ნუკრი რევიშვილი: "ტორპედოს" აღზრდილი ვარ, მაგრამ დღეს "დინამოა" ჩემი გუნდი

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალი კაპიტანი ჰყავს - 29 წლის მეკარე ნუკრი რევიშვილი, ვინც გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს. დაბრუნებამ გაამართლა - "დინამოში" მისვლასთან და კაპიტნის სამკლავურის მორგებასთან ერთად რევიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც დაუბრუნდა, რომლის ღირსებაც აქამდე 29 მატჩში დაუცავს.

ამას გარდა, მას უთამაშია ქუთაისის "ტორპედოში", "რუბინში", "ანჟიში", "კრასნოდარში", "დილაში", "ვალეტაში", "ტოსნოსა" და "მორდოვიაში".

"ლელო" "დინამოს" ახალ კაპიტანს ესაუბრა...

- რას ნიშნავს თქვენთვის "დინამოს" კაპიტნობა?
- ალბათ, ძალიან ბევრს, ყველაფერს ნიშნავს. ისეთ ფეხბურთელებს უტარებიათ "დინამოს" კაპიტნის სამკლავური, რომ... უდიდ
ესი პატივია ეს ყველა ფეხბურთელისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს სარგებლობა მოვუტანო. ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილი ვარ და ამისთვის დიდი მადლობა ჩემს მშობლიურ კლუბს, მაგრამ დღეს მხოლოდ "დინამოზე" ვფიქრობ. "დინამოა" ჩემი გუნდი. არავინ იცის, ხვალ რა და როგორ იქნება, მაგრამ ასეა დღეს.

არ ვფიქრობ, რომ რადგან ქუთაისურმა ფეხბურთმა აღმზარდა, არ შეიძლება ვიყო "დინამოს" კაპიტანი ან რაღაც ასეთი. თავს არავის ვადარებ, უბრალოდ, ფაქტს გავიხსენებ - რამდენი ქუთაისელი თამაშობდა "დინამოში" 1981 წელს, ჩვენთვის დაუვიწყარი ტრიუმფის დროს, ეს ყველამ კარგად ვიცით.

- ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მხრიდან მართებული ნაბიჯი იყო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება - გარდა იმისა, რომ "დინამოს" კაპიტანი გახდით, საქართველოს ნაკრებსაც დაუბრუნდით...
- გეთანხმებით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება გამართლებული ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან, ნაკრებში დაბრუნებით კი უზომოდ ბედნიერი ვარ. მე ასე ვფიქრობ: უცხოეთის მეორეხარისხოვან გუნდში თამაშს ამბიციურ ქართულ კლუბში ყოფნა ჯობია.

მოგეხსენებათ, ტრავმა მქონდა და ბოლო დროს ამან შემიშალა ხელი. ახლა ყველაფერი კარგადაა და ვეცდები, მაქსიმალურად დავეხმარო კლუბს მიზნების მიღწევაში. მართალია, ჩვენ ვეღარ ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ევროპალიგის საგზური კი აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ.

- რა დაგხვდათ "დინამოში"?
- ძალიან მეგობრული, უშუალო და მხიარული ატმოსფერო. მწვრთნელიც ძალიან კარგია... საგანგებოდ მინდა ვუთხრა მადლობა კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას. მისი დამსახურებაა, "დინამოში" ასეთი სიტუაცია რომაა. მეც ძალიან თბილად მიმიღო.

- ვიაჩესლავ გროზნიზე რას იტყვით?
- ჯერ კიდევ რუსეთიდან ვიცოდი მის შესახებ. ადრე გროზნისთან არ მიმუშავია, თუმცა ვიცი, რომ მისი ხელმძღვანელობით "ტერეკი" ძალიან სიმპათიური გუნდი იყო. აქაც აგრესიულ, შემტევ და შემოქმედებით ფეხბურთს ითხოვს ჩვენგან.

- ისე ჩანს, ფეხბურთელებთანაც უშუალო ურთიერთობა აქვს. ზოგიერთი მწვრთნელი შეგირდს არც კი ელაპარაკება...
- სწორად შეგინიშნავთ, მაგრამ სადაც საჭიროა, იქ მკაცრია. ამ უშუალობის მიუხედავად, ჩვენ შორის დისტანცია არის და ეს ასეც უნდა იყოს.

- "დინამოში" ორი გამოცდილი მეკარე ხართ - თქვენ და გიორგი ლომაია...
- პირდაპირ გეტყვით, გიორგი ძალიან მიყვარს. თავადაც დამეთანხმებით, დიდებული ადამიანია. აქამდე არ გვითამაშია ერთ გუნდში, მაგრამ საქართველოს ნაკრებში არაერთხელ ვყოფილვართ ერთად. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ფეხბურთზე, თერთმეტმეტრიანებზე...

- ვიცით, რომ "დინამოში" რამდენიმე ნიჭიერი მეკარეა...
- მე განსაკუთრებით გამოვარჩევდი დემეტრე ბულესკირიას. სანამ "დინამოში" მოვიდოდი, მის თაობაზე მესაუბრა ჩემი მეგობარი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ზვიად სტურუა. მოვედი "დინამოში" და ჩემი თვალით ვნახე - მას აქვს ყველაფერი, რაც მეკარეს სჭირდება. ჩემი აზრით, დემეტრე ისეთ ფეხბურთს ითამაშებს, რომ ყველას გაგვახარებს.

- საქართველოს ჩემპიონატის სათამაშო დონეზე რას იტყვით?
- რა თქმა უნდა, უკეთესის სურვილს ტოვებს. "დინამოს" ეს არ ეხება, მაგრამ ჩვენი მეგობრები თამაშობენ სხვადასხვა კლუბში და მათგან ვიცით, რა ხდება იქ. ზოგან ელემენტარული ფინანსური პირობებიც კი არ აქვთ. არის ინფრასტრუქტურის პრობლემაც. მაგალითად, ბოლოს ქობულეთში ვითამაშეთ, იქ ხელოვნური საფარია, რომელზეც ვერ ითამაშებ შემოქმედებით ფეხბურთს. გინდა თუ არა, ბრძოლაზე უნდა ააგო თამაში. ვერ მოუმატებ ტემპს, ვერ აკონტროლებ ბურთს ისე, როგორც გსურს...

- როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა ძლიერი ლეგიონერები ქართულ კლუბებს? ბევრს ჰგონია, რომ ეს ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენთვის, თუმცა ამის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია...
- როცა მოვაწესრიგებთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, ამის შემდეგ დიდი შანსია, რომ ჩვენთან გაცილებით კარგი ლეგიონერები ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ქართულ კლუბებს სჭირდებათ კვალიფიციური ლეგიონერები. მე იმედი მაქვს, რომ როცა გვექნება 10-გუნდიანი ჩემპიონატი, ათივე გუნდს ექნება კარგი მინდორი. ამ გზით იარეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა. თითქოს, აზერბაიჯანი არ უნდა გამოდგეს მაგალითად, მაგრამ ევროპალიგის ჯგუფში ორი გუნდი ჰყავთ...

- ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლდოვას დავამარცხებთ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იოლი თამაში არ გვექნება...
- ჩემი აზრით, იმ სამი თამაშის ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც ნაკრებმა ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სულ მცირე, 5 ქულა უნდა გვქონდეს.

მოლდოვასთან მატჩი უნდა მოვიგოთ, მაგრამ გეთანხმებით ბოლომდე - ნამდვილად არ იქნება იოლი მოწინააღმდეგე. მოლდოვა არ არის ანდორა და სან მარინო. ამ გუნდს ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები - ისეთები, წლების განმავლობაში რომ თამაშობენ უცხოურ... მაგალითად, რუსულ კლუბებში. "მორდოვიაში" რომ ვიყავი, ჩემთან ერთად იყო ამ ნაკრების მეკარე ჩებანუ...

მოკლედ, ბრძოლა გველის, მაგრამ საქართველოს ნაკრებს აქვს იმის რესურსი, რომ მოლდოვას მოუგოს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სასიხარულოა ნუკრის დაბრუნება ნაკრებში. ესპანეთთან მიღებული ტრავმის შემდეგ რთული სარეაბილიტაციო პერიოდი ქონდა, თან კლუბი გამოიცვალა. მიუხედავად ამ სირთულეებისა მებრძოლი სულის ადამიანია და შეძლო დაბრუნება ნაკრებში. ჯანმრთელობას და გამარჯვებებს ვუსურვებ საკლუბო კარიერაში და ეროვნულ ნაკრებში.
ლუკა
09 ნოემბერი 2016 05:15
0
ნუკრი მაგარი კაცი ხარ. ნაკრებში თავი არ დაზოგო (არც დაზოგავ ვიცი) და სადაც გინდა იქ ითამაშე. გვაპატიე ნახევარფინალში 3 გოლი და წარმატებები ყველსთან ტორპედოს გარდა.
NUKRI GAFASEBS QUTAISI
08 ნოემბერი 2016 23:31
0
წინ ტორპედო! თასი ჩვენია!
Koba-72
08 ნოემბერი 2016 22:36
0
ნუკრი გაგიმარჯოს თუ დინამოს ასახელებ დინამოსაც გაუმარჯოს
1
08 ნოემბერი 2016 17:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული