600 ათასიდან დარჩა 85 ათასი, ინვესტორი კი წავიდა? ორი ვერსია "ზუგდიდის" ამბებზე

AutoSharing Option
სეზონის დასაწყისში, "ზუგდიდის" აქციათა 51% უკრაინელმა ინვესტორმა გადაიფორმა. კლუბში, რომელიც აქამდე მხოლოდ სახელმწიფოს იმედად იყო, წინსვლის დიდი იმედი გაჩნდა და ამბობდნენ, რომ მალე გუნდი სამეულში მოსახვედრად იბრძოლებდა, თანამედროვე ბაზა აშენდებოდა, საფეხბურთო სკოლას მიხედავდა...

...მაგრამ კლუბი ჯერ უკრაინელების მიერ დანიშნულმა სვიატოსლავ სიროტამ დატოვა (რომელიც ლევან გულორდავამ შეცვალა), ხოლო შემდეგ - ასევე მათ მიერ დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ლიუტიმ (ლევან მიქაძით ჩაანაცვლეს). ბოლოს კი გავრცელდა ცნობა, თითქოს, "ზუგდიდიდან" ინვესტორი წავიდა.

- "ზუგდიდის" ფეხბურთელები სფფ-ს: "სიონთან" სათამაშოდ არ გავალთ, თუ...

ინფორმაცია "ზუგდიდის" მცველმა
ნიკა აფაქიძემ
გაავრცელა, რასაც თან ახლდა სალაღობო GIF-ი წარწერით - "დაძაბული დღის შემდეგ პოზიტივი აუცილებელია! ვის მოსთხოვდა ხელფასებს ჯონ ტრავოლტა, "ზუგდიდის" ფეხბურთელი რომ ყოფილიყო?!"

ფოტო ისეა დამონტაჟებული, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯერ "ზუგდიდის" მხარეს იყურება, მერე უკრაინელი ინვესტორისკენ და თავს აქნევს ნიშნად იმისა, რომ ვერაფერი გაურკვევია.

არსებულ ვითარებას აფაქიძე ბათუმის "დინამოსთან" მატჩამდე რეპლიკით გამოეხმაურა: "საუკუნის საფეხბურთო აფიორა "ზუგდიდში"! უკრაინელ ინვესტორთან ჩვენი მოლაპარაკების შედეგად გაირკვა, რომ კლუბის დაფინანსებას არ აპირებს! ორი თვეა, ხელფასის დავალიანება დაგროვდა! 2 დღეა, რაც გუნდი არ ვარჯიშობს"!

Sportall.Ge

ამის შემდეგ მან სკანდალური წერილი გამოაქვეყნა:

"როგორც "ზუგდიდის" კაპიტანს, მსურს, გუნდის ირგვლივ არსებული ვითარება გაგაცნოთ. დღეს "სკაიპის" მეშვეობით უკრაინელ სპონსორს ველაპარაკე. თავიდანვე გეტყვი, რომ ეს ადამიანი თავს ინვესტორად არ მიიჩნევს! მან მითხრა, რომ სვიატოსლავ სიროტა (ყოფილი დირექტორი) შეხვდა და კლუბით დააინტერესა, რომ მას მხოლოდ თავისი ფეხბურთელებისთვის 50 ათას დოლარს თუ მისცემდა, გუნდს ევროპის ლიგაზე გაიყვანდა და ფინანსურ სარგებელსაც ნახავდა.

ახლა ეს "სპონსორი" აცხადებს, რომ მზადაა, კლუბს თანხა ასესხოს, თუ ეს თანხა გარკვეულ ვადაში დაბრუნდება. ირკვევა, რომ სპონსორსა და ქალაქის მერიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაში არ არის პუნქტი, რომელიც მას ავალდებულებს თანხის ჩარიცხვას და თუ არ ჩარიცხავს, შეთანხმება უქმდება!

დღევანდელი მდგომარეობით, კლუბს აქვს ძირითადი გუნდის 2 თვის, ასევე, 19-წლამდელებისა და თანამშრომელთა დავალიანება! ერთიანი ფონდიდან გარდამავალ ჩემპიონატში ჩვენთვის განკუთვნილი 600 ათასი ლარიდან ანგარიშზე 85 ათასია! დასარიგებელია 4 თვის ხელფასი დეკემბრის ჩათვლით!!!

ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა! მე-7 ტურში გუნდს სეზონში მე-4 მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს! ბათუმის "დინამოსთან" მატჩამდე "ზუგდიდს" ორი დღე არ უვარჯიშია! ამ ყველაფრის ფონზე, გუნდს რეალური შანსი აქვს, უმაღლეს ლიგაში დარჩეს"!

"ზუგდიდის" უკრაინელმა ინვესტორმა სერგეი დოროშენკომ ამ ყველაფერში სვიატოსლავ სიროტა და ქართული მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაადანაშაულა. არც ის დამალა, რომ სიროტას კომბინაცია ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ გაშიფრა და ასეთი რამ თქვა: კლუბის ანგარიშზე 600 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად კი, დავალიანება 450 ათას ლარს შეადგენს და რაში დაიხარჯა თანხა, ამის გარკვევა მსურსო.

"ლელო" გულორდავას დაუკავშირდა:

"სერგეი დოროშენკოს ველაპარაკე და რეალურად, მას არც კლუბი მიუტოვებია და არსად წასვლასაც არ აპირებს, რადგან გუნდში პერსპექტივას ხედავს. მაგრამ ქალაქის მერიასა და უკრაინელს შორის შეთანხმება უნდა შედგეს იმაზე, თუ როგორ მოგვარდეს არსებული ვითარება. უბრალოდ, კლუბის გადაცემის იურიდიული მხარე თავიდან იყო დასაკონკრეტებელი.

Sportall.Ge

გარდა ამისა, ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე, დოროშენკო "ზუგდიდში" დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებას ითხოვდა, მაგრამ კლუბის შეძენა დაჩქარებული წესით მოხდა და ეს საკითხი გადავადდა. ახლა ის აუდიტის თემას ხელახლა აყენებს.

საერთოდ, ინვესტორი კლუბში რომ შედის, უნდა იცოდეს, რას ყიდულობს, რამდენია მისი დავალიანება და აქტივები. მას მერიასთან პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ რამდენიმე პირთან კითხვები გაუჩნდა. დოროშენკოსთან ვახლობლობ, ამავე დროს, "ზუგდიდის" ინტერესი მამოძრავებს და დიდი სურვილი მაქვს, ეს ვითარება სასიკეთოდ მოგვარდეს და გუნდს ეშველოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ბუნებრივი პროცესია - ასეთი შემთხვევები მომავალშიც იქნება, უბრალოდ აფერისტების ხელში მოხვედრილი კლუბები მალევე გავარდებიან უმაღლესიდან და სავარაუდოდ დაიშლებიან კიდეც. საუკეთესო მენეჯმენტის მქონე კლუბები გადარჩებიან. მთავარია, ყველა გუნდი კერძო მესაკუთრის ხელში მოხვდეს და გადარჩევით 2-3 წელიწადში გადაირჩევიან. ეს ერთადერთი სწორი გზაა!
Kote
09:43 02-11-2016
0
მოგვარებაზე საუბრობს ბატონი გულორდავა და როდის მოგვარდება ეს ამბავი? როცა გუნდი გავარდება და დაშლება?ინვესტორი საერთოდ სადაა ან ვის ხედავენ ინვესტორს ცოტა არ იყოს გაუგებარია.არაფერი ჰაუკეთებია იმ ეგრეთწოდებულ ინვესტორს და ეს თუა ინვესტორი და ფულის ჩადება ფეხბურთში რა ვიცი რაა.გუნდი არ ვარჯიშობს,ფეხბურთელები და მწვრთნელები უხელფასოდ მუშაობენ და ესაა ინვესტორი?
გოგა
18:43 01-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული