კოლხეთი-სამტრედია 1:3 - იმერული ფინალი გარანტირებულია!

AutoSharing Option
"სამტრედია" "წითელი ჯგუფის" გამარჯვებულია და საჩემპიონო ფინალში ითამაშებს. გია ცეცაძის გაწვრთნილებმა "თეთრი" შვიდეულის პირველადგილოსან "ჩიხურასთან" ოქროს მედლებისთვის ბრძოლის უფლება ფოთის "კოლხეთთან" გამარჯვებით მოიპოვეს.

"სამტრედია" და "კოლხეთი" ერთმანეთს ქობულეთში, "ჩელე არენაზე" დაუპირისპირდნენ. ფოთელთა საკადრო პრობლემები დისკვალიფიკაცირებული ლიდერების (ვლადიმირ კორობკა, ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე) არყოფნით არ დასრულებულა. ტრავმირებული იყო გიორგი კილასონია, ხოლო შოთა კერძევაძე "სამტრედიიდან" იჯარით დაიმატეს და თავისი კლუბის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ჰქონდა.

კოლხები იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, გელა სანაიამ განაცხადში მხოლოდ 14 ფეხბურთელი შეიყვანა, ძირითადში სადებიუტო მატჩი 17 წლის
ბაჩუკი კოკაიას შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ასევე 17 წლის თამაზ შალიკაშვილი მეორე ტაიმში შეიყვანა და ურიგოდ არც ის გამოიყურებოდა. სამტრედიელებს კი მხოლოდ დისკვალიფიცირებული გია მანჯგალაძე ვერ დაეხმარა.

პირველ ტაიმში მწვავე მომენტები ფოთელებმაც შექმნეს, მაგრამ სტუმრებმა მეტოქე დაჩაგრეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს: სამტრედიელებმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს. შეტევაში მარჯვენა ფლანგიდან ჩართულმა გიორგი მჭედლიშვილმა საჯარიმოში ბუდუ ზივზივაძეს უპასა, რომელსაც ხელი არავინ შეუშალა და ზუსტად დაარტყა - მეკარე გაბი თებიძე ბურთს შესწვდა, მაგრამ ვეღარ მოიგერია - 0:1.

სტუმრებმა მე-40 წუთზე მეორედ გაიხარეს: მოედნის ცენტრში ფოთელთა გადაცემა დაჩი ცნობილაძემ ჩაჭრა და სწრაფად მოძებნა საჯარიმოსკენ დაძრული ზივზივაძე, რომელმაც დუბლი შეასრულა - 0:2. 22 წლის თავდამსხმელმა 10 მატჩში 9 გოლი გაიტანა და უმაღლესი ლიგის ბომბარდირებში დაწინაურდა.

ტაიმის ბოლოს, სამტრედიელთა მორიგი სწრაფი იერიში ბაჩანა არაბულმა საჯარიმოში დავით რაჟამაშვილს გაუგრძელა, რომელმაც ეფექტური მოჭრილი დარტყმით კოლხების კარის "ცხრიანი" შეარხია - 0:3.

დიდი სხვაობის მიუხედავად, ფოთელები მეორე ტაიმში თამამად ათამაშდნენ და პრესტიჟის გოლი გაიტანეს. მათი შეტევის ჩასაშლელად კარიდან მეკარე ომარ მიგინეიშვილი გამოვარდა, მაგრამ ბურთი ხელიდან გაუვარდა - თორნიკე შალიკაშვილმა ბოლომდე იბრძოლა და ჯემალ გოგიაშვილმა წააქცია, რასაც მოჰყვა პენალტი და გურამ ლუკავამ სხვაობა შეამცირა - 1:3.

კოლხებმა მალე კიდევ ერთი 11-მეტრიანი მოიპოვეს, ამჯერად - გიორგი ნიქაბაძის წაქცევისთვის, მაგრამ მიგინეიშვილმა კუთხე გამოიცნო და ლაშა ჯღამაიას დარტყმული მოიგერია, დამატებაზე ნიქაბაძესაც აჯობა და გუნდი გადაარჩინა.

70-ე წუთზე ფოთელებს კიდევ ერთი რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ, როცა პენალტის ნიშნულთან ნიქაბაძე გათავისუფლდა, მაგრამ ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა, ხოლო დამატებაზე შალიკაშვილს მიგინეიშვილმა აუღო.

სამტრედიელები პასიურები იყვნენ და მხოლოდ ორიოდე სახიფათო შეტევა განახორციელეს. შეხვედრის ბოლოს ფოთელთა კარის აღებას დავით ჯიქია შეეცადა და 20-მდე მეტრიდან ძლიერადაც დასცხო, თუმცა თებიძე ბურთს ადგილზე დაუხვდა.

საბოლოოდ, "სამტრედიამ" 3:1 მოიგო, 24 ქულა დააგროვა, "კოლხეთი" 6 ქულით ჩამოიტოვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში "ჩიხურასთან" 2-მატჩიან საჩემპიონო ფინალში ითამაშებს.

თქვენ წარმოიდგინეთ, მარცხის მიუხედავად, გახარებული დარჩა "კოლხეთიც". საქმე ისაა, რომ "დილასა" და "საბურთალოს" შორის დაფიქსირებულმა ფრემ სანაიას გუნდს პრო ლიგა 1-ის ათ საუკეთესო გუნდს შორის ადგილი გაუნაღდა, რაც გარდამავალი ჩემპიონატის დიდი სიურპრიზია.

უმაღლესი ლიგა. XII ტური. წითელი ჯგუფი
05.11. ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-სამტრედია 1:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (25. მჭედლიშვილის პასით), 0:2 ზივზივაძე (40. ცნობილაძის პასით), 0:3 რაჟამაშვილი (43. არაბულის პასით), 1:3 ლუკავა (53-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჯღამაია კოლხეთი, 60. მეკარე)
კოლხეთი: თებიძე, კოკაია, რამალდანოვი, ჩაკვეტაძე, ქებურია, ოზარკივი, ჯღამაია, ჟიშკარიანი, ლუკავა, ლ. კაკულია (46. თ. შალიკაშვილი), ნიქაბაძე.
სათადარიგოები: ძაგანია, გედენიძე, ა. კვარაცხელია
მწვრთნელი: გელა სანაია
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე, რაჟამაშვილი (88. გამყრელიძე), არაბული (64. ჯიქია), ზივზივაძე, ცხადაძე (68. მარკოზაშვილი).
სათადარიგოები: მეშველიანი, იმედაშვილი, მთივლიშვილი, ახალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ცნობილაძე (39), ოზარკივი (45), არაბული (61), გოგიაშვილი (72)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

მომდევნო, XIII ტური
18 ნოემბერი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
გურია-ჩიხურა
ცხინვალი-ტორპედო

19 ნოემბერი
სიონი-დინამო (ბთ)
საბურთალო-ზუგდიდი
სამტრედია-დილა

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7.

სანდრო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯანგო.რაც თავი მახსოვს სულ მაგას გაიძახით სამტრედიელები.5000 კაცზე ნაკლები არ დადის საშინაო თამაშზეო.ტრიბუნები თუ 1540 იტევს.მაშინ დანარჩენი ხალხი მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსებში გყავთ გყავთ გადამალული პარტიზანულათ
უხილავი
13:29 07-11-2016
0
წარმომიდგენია რა ამბავი იქნება სამტრედიაში თუკი საჩემპიონო პლეი ოფის მეორე მატჩი მიღებად ექნება სამტრედიას და თუ ჩემპიონიც გახდება.
ალბათ 10 000 ზე მეტს ექნება მისვლის სურვილი, მაგრამ ტრიბუნები მხოლოდ 1540 იტევენ. სამარცხვინო საქართველოს რკინიგზავ....
Jango
12:34 07-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული