იყო მეკარესთან თითქმის პირისპირ გასული ლაშა შერგელაშვილის შანსი, რომელიც კარიდან დროულად გამოსულმა მიხეილ მუჯრიშვილმა გააუვნებლა და დავით რაჟამაშვილის მიერ შორიდან დარტყმული, როცა ისევ მუჯრიშვილის ეფექტურმა ნახტომმა იხსნა "დილა".

სტუმრებმა საშუალო და შორი დისტანციიდან მეორე ტაიმშიც რამდენჯერმე სცადეს გოლის "გამოდნობა" და მოგვიანებით მოახერხეს კიდეც, მაგრამ იქამდე, ამავე ხერხით "დილამ" შეძლო გატანა. ისევე, როგორც ბოლო მატჩებში თავი ახლაც გამცემლიძემ გამოიჩინა. ეს 18 წლის ბიჭი საკმაოდ შედეგიანია და ზედიზედ მესამე მატჩია, გოლი გააქვს. ბოლოსწინა საშინაო პაექრობაშიც "სიონთან" სწორედ მისი გოლით მოიგო "დილამ". ოღონდ, ამჯერად, გოლის შემდეგ მატჩი ისეთი სცენარით განვითარდა, სტუმართა თავკაცი გია ცეცაძე რომ ისურვებდა.

შესაძლოა ანგარიშში დაწინაურების მერე ბევრმა კიდეც იფიქრა, რომ მასპინძლები უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ, რადგან "სამტრედია" ძალიან დიდი მონდომებით კი უტევდა, მაგრამ მუჯრიშვილის კართან განსაკუთრებულად საგანგაშო არაფერი ხდებოდა.

აი, მე-80 წუთზე კი იმერელთა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო. არაბულის დარტყმულს, რიკოშეტით რომ წავიდა კარისკენ, გორელმა გოლკიპერმა ვეღარაფერი მოუხერხა - 1:1.

ამ გოლით გატეხილი "დილა" გულმოსულმა მოწინააღმდეგემ მეორედაც დაამწუხრა. მასპინძელთა გულშემატკივრისა და მწვრთნელისგან მიღებული გადაწყვეტილებების გამო ათასჯერ გაკრიტიკებული არბიტრის საფინალო სასტვენამდე ხუთიოდ წუთით ადრე, შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს გიული მანჯგალაძემ მიუჩინა ადგილი მეტოქის კარში - 1:2.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური. წითელი ჯგუფი
17.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-სამტრედია 1:2
გოლები: 1:0 გამცემლიძე (62), 1:1 არაბული (80), 1:2 მანჯგალაძე (86)
დილა: მუჯრიშვილი, სამხარაძე, სალუქვაძე, კვახაძე, ეტუ, ღონღაძე, ცაცკრიალაშვილი (63. მიზრაჰი), წიქარიძე, გავაშელიშვილი, გამცემლიძე (83. გელაშვილი), მოდებაძე.
სათადარიგოები: გულუაშვილი, ლომიძე, ერისთავი, ბაისადილა, ჩახვაშვილი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
სამტრედია: მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, მანჯგალაძე, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (69. ცნობილაძე), არაბული (90. მთივლიშვილი), რაჟამაშვილი (76. ჯიქია), ზივზივაძე.
სათადარიგოები: მეშველიანი, ახალაძე, იმედაშვილი, ნინუა
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: სამხარაძე (20), მჭედლიშვილი (35), კვახაძე (49), წიქარიძე (83), მიგინეიშვილი (90+3)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

მომდევნო ტური
თეთრი ჯგუფი
25 სექტემბერი
ცხინვალი-ჩიხურა
შუქურა-ლოკომოტივი
დინამო (თბ)-ტორპედო
გურია ისვენებს.

წითელი ჯგუფი
24 სექტემბერი
საბურთალო-დინამო (ბთ)

25 სექტემბერი
სამტრედია-ზუგდიდი
კოლხეთი-დილა
სიონი ისვენებს.

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ის არ მითქვამს სამტრედია კარგი გუნდი არაა, პირიქით ძალიან სიმპატიური გუნდია დღეისდგეობით საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, მე ის ვთქვი რომ გორის თამაშებზე მსაჯების მხრიდან ძალიან ბევრი შეცდომებია ხოლმე და ეს კარგ არავის მოუტანს, პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს. ღმერთმა ხელი მოუმართოს სამტრედიას მაგრამ მცირე ფინალში დინამოს რომ შეხვდება დამერწმუნეთ იქ მსაჯების დამარცხებაც დაჭირდება..
dudu-datos
15:15 20-09-2016
0
Mitxarit am etapze samtrediaze uketesi gundi romelia tavis jgupshiii? Msajma tachagrao ro kdzaxit gorioo.. jer erti sajarimos garet moxvda xelze samtrediis pexburtels, penals ro itxovt da meore boris pexburtels tavis sajarimoshi ro moxvda burti xelze is ar iyo penaltii... kargad naxet ganxilvaaa da mere imsjelet.. ararealurs ro wert.. tan im dros moxvda xelze burti goris pexburtels roca samtredia agebda da ar danishna penalti da kide samtredias udgeba msajii...??? Titidan gamowovil ragaceebs nu wert ràa.. samtredia ro jobia gors amaze saubari zedmetia.. minimum 4 goli unda gaetana dacva saertod ar yavs gorsss.. eg ari dabogmili kacis saubari . Msaji da msajii.. tu magari xar ise mouge ro sawuwuno ar gagixdet msajtannn..
dato
13:08 20-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული