საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

AutoSharing Option
ფოტოზე: ანატოლი ტიმოფეევი, აზამატ ჯიოევი, ელვინ ტერა
გარდამავალი ჩემპიონატის აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვებულის, "სამტრედიის" ტრიუმფზე უკვე ვისაუბრეთ, "ლელოს" გუშინდელ ნომერში ჩვენი გაზეთის ვერსიით სხვადასხვა ამპლუაში საუკეთესოებიც დავასახელეთ, ანუ, ფაქტობრივად, თითქმის მთლიანად ამოვწურეთ შემჭიდროებულვადიანი ჩემპიონატის თემა - თითქმის და არა სრულად...

- საქართველოს XXVIII ჩემპიონატის ლაურეატები და სიმბოლური ნაკრები

ათს ნამდვილად არ გადააჭარბებს...
დღეს გვინდა, რომ ახლახან დასრულებულ გარდამავალ ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერებზე ვისაუბროთ. მით უფრო, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი დამყარდა: ამ აშკარად მოკლევადიან გათამაშებაში 50 უცხოელი ფეხბურთელი ვიხილეთ! ოღონდ წინდაწინვე უნდა
ვთქვათ, რომ ამ ლეგიონერთა, ფაქტობრივად, აბსოლუტური უმრავლესობა ვერაფრით აღემატებოდა აქაურ ფეხბურთელებს.

ეგ კი არა, ზოგიერთმა უცხოელმა ფეხბურთელმა მთელი სეზონი... სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ზოგი მათგანის "ოსტატობის" დადგენას სულ რაღაც ორი-სამი მატჩი დასჭირდა, ზოგისთვის კი ქართული საკლუბო კარიერა 1 (ერთი!) მატჩით დასრულდა.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ნამეტნავად დიდ მოულოდნელობად არავინ უნდა აღიქვას: უკვე მერამდენე წელიწადია, აქ ჩამოსულ ლეგიონერთა კვალიფიკაციაზე ვლაპარაკობთ და მართლაც მწარე რეალობას ამჯერადაც ვერ ავცდით: რაც დრო გადის, უფრო და უფრო მცირდება თუნდაც საშუალო დონის უცხოელ ფეხბურთელთა რაოდენობა.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უკვე სანატრელი გაგვიხდა ისეთი დონის უცხოელი ფეხბურთელების ხილვა ჩვენს ჩემპიონატში, რომელთა გვერდითაც ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეები კლასს აიმაღლებდნენ. ჰო, ძალიან პრობლემური თემაა და როგორ გგონიათ, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში იყო ლეგიონერთა "ხარისხის" პრობლემა?

თითქმის ანალოგიური კი არა, უფრო უარესი სიტუაცია იყო პირველ ლიგაში, სადაც მოასპარეზე უცხოელ ფეხბურთელთა ძალიან დიდ ნაწილს იშვიათად უწევდა თამაში; ეგ კი არა, ორი-სამი ისეთი გუნდიც გვყავდა პირველ ლიგაში, სადაც უცხოელმა ფეხბურთელებმა მთელი გარდამავალი ჩემპიონატი... სათადარიგოთა სკამზე გაატარეს...

თუმცა, ისევ უმაღლეს ლიგას დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გარდამავალ ჩემპიონატში მოასპარეზე უცხოელი ლეგიონერები; ისე, ძალიან საინტერესოა, ამ 50 ლეგიონერიდან რამდენს ვიხილავთ მომავალ სეზონშიც ჩვენს ჩემპიონატში? ჩვენი აზრით, ეს რიცხვი ათს ნამდვილად არ გადააჭარბებს.

გეოგრაფიაც იზრდება
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რამდენიმე მართლაც გამორჩეულ უცხოელ ფეხბურთელს უასპარეზია და ამიტომაც გვიჩნდება სურვილი, რომ კვლავაც ვიხილოთ ანდერსონ აკინოს, ჩისკოს, ნედ ზელიჩის, ვიეირას, ფრაგას, პოლ კესანის, დიდიე ოვონოს, კარლოსის, ზაურ ხაპოვის, რობერტას ფრიდრიკასისა თუ ვირგილიუს ბალტუშნიკასის დონის ლეგიონერები.

სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლიდან-წლამდე აქ ჩამოსულ უცხოელ ფეხბურთელთა უმრავლესობის კვალიფიკაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს; თანაც, ამ ყველაფერს ლეგიონერთა გეოგრაფიის გაფართოებაც ვერ შველის.

გარდამავალ ჩემპიონატში (ვაზუსტებთ: უმაღლეს ლიგაში) მოასპარეზე 50 ლეგიონერი 22 ქვეყნის წარმომადგენელი გახლდათ. აბსოლუტური ლიდერი უკრაინა იყო, რომლის 14 წარმომადგენელიც გამოდიოდა უმაღლეს ლიგაში.

აი, დანარჩენი ქვეყნების "მონაგარი" კი ასეთია: ბრაზილია - 6, ესპანეთი - 5, რუსეთი - 4, საფრანგეთი - 2, კონგო - 2, ნიგერია - 2, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ლიტვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ბულგარეთი, ბოსნია, ჰოლანდია, ბურკინა ფასო, მარტინიკა, სიერა ლეონე, ნიგერი, გვინეა, კენია - ყველა თითო წარმომადგენლით.

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც შთამბეჭდავი გეოგრაფიაა, მაგრამ მხოლოდ გეოგრაფიული მრავალფეროვნება საქმეს რომ შველოდეს...

...და უცხოელ მწვრთნელთა რიცხვიც!
გარდამავალი ჩემპიონატი აშკარად შემჭიდროვებული გრაფიკით მიმდინარეობდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ლეგიონერებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი რეკორდი დამყარებულიყო! ამ შემთხვევაში კი ლეგიონერ მწვრთნელებს ვგულისხმობთ...

საქართველოს ჩემპიონატების 27-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ერთი ჩემპიონატის განმავლობაში ჩვენთან ექვსმა უცხოელმა სპეციალისტმა იმუშავა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ექვსიდან ეს მოკლევადიანი გარდამავალი ჩემპიონატი სრულად... არც ერთს არ ჩაუტარებია.

...გარდამავალი ჩემპიონატი სამმა უცხოელმა სპეციალისტმა დაიწყო: ესპანელმა პაბლო ფრანკო მარტინმა ("საბურთალო"), ასევე ესპანელმა ჟერარდ სარაგოსამ ("ლოკომოტივი") და სლოვაკმა იურაი იარაბეკმა (თბილისის "დინამო").

მარტინი VIII ტურის მერე დაემშვიდობა "საბურთალოსაც" და საერთოდ, საქართველოსაც. ისე, არ ჩანდა ურიგო სპეციალისტი - კაცს, ბოლოს და ბოლოს, ესპანური პრიმერა დივიზიონის გუნდი გაუწვრთნია...

ზეემოციური სარაგოსასა და "ლოკომოტივის" გზები X ტურის მერე გაიყარა.

აი, თბილისის "დინამოში" კი VI ტურის მერე მიხვდნენ, რომ იარაბეკის ხელმძღვანელობით ჩვენ ყველაზე ტიტულიან გუნდს წარმატებები არ უნდა ჰქონოდა.

თუმცა, ამის პარალელურად, დროდადრო შევსება-ჩანაცვლების პროცესიც მიმდინარეობდა: II ტურის მერე "ზუგდიდის" გაძღოლა უკრაინელ ვლადიმირ ლიუტის ანდეს, III ტურის მერე კი ასევე უკრაინელი სპეციალისტი გამოჩნდა "გურიაშიც" - ოლეგ ლეშჩინსკი.

თუმცა, არც ერთ მათგანს არ მიუღწევია სეზონის ფინიშამდე: 1988 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, ვლადიმირ ლიუტის VIII ტურის მერე მოუხდა "ზუგდიდიდან" წასვლა; ოლეგ ლეშჩინსკიმ "გურია" მაშინ მიატოვა, როცა ლანჩხუთელებს უმაღლეს ლიგაში დასარჩენი პლეი ოფის მატჩები ელოდათ გორის "დილასთან".

ანუ, საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ გარდამავალი ჩემპიონატი (პლეი ოფების ჩათვლით) მხოლოდ ერთმა უცხოელმა მწვრთნელმა ჩაამთავრა, ისიც, სეზონის შუაგულში მოსულმა, უკრაინელმა ვიაჩესლავ გროზნიმ...

ძალიან დიდი ალბათობით, გროზნის მომავალ სეზონშიც ვიხილავთ საქართველოს ჩემპიონატში. აი, უმაღლესი ლიგის (უფრო ზუსტად, ლიგა პრო 1-ის) დანარჩენ ცხრა გუნდში, რა და როგორ იქნება, ამაზე თავს ვერ დავდებთ. თუმცა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ამ 9 გუნდიდან, სავარაუდოდ, ერთი-ორგან თუ მოიწვიონ უცხოელი მწვრთნელი. ოღონდ საკითხავი ის არის, რამდენად კვალიფიციურნი იქნებიან ის უცხოელი მწვრთნელები და რამდენად უკეთეს შედეგს უჩვენებენ, ვიდრე მათი ქართველი კოლეგები.

არადა, ამ გარდამავალი ჩემპიონატის ყველა პრიზიორსაც ქართველი მწვრთნელი მოძღვრავდა (შესაბამისად, გია ცეცაძე, სოსო ფრუიძე, ლევან ხომერიკი) და თასის ფინალში გასულ გუნდებსაც (კახა ჩხეტიანი, გიორგი მიქაძე). აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ გარდამავალ ჩემპიონატში (უმაღლეს ლიგაში) მოასპარეზე 14 გუნდიდან მხოლოდ ორი გუნდი იყო, სადაც არც ერთი ლეგიონერი (მწვრთნელი თუ ფეხბურთელი) არ ყოფილა: ჩემპიონი "სამტრედია" და კახა კაჭარავას დამოძღვრილი "ცხინვალი".

მეკარეების დომინირება
ზემოთ 50 ლეგიონერი რომ ვახსენეთ, ყველა როდი იმსახურებდა "ქარ-ცეცხლში" გატარებას! ანუ ამ გარდამავალ ჩემპიონატში რამდენიმე ისეთი უცხოელი ფეხბურთელიც იყო, ოსტატობა ნამდვილად რომ არ დაეწუნებოდა. აი, თუნდაც "საბურთალოს" ახალგაზრდა ლეგიონერები, საყრდენი ნახევარმცველი ელვინ ტერა (კენია) და სწრაფი გარემარბი ვაგნერ გონსალესი (საფრანგეთი).

წარუმატებელი სეზონი ჰქონდა "გურიას", მაგრამ ლანჩხუთელთა გუნდის უკრაინელ შემტევ ნახევარმცველზე, ევგენი მოროზენკოზე აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვით; ისე,  როგორც "კოლხეთის" უკრაინელ შემტევ ვლადიმირ კორობკაზე. ასევე გამორჩეულნი გახლდნენ "კოლხეთის" კიდევ ერთი ლეგიონერი, ცენტრალური მცველი რასიმ რამალდანოვი (აზერბაიჯანი) და, განსაკუთრებით, "შუქურას" შემტევი ნახევარმცველი ჯეფინიო (ბრაზილია); თუმცა, ეს რიცხვი რომ აშკარად არასაკმარისია საქართველოს ჩემპიონატისათვის, ალბათ, საკამათო არავისთვის უნდა იყოს.

სამაგიეროდ, გარდამავალ ჩემპიონატში მოასპარეზე თითქმის ყველა უცხოელი მეკარე მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა. სხვათა შორის, უმაღლესი ლიგის 14 გუნდიდან ექვს გუნდს ჰყავდა უცხოელი მეკარე. ეგ კი არა, "სიონში" სეზონის დასაწყისში ორივე მეკარე უცხოელი გახლდათ: სოსლან ნანიევი (რუსეთი) და ალეკსანდრ ილიუშჩენკოვი (უკრაინა), თუმცა, მერე ორივეს წასვლა მოუწია.

..."ჩიხურას" ბოსნიელმა მეკარემ დინო ჰამზიჩმა უკვე მეორე სეზონი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში და ამჯერადაც მშვენივრად გამოიყურებოდა, ისე, როგორც ბათუმის "დინამოს" უკრაინელი მეკარე ანატოლი ტიმოფეევი, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის 12-ვე და პლეი ოფის სამივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი "ზუგდიდმა" გაუშვა, ამ გუნდის, უდავოდ, საუკეთესო ფეხბურთელი... უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო გახლდათ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით თბილისის "დინამოს" უცხოელ მეკარეზე, ანტუან სკრიბეზე (საფრანგეთი).

დაბოლოს, დღესდღეობით საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ყველაზე "სტაჟიან" ლეგიონერზეც: "შუქურას" მეკარე აზამატ ჯიოევმა (რუსეთი) უკვე მესამე სეზონი ჩაამთავრა ჩვენთან და მისი დიდი დამსახურებაც გახლდათ, ქობულეთელთა გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა...

ლეგიონერები
დინამო ბთ
ა. ტიმოფეევი (უკრაინა) - 12* (-5)
ლ. მარიანოვიჩი (სერბეთი) - 7 (1)
ბ. გაბდოლინი (ყაზახეთი) - 1

საბურთალო
ხ. კარასკო (ესპანეთი) - 9
გ. პენა (ესპანეთი) - 9 (2)
ს. ხარა (ესპანეთი) - 11 (2)
ე. ტერა (კენია) - 11 (1)
ვ. გონსალესი (საფრანგეთი) - 10 (2)

კოლხეთი
რ. რამალდანოვი (აზერბაიჯანი) - 12 (2)
ი. ოზარკივი (უკრაინა) - 10 (1)
ვ. ივანკო (უკრაინა) - 6**
ვ. კორობკა (უკრაინა) - 9 (2)

სიონი
ს. ნანიევი (რუსეთი) - 2 (-4)
ო. ილიუშჩენკოვი (უკრაინა) - 2 (-6)
ჟ. სანტოსი (ბრაზილია) - 7
ვ. სუშკინი (რუსეთი) - 7 (1)
მ. კალონასი (ლიტვა) - 1
დ. ვასილიევი (უკრაინა) - 1

ზუგდიდი
ა. დინ-კონტეჰი (სიერა-ლეონე) - 4
დ. ზოზულია (უკრაინა) - 10 (1)
ო. ერმაჩენკო (უკრაინა) - 9
ს. ლიტოვჩენკო (უკრაინა) - 9 (-20)
ფ. ბამბა (გვინეა) - 2
ე. კაპაროსი (ესპანეთი) - 2
ბ. აქუბარდია (უკრაინა) - 6
ი. შეველი (უკრაინა) - 4
რ. სუხომლინოვი (უკრაინა) - 7
რ. ჩუკვურა (ნიგერია) - 6

დინამო თბ
ა. სკრიბე (საფრანგეთი) - 4(-3)
მ. შპიჩიჩი (ხორვატია) - 3
რ. ფერეირა (ბრაზილია) - 9 (1)
მ. ალვარო (ესპანეთი) - 3
მ. კურიე (მარტინიკი) - 2
ს. ველევი (ბულგარეთი) - 6

ჩიხურა
დ. ჰამზიჩი (ბოსნია) - 11(-9)

ტორპედო
ი. კოლინი (ჰოლანდია) - 4

გურია
ფელიპე (ბრაზილია) - 10
დინიზი (ბრაზილია) - 12 (2)
იური (ბრაზილია) - 1
ე. მოროზენკო (უკრაინა) - 12 (1)
პატერსონი (ბურკინა ფასო) - 6
ე. მურაშოვი (უკრაინა) - 8 (3)

შუქურა
ა. ჯიოევი (რუსეთი) - 12 (-13)
ი. ჭეჟია (რუსეთი) - 11
გ. კონიეჰა (ნიგერია) - 6
ჯეფინიო (ბრაზილია) - 7

დილა
ი. მიზრახი (ისრაელი) - 3
რ. ეტუ (კონგო) - 9
კ. დან კოვა (ნიგერი) - 6 (1)
ა. ბიასადილა (კონგო) - 5

* - მატჩების რაოდენობა რეგულარული ჩემპიონატის მიხედვით;
** - მუქი შრიფტით გამოყოფილია ის ფეხბურთელები, რომლებმაც სეზონი ვერ ჩაამთავრეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული