საქართველოს XXVIII ჩემპიონატის ლაურეატები და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოში საფეხბურთო წელიწადი დასრულდა. ჩემპიონიც გამოვლინდა, პრიზიორებიც ცნობილია და ის გუნდებიც, მომავალ სეზონს რანგით ქვედა ლიგაში რომ დაიწყებენ. რაც მთავარია, გარდამავალი ჩემპიონატი საინტერესოდ წარიმართა და იმედს ვიტოვებთ, მომავალ სეზონში კიდევ უფრო საინტრიგო ჩემპიონატი იქნება. თანაც, იმის გარდა, რომ 10-გუნდიანი პირველობა უნდა იყოს, მთავარი (და დამაიმედებელი) სიახლე მაინც საპრიზო ფონდი იქნება: ყველა მატჩსა თუ ყველა ქულას ხომ არცთუ მცირე თანხა მოჰყვება...

2017 წელი სხვა სიახლეებსაც გვპირდება: სეზონი მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება, ანუ გადავდივართ "გაზაფხული-შემოდგომის" ფორმატზე. მანამდე კი, ისევ გარდამავალ ჩემპიონატს
უნდა დავუბრუნდეთ და ლაურეატებიც გამოვარჩიოთ.

ჩვენი გაზეთი არ ღალატობს ტრადიციას და სხვადასხვა ამპლუაში საუკეთესოებს წარმოგიდგენთ. აი, ისინიც, გარდამავალი ჩემპიონატის რჩეულნი "ლელოს" ვერსიით...

საუკეთესო მეკარე: ნუკრი რევიშვილი
ნომინანტები:
1. ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ)
2. ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია)
3. დინო ჰამზიჩი (ჩიხურა)

გარდამავალ ჩემპიონატში თითქმის ყველა გუნდს ერთმანეთზე უკეთესი მეკარეები ჰყავდა (ქართველებიც და ლეგიონერებიც), თუმცა არჩევანი თბილისის "დინამოს" 29 წლის მეკარეზე, ნუკრი რევიშვილზე შევაჩერეთ. საქართველოს ნაკრების მეკარე ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში სეზონის მსვლელობისას ჩაირიცხა და შვიდ ჩატარებულ მატჩში (პლეი ოფების ჩათვლით) მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

ისე, არავინ იცის, თუ რა შედეგს მიაღწევდა თბილისის "დინამო", ნუკრი რევიშვილი უფრო ადრე რომ მისულიყო ამ გუნდში. უმაღლეს ლიგაში ის პირველად 12 წლის წინათ გამოჩნდა, თუმცა 17 წლის ნიჭიერი მეკარე საქართველოს ჩემპიონატში დიდხანს არ გაჩერებულა და სულ მალე კარიერა რუსეთში გააგრძელა.

საქართველოში კი პირველად 2013 წლის ზაფხულში დაბრუნდა, როცა "დილას" შემადგენლობაში ერთმანეთზე შთამბეჭდავი ოთხი "მშრალი" მატჩი ჩაატარა ევროპალიგაზე დანიური "ოლბორგისა" და ხორვატიული "ჰაიდუკის" წინააღმდეგ...

საუკეთესო მცველი: დავით კვირკველია
ნომინანტები:
1. დავით კვირკველია (დინამო ბთ)
2. ნიკა სანდოხაძე (სამტრედია)
3. გიორგი ქიმაძე (ტორპედო)
მშვენიერი სეზონი ჩაატარეს "ტორპედოს" ფლანგის მცველებმა გიორგი ქიმაძემ და ვაჟა ტაბატაძემ, ისე, როგორც "სამტრედიის" 22 წლის ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ. თუმცა არანაკლებ დამაჯერებელი გახლდათ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი, 36 წლის დავით კვირკველია.

ბათუმის "დინამოს" ვეტერანი ახალწვეული, წინა სეზონის მსგავსად ("დილაში" ასპარეზობისას), ამჯერადაც ცენტრალურ მცველად მოგვევლინა და დავით კვირკველიას გამოცდილებამ და ოსტატობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბათუმის "დინამოს" წარმატებაში.

არადა, საქართველოშიც (თბილისის "დინამოში") და რუსეთშიც (ყაზანის "რუბინში") რომ ტიტულებს იგებდა, თითქმის უმრავლეს შემთხვევაში მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა. ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც თერთმეტი წელიწადი გამოდიოდა.

საუკეთესო ნახევარმცველი: საბა ლობჟანიძე
ნომინანტები:
1. საბა ლობჟანიძე (ჩიხურა)
2. თეიმურაზ შონია (დინამო ბთ)
3. გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია)

როგორც ჩემპიონი გუნდის კაპიტანს ეკადრება, ისეთი სეზონი ჩაატარა 31 წლის გიორგი დათუნაიშვილმა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა ამჯერად "სამტრედიის" შეუცვლელი ფეხბურთელის რანგში იზეიმა (2009 წელს იგივე "სტატუსი" ჰქონდა "ვიტ ჯორჯიაში").

ასევე გამორჩეული გახლდათ გარდამავალ ჩემპიონატში (პლეი ოფების ჩათვლით) კიდევ ერთი კაპიტანი: ბათუმის "დინამოს" 26 წლის ლიდერმა თეიმურაზ შონიამ ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის წარმატებაში.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თეიმურაზ შონიამ შედეგიანობის საკუთარი რეკორდი დაამყარა - აქამდე 7 გოლი არასდროს ჰქონდა გატანილი; სხვათა შორის, გარდამავალი ჩემპიონატის სტარტზე, შონიას, ფაქტობრივად, ყველა ტურში გაჰქონდა გოლები...

გარდამავალი ჩემპიონატის ორი მართლაც გამორჩეული "საყრდენის" გარდა, კიდევ იყო ერთი ნახევარმცველი (ოღონდ გამოკვეთილად შემტევი სტილის), რომელიც, ჩვენი აზრით, საუკეთესო გახლდათ ამ ამპლუის ფეხბურთელებს შორის!

22 წლის საბა ლობჟანიძე თბილისის "დინამოს" ძირითადში კახა გოგიჩაიშვილმა დააწინაურა, მერე გია გეგუჩაძეც ათამაშებდა, მაგრამ, აი, სლოვაკი სპეციალისტის, იურაი იარაბეკის "საფეხბურთო გემოვნებას", ეტყობა, ვერ აკმაყოფილებდა და ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველიც (გარემარბი) გარდამავალი ჩემპიონატის დაწყების წინ იჯარით "ჩიხურაში" გადავიდა.

საჩხერელთა გუნდში კი ლობჟანიძემ სრული ნდობა მიიღო "ჩიხურას" გამოცდილი თავკაცის, სოსო ფრუიძისგან და ეს ნდობა მართლაც გამორჩეული ასპარეზობით გაამართლა! საბა ლობჟანიძე დროის უმოკლეს პერიოდში გახდა "ჩიხურას" ერთ-ერთი ლიდერი და ეგ კი არა, სეზონის ბოლომდე აცხადებდა პრეტენზიას როგორც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობაზე, ასევე... ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზე!..

საუკეთესო თავდამსხმელი: ბუდუ ზივზივაძე
ნომინანტები:
1. ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია)
2. ბაჩანა არაბული (სამტრედია)
3. ჯაბა დვალი (ცხინვალი)
...საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ჯაბა დვალმა ("ცხინვალი") გარკვეული პაუზის მერე კვლავაც გამოავლინა საკუთარი გოლეადორული თვისებები; სასიხარულოა, რომ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით "დაგვიბრუნდა", უდავოდ, ნიჭიერი შემტევი, 22 წლის ბაჩანა არაბული ("სამტრედია").

თანაც, გარდამავალი ჩემპიონატის კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის მსგავსად, ამ სეზონის დაწყების წინ ბაჩანა არაბულიც "დაწუნებულთა სიაში" აღმოჩნდა და თბილისის "დინამოდან" იჯარით გაუშვეს...

2015/16 წლების ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "სეზონის აღმოჩენად" ჩვენმა გაზეთმა "სამტრედიის" ახალგაზრდა ცენტრფორვარდი ბუდუ ზივზივაძე დაასახელა. იმასაც შეგახსენებთ, რომ იმ სეზონში ბუდუ ზივზივაძე საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გავიდა (16 გოლი), ხოლო "სამტრედიასთან" ერთად ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

და აი, აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯიც: როგორც "სამტრედია" გახდა აბსოლუტურად დამსახურებულად საქართველოს ჩემპიონი, ასევე დამსახურებულად გახდა კიდეც ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც!

საუკეთესო ახალგაზრდა (U21) ფეხბურთელი: ოთარ კიტეიშვილი
ნომინანტები:
1. ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ)
2. გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო)
3. ირაკლი კომახიძე (შუქურა)
საქართველოს ჩემპიონატის 27-წლიან ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოხდა, თბილისის "დინამო" უმედლოდ რომ დარჩა. თუმცა, ამ წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი სწორედ "დინამოდან" ამოვარჩიეთ - 20 წლის ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთი იშვიათთაგანი გახლდათ თანაგუნდელთა შორის, რომელიც ყველა მატჩში მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერ იურაი იარაბეკი, მერე კი ვიაჩესლავ გროზნი, თითქმის ყველა მატჩში წამდაუწუმ უცვლიდნენ ამპლუას ოთარ კიტეიშვილს; თუმცა, რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილის და ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშზე პოზიციების ხშირი ცვლა უარყოფითად არ ასახულა.

მოედნის ჩინებული ხედვა, პასის "კულტურა", ეფექტური დრიბლინგი, - ყველა ამ კომპონენტში ოთარ კიტეიშვილს არაფერი დაეწუნება და არც ის ფაქტი მიგვაჩნია შემთხვევით მოვლენად, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თავის გუნდის კაპიტნად სწორედ ოთარ კიტეიშვილი რომ დანიშნა.

სხვა ნომინანტებიც უნდა აღვნიშნოთ: წინა სეზონის მსგავსად, კვლავაც თავის გუნდის ლიდერად მოგვევლინა 20 წლის გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო"); ასევე გამორჩეულად გვინდა აღვნიშნოთ "შუქურას" 19 წლის ნიჭიერი მარცხენა მცველი ირაკლი კომახიძე...

საუკეთესო ფეხბურთელი: ბუდუ ზივზივაძე
ნომინანტები:
1. ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია)
2. საბა ლობჟანიძე (ჩიხურა)
3. თეიმურაზ შონია (დინამო ბთ)
საერთოდ, ნებისმიერ გამოკითხვას აზრთა სხვადასხვაობა ახლავს ხოლმე და იმასაც "შეგუებულნი" ვართ, რომ "ლელოს" ვერსიით გარდამავალი ჩემპიონატის ლაურეატთა დასახელებასაც მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა.

თუმცა, მაინც გვგონია, რომ დღევანდელ ნომინანტთა შორის, სულ მცირე, ორი ისეთი ლაურეატია, რომელთა აღიარებაც საკამათო თემა არავისთვის უნდა იყოს! ერთი ასეთი ნომინაცია "საუკეთესო მწვრთნელია", მეორე კი - "საუკეთესო ფეხბურთელი"!

ანუ, როგორც გია ცეცაძის საუკეთესოობა არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ასეთივე სიტუაციაა ბუდუ ზივზივაძის შემთხვევაშიც - "სამტრედიის" 22 წლის ცენტრფორვარდი გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, სეზონის საუკეთესო თავდამსხმელადაც დავასახელეთ და, "ლელოს" ვერსიით, სწორედ ის გახლავთ კიდეც გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი!..

Sportall.Ge

საუკეთესო მწვრთნელი: გია ცეცაძე
ნომინანტები:
1. გია ცეცაძე (სამტრედია)
2. სოსო ფრუიძე (ჩიხურა)
3. კახა ჩხეტიანი (ტორპედო)

წინა სეზონის (2015/16 წლების) დასრულების შემდეგ, როცა "ლელომ" სეზონის ლაურეატები დაასახელა, ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად "სამტრედიის" თავკაცი გია ცეცაძე მივიჩნიეთ! არადა, იმასაც შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგაში ოთხწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა გია ცეცაძემ "სამტრედიას" მეორე ადგილი დააკავებინა ჩემპიონატში.

ეს იყო "სამტრედიის" ისტორიაში მეორე შემთხვევა, როცა გუნდმა ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო, თანაც, 21-წლიანი პაუზის მერე! თუმცა, არც გია ცეცაძე და არც "სამტრედია" ამით არ დაკმაყოფილდნენ და უფრო დიდ წარმატებასაც მიაღწიეს: ეს გუნდი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი, თანაც, აბსოლუტურად დამსახურებულად.

შედეგი კი არის მთავარი, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ გია ცეცაძის დამოძღვრილი "სამტრედია" უჩვენებდა.

ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა გუნდმა "ჩიხურამ" ეს ჩემპიონატიც პირველ ხუთეულში დაასრულა; ეგ კი არა, საჩხერელთა გუნდმა თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა მედლები და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სწორედ "ჩიხურა" მიიჩნეოდა "სამტრედიის" უმთავრეს კონკურენტად საჩემპიონო დავაში.

ეს ყველაფერი კი, რაღა თქმა უნდა, "ჩიხურას" მართლაც "მარადიული" და უცვლელი თავკაცის, სოსო ფრუიძის უდიდესი დამსახურებაა, რომელიც უკვე მეცხრე წელიწადია "გადაბმულად" მოღვაწეობს საჩხერელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად.

59 წლის სოსო ფრუიძე გამოცდილი სპეციალისტია, თუმცა, გარდამავალ ჩემპიონატში რამდენიმე ახალგაზრდა სპეციალისტმაც დაგვამახსოვრა თავი: ლევან ხომერიკმა (ბათუმის "დინამო"), გელა სანაიამ ("კოლხეთი"). და, რაღა თქმა უნდა, კახა ჩხეტიანმაც, რომლის ხელმძღვანელობითაც "ტორპედომ" სრულიად დამსახურებულად მოიპოვა საქართველოს თასი. თანაც, ეს იყო ქუთათურთა საყვარელი გუნდის პირველი ტიტული 2002 წლის შემდეგ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ ჩემპიონატია ყველა ტამაშიდან გამომდინარე უნდა აიღოთ ვინ უფრო მაგარი იყო დინო თუ რევიშ...ცალსაააა დინო ჯობდა ყველას რამდენჯერ იყო ტურის სიმბოლურში ეგეც გამოაქვეყნეთ
jkkhjkh
16:54 20-12-2016
0
თუკი ეს არის ნაკრები ეროვნული წარმოშვების ფეხბურთელებიდან, კარგი ნაკრებია, ის რომ ჰამზიჩი რევილშვილსაც სჯობს და მეგენეიშვილსაც ეს უდავოა.
აი ეს ნაკრები რომ ათამაშოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან, მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით მოიგებს ეს ნაკრები.
ძალიან დაბალანსებულია და ფეხბურთელებიც ისეთია ვინც ერთმანეთს ადვილად გაუგებენ, ეგაა რომ კვირკველია ვერ ჯდება ამ ფორმატში ბოლომდის :) მაგრამ გაუძლებს მაგასაც კამანდა ;)

მოკლედ ასე თუი ისე ვითხოვ კატეგორიულად რომ ამ ნაკრებს შეახვედროთ საქართველოს ნაკრები უზბეკეთთან მატჩამდე 4 დღით ადრე. და მატჩი ჩატარდეს დინამო არენაზე.

კობიაშვილი, მუჯირი,იაშვილი... თუ ეს არ ჰქნათ.
Jango
16:45 20-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული