"წელს ფონდმა კლუბებს ფულის ხარჯვაში თავისუფლება მისცა, 2017-დან კი ასე აღარ იქნება!"

AutoSharing Option
2016 წლის დასაწყისში საქართველოს მთავარობამ შექმნა ფეხბურთის განვითარების ფონდი და ის დაუქვემდებარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. ფონდის შექმნის მიზნად ქართული ფეხბურთის განვითარება, მისი პოპულარიზაცია და სტაბილური ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა დასახელდა, მის ხელმძღვანელად კი რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი დირექტორი ზაზა დოლიძე დაინიშნა.

როგორც დოლიძემ Sportall.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, წელს კლუბებს თავისუფლება ჰქონდათ, 2017 წლიდან კი მათ ხარჯს განვითარების ფონდი გააკონტროლებს და გადარიცხვისას თავად მიუთითებს, თუ რაში უნდა დაიხარჯოს თანხა.

- ფონდზე მოგვიყევით... დღეს კლუბი ადგენს, რაში დახარჯოს ფული თუ ფონდი?

- იმის
გამო, რომ 2016 წელი გარდამავალ წლად დასახელდა, ხოლო ფონდმა მუშაობა მარტში დაიწყო, გადავწყვიტეთ, კლუბებისთვის წელს თავისუფლება მიგვეცა და არ ჩავრეულიყავით. ანუ ხარჯების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ, მაგრამ რაში და როგორ დაეხარჯათ, ამას თავად წყვეტდნენ.

წელს კლუბებს თავისუფლება მივეცით, მაგრამ 2017 წლიდან ეს ასე აღარ იქნება - ხარჯს გავაკონტროლებთ და თანხის გადარიცხვისას ჩვენვე მივუთითებთ კლუბს, თუ რაში რამდენი უნდა დახარჯოს.

წლის ბოლოს დავდებთ ანალიზს, რაში გამოიყენეს კლუბებმა ფონდიდან მიღებული თანხა - რამდენი წავიდა ხელფასებზე, რამდენი შეკრებებზე და რამდენად შეესაბამებოდა ეს ბაზარზე არსებულ რეალობას.

2017-დან პრო ლიგა 1-ის გუნდებს დაფინანსება ექნებათ მილიონი ლარი. ჩვენგან მიიღებენ რეკომენდაციებს, თუ რა თანხა უნდა მოახმარონ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მათ გადამზადებას... მოვითხოვთ, რომ ეს თანხა არამხოლოდ ფეხბურთელთა ხელფასებში დაიხარჯოს, არამედ ასაკობრივ გუნდებზეც გადანაწილდეს. ასევე აუცილებელია ეკიპირება...

- ფონდის დანიშნულება მხოლოდ თანხის გადანაწილებაა?
- ფონდის დანიშნულებაში კლუბებისთვის ინვესტორის მოძიებაც შედის. გორის "დილას" უკვე ჰყავს ინვესტორი და მას შესაბამისი ვალდებულებებიც ეკისრება - 4 წლის განმავლობაში, გარდა იმ თანხის, რომელსაც ჩვენ მივცემთ, კლუბში კიდევ 3 მილიონი უნდა დახარჯონ.

აქტიურად მიდის მოლაპარაკებები ქუთაისის "ტორპედოზე", რომელსაც მძიმე ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ასევე, ბათუმის "დინამოზე", ფოთის "კოლხეთზე"... რამდენიმე კომპანიას ლანჩხუთის "გურიაც" სურს.

ჩვენ ვართ შუამავალი. კლუბი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მის ბალანსზე არსებულ ქონებას ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს. შესაბამისად, სპორტის სამინისტროს გავლით ხდება საინვესტიციო პროგრამის მომზადება, რომელსაც შემდგომ მთავრობა ნახულობს და მოწონების შემთხვევაში გუნდის გადაბარებაზე ცალკე მიდის საუბარი, ინფრასტრუქტურაზე - ცალკე.

ჩვენი მიზანია, საინვესტიციო პირობით კლუბში ინვესტორის მხრიდან ის თანხა გავაორმაგოთ, რომელსაც ფონდი მისცემს.

- გავიგეთ, რომ რამდენიმე კლუბს სტიმულირების თანხა უკვე ჩაერიცხა, თუმცა არა ყველას. რატომ?
- სტიმულირების თანხა უკვე სამ გუნდს ჩაერიცხა - "საბურთალოს", "ლოკომოტივს" და ბათუმის "დინამოს".

კონტრაქტის მიხედვით, 2016 წლის პირველ ნახევარში, ანუ იანვრიდან ივლისის ჩათვლით, კლუბი განხორციელებული ინვესტიციის, მოზიდული ინვესტორის ან გაყიდული ფეხბურთელის შესაბამისად, გარკვეულ თანხას მიიღებდა. ჯამური ლიმიტი უმაღლესი ლიგის კლუბებზე 400 000 ლარს შეადგენს, პირველი ლიგის - 50 000-ს.

2016 წლის პირველ ნახევარში ფინანსური აქტივობა მხოლოდ 6 გუნდს ჰქონდა - თბილისის "დინამოს", საჩხერის "ჩიხურას", "საბურთალოს", თბილისის "ლოკომოტივს", ბათუმის "დინამოსა" და "გაგრას". სტიმულირების ჯამური თანხა 1 900 000 ლარს შეადგენს. ხსენებულმა სამმა გუნდმა ოქტომბერში წარმოადგინა წლის პირველ ნახევარში განხორციელებული ფინანსური აქტივობების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია, ამიტომ მათ უკვე ჩაერიცხათ თანხა. დანარჩენები კი, რომლებმაც დოკუმენტაცია მოგვიანებით წარმოადგინეს, წლის ბოლომდე მიიღებენ ამ თანხას.

ზოგიერთ გუნდს თანხა წინასწარ მივეცით, რადგან მძიმე ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს", გორის "დილას"... ამ გუნდებს წელს თანხა აღარ ჩაერიცხებათ.

- ამბობდით, კლუბებს თანხებს 200 000-ლარიანი ავტობუსის საყიდლად არ ვაძლევთო...
- კი. კლუბებს პრიორიტეტები უნდა გააჩნდეთ. მაგალითად, ავტობუსის შეძენა არის მე-20 პრიორიტეტი. სანამ ავტობუსზე საუბარს დავიწყებდეთ, კლუბში აწყობილი სისტემა უნდა იყოს - ბავშვთა აკადემია, მწვრთნელები, სამედიცინო მომსახურება...

თუ ეს ყველაფერი აქვს კლუბს, კი ბატონო, შეიძინოს ავტობუსი, მაგრამ თუ არ აქვს და 200 000-ს გვთხოვს ავტობუსის შესაძენად, არ მივცემთ - ქართულ ფეხბურთს სამაგისოდ ჯერ არ აქვს საქმე.

- კლუბებში დაახლოებით რამდენი პერსონალი მუშაობს?

- არიან კლუბები, სადაც 40 და 50 კაცი მუშაობს, თუმცა 2017 წლიდან ეს ასე არ იქნება - ლიცენზირების მიხედვით, კლუბებში მომსახურე პერსონალის მხრივ დაწესდება ლიმიტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფონდი არის კერძო გუნდებისთვის,საბურთალოსთვის,ლოკომოტივისთვის და დინამოსტვის.ანუ მუნიცაპალიტეტბიდან აკრებილი თანხა ეზლევა კერძო პირებს,მათ გუნდებს.ხოლო სახელმწიფო გუნდები,დინამო ბათუმი ტორპედო სიონი და სვები დაზარალდნენ რადგან მათ უფრო ცოტა თანხა გამოეყოფად.ვის უნდა ეყოს მილიონი თან მარტო ხელფასი რომ ახსენეთ იკ,კვებნაა,მედიკამენტებია,მივლინებებია,შეკრებაა,ტრანსპორტის ხარჯებია,ათასი რამ,ამიტომ შესაცვლელია პროგრამა.კერძო გუნდიგუნდი რომელიც სტიმულირებას თებულობს და ევროპის საკლუბოზე ვერ გადის,იმაზე მეტი ფული აკვს ვიდრე სახელმციფო გუნდს.რა ქნას სახელმწიფო გუნდმა მეტი ტანხა რომ ჭირდება ფუნდის გასაძლიერებლად,იმ ფეხბურთელების შესანარჩუნებლად რომლითაც ევრო ტურნირებზე გავიდა?ანუ ეხლა კერძო რომაგს ღებულობს და სახელმწიფო კლუბი დაზარალებულია,მაგრამ ის კერძოც სახელმწიფოს ხარჯზე ღებულობს სტიმულირებას..დასაბალანსებელია..ასე დედა ეტირა გუნდებს..უბრალოდ არ ვსაუბრობთ ხმამაღლა ესაა სიმართლეეეე.
kaxa
17:25 30-11-2016
0
ფეხბურთის სულელური დაფინანსება. გაფლანგული 250 მილიონი და შედეგი 0.
Davit
16:33 30-11-2016
0

სიახლეები პოპულარული