იაშვილი ადასტურებს: "ჩერნომორეცმა" დავით ხოჭოლავა ნაკრებში გამოუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უზბეკეთსა (23 იანვარს) და იორდანიასთან (25 იანვარს) ორ ამხანაგურ მატჩს რომ გამართავს, მკითხველმა ეს უკვე იცის. დავწერეთ იმაზეც, რომ სანაკრებოდ შეგულებული ზოგიერთი ლეგიონერის გამოშვებაზე კლუბები თავს იკავებენ, რადგან უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩების თარიღები ფიფას გრაფიკში არ ზის...

- საქართველოს ნაკრები: რა ვუთხრათ კლუბებს?

ალბათ, საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. ამ თემაზე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილს ველაპარაკეთ...

მადლობა ქართულ კლუბებს!..
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ თამაშებში თავის გამოჩენის საშუალება მისცემოდათ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე
ფეხბურთელებს და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ქართულ კლუბს, რადგან მათ გამოთქვეს მზაობა, 23 და 25 იანვარს მათი ფეხბურთელები საქართველოს ნაკრების მაისურით გავიდნენ მინდორზე...

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს, აწარმოებს მოლაპარაკებებს ლეგიონერებთან და მათ კლუბებთან...

მაგალითისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ დავით ხოჭოლავა, რომელიც ოდესის "ჩერნომორეცის" ფეხბურთელია, ამ შეხვედრებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს", - გვითხრა იაშვილმა.

ის, რაც ძალიან გვაინტერესებს...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამიდან ირკვევა, რომ უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩებში ეროვნულ გუნდს აუცილებლად დაეხმარება დავით ხოჭოლავა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ შეხვედრაში შედგება ოდესის "ჩერნომორეცის" 23 წლის ცენტრალური მცველის დებიუტი ქვეყნის პირველ გუნდში.

ხოჭოლავა ადრე უკვე იყო შეკრებაზე, თუმცა არ უთამაშია. დებიუტს მართლაც რომ მოუთმენლად ველით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხოჭოლავას კარიერაში ბოლო ორი სეზონი საუკეთესოა.

სხვადასხვა დროს მას "სასკოში", "ოლიმპში", "სიონში", "დინამოში", "კოლხეთსა" და "შუქურაში" უთამაშია, ბოლო ხანებში კი ოდესური კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. "ჩერნომორეცის" დაცვა რომ ლამის ყველაზე საიმედოა უკრაინის პრემიერლიგაში, ამაში ხოჭოლავას წვლილი ძალიან დიდია.

ზოგიერთი ინფორმაციით, შესაძლოა, ხოჭოლავა ახლავე გადავიდეს უკრაინული ფეხბურთის გრანდ დონეცკის "შახტარში", მაგრამ თავად დავითმა "ლელოს" უთხრა, რომ ამ ზამთარში გუნდს არ შეიცვლის. მას სურს, "ჩერნომორეცს" მიზნების (ექვს საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა) მიღწევაში მიეხმაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვოს გუნდი.

- ჩემი ახალი გუნდი რუსული არ იქნება! ხოჭოლავას სიტყვა და "შახტარის" ინტერესი

მუშაობა უნდა გაგრძელდეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ფედერაცია აქტიურად მუშაობს როგორც ჩვენს ზოგიერთ ლეგიონერთან, ისე მათ კლუბებთან. ძალიანაც კარგი, თუ ასეა და ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

მართალია, ეს ორი მატჩი არ არის ფიფას "ფანჯარაში", მაგრამ საქმისადმი სწორი მიდგომით ბევრი რამის შეცვლა შეიძლება. დანამდვილებით ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს უნდა, საქმეში ნახოს ქართული დუეტი ახნას "ეთნიკოსიდან" - ნიკა კაჭარავა და გუგა ფალავანდიშვილი.

რა თქმა უნდა, კვიპროსულ კლუბს განსაკუთრებით კაჭარავასთან შელევა გაუჭირდება, მაგრამ რას ვიზამთ, სანაკრებო ინტერესებს სიტყვა თავად ბიჭებმაც შეაშველონ, ოღონდ, მაქსიმალურად დიპლომატიურად, რათა მათი საკლუბო მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

ეს ამ ფეხბურთელებსაც ეხებათ და ჩვენს სხვა ლეგიონერებსაც, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში არიან.

შანსი, როგორც ასეთი
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩები უბრალო ფორმალობა არ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ვგულისხმობთ იმას, რომ ვინც რეალურად თავს გამოიჩენს ამ შეხვედრებში, მომავალში აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი თუნდაც ეროვნული გუნდის მიერ გასამართავ ოფიციალურ მატჩებში.

ვლადიმირ ვაისის გეზი ამაში თითქმის ბოლომდე გვარწმუნებს. სლოვაკი სპეციალისტი არ ერიდება ეროვნულ გუნდში ახალი ფეხბურთელების დაწინაურებას და ამის მაგალითად ვაკო გვილიაც გამოდგება. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და ბატე-ში წარმატებულმა თამაშმა გვილიას ნაკრების ძირითადი შემადგენლობისკენ გაუხსნა გზა.

ამ დროისთვის ვაისის გუნდს არ აქვს ისეთი შედეგი, როგორიც გვინდა, რომ ჰქონდეს, მაგრამ არის ფაქტორები, რომელიც გვაიმედებს.

ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მიერ რიგ შემთხვევებში ნაჩვენები კარგი თამაშის გარდა, ეროვნულ გუნდში გვილიას შესანიშნავ დებიუტსაც ვგულისხმობთ.

ნაკლებად აწუხებთ...
ჩვენს ორივე მეტოქეს ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებს. როგორც უზბეკეთის, ისე იორდანიის ნაკრებები ძირითადად დაკომპლექტებულები არიან ისეთი ფეხბურთელებით, რომლებიც ადგილობრივ ჩემპიონატებში თამაშობენ. კი, უზბეკეთის ნაკრებმა, შესაძლოა, რამდენიმე ლეგიონერი მოისაკლისოს, მაგალითად, დენისოვი მოსკოვის "ლოკომოტივიდან" და ახმედოვი, ვინც ახლახან გადავიდა "კრასნოდარიდან" ჩინურ კლუბში, მაგრამ ეს უზბეკთა თამაშზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ექსპერიმენტული ნაკრების მიმართ შედარებით ნაკლებად მომთხოვნნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ისიცაა, რომ მხოლოდ ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელებით უზბეკეთთან და თუნდაც იორდანიასთან დაპირისპირება სარისკოა.

უზბეკეთის ნაკრები რომ ავიღოთ, ძირითადად შინაურ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი აზიაში ერთობ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი გვიყვარს და გვტკივა, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია: დღეს უზბეკეთის ჩემპიონატი საქართველოს პირველობაზე მაღლა დგას და იქ მოთამაშე ფეხბურთელები გაცილებით უკეთ არიან მზად საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოსაჩენად.

ახალი ხალხი ნაკრების სიაში
ამასობაში, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა როინ კვასხვაძისა და ბექა ტუღუშის შემდეგ საქართველოს ნაკრებში კიდევ ორ ტორპედოელ ფეხბურთელს უხმო. უზბეკეთსა და იორდანიასთან მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ გიორგი ქიმაძე და ოლეგ მამასახლისი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი აზრით ნაკრების თამაშის დროს შედეგი მეორე ხარისხოვანი არასდოს არა არის. ნაკრები არის ქვეყნის სახე და ხალხსაც ამდენი წაგებები არ გვინდა. გინდა ამხანაგური დაარქვი გინდა იფიციალური ნაკრების წაგება ერთნაირად მწყვეტს გულს. ცოტა ხალხზედაც ხომ უნდა ვიფიქროთ.
kika
11 იანვარი 2017 12:30
0
ეს თამაშები იმისთვისაა რომ ნაკრების კანდიდატები ნახოს საქმეში ვაისმა და არა იმისთვის რომ აუცილებლად მოვიგოთ. შედეგი ამ შემთხვევაში იქნება მეორეხარისხოვანი. აქამდე არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია მსგავსი რამ და კარგია რომ ვაისმა გაბედა
gubazi
11 იანვარი 2017 10:20
0
შეიძლება საკამათო თემა იყოს,მაგრამ ყველა ფეხბურთელმა უნდა მიხვდეს,რომ თქვენს
თამაშს და მონდომებას უყურებს ყველა,
არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობთ,
99999999999999999
10 იანვარი 2017 20:42
0
kika-ს ტრამვა რომ არ მიიღონ ნაკრების თამაშზე და მერე გუნდში ვეღარ გამოიყენებენ გუნდი უხდის ხელფასს ნაკრები კი არა და რა უნდა იყოს ასეთი გუნდი იორდანიის რომ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებმაც კი ვერ მოუგოს
svan
10 იანვარი 2017 19:08
0
ვერ ვხვდები იმ კლუბებს რატომ უნდა უჭირდეთ ნაკრებში ფეხბურთელის გამოშვება რომელთა ჩემპიონატში შესვენებაა. მაგალითად რუსეთიდან,უკრაინიდან,პოლონეთიდან,ყაზახეთიდნ,აზერბაიჯანიდან ამ ქვეყნებში თამაშობენ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობა. ამათ გარეშე კიდევ ერთხელ მოგვეჭრება თავი. აზრი არ აქვს ასეთ თამაშს.
kika
10 იანვარი 2017 17:27
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენს ნაკრებს, მაგრამ სტატიის ავტომრაც ახსენა და მეტად სარისკოდ მეჩვენბა ასეთი შემადგენლობით თამაში, დიდი რისკია რომ მივიღოს კიდევ ორი უსახური თამაში ნაკრების შესრულებით და კიდევ უფრო სამარცხვინო შედეგი. როცა მთლიანად გუნდაი არ ივარგებს იქ რომელიმე მოთამაშის გამორჩევაც გაჭირდება და შედეგად მივიღებთ დემორალიზებულ ფეხბუღთელებს, განსაკუთრებით დებიუტანტებს.
გამიხარდება თუკი ვცდები.
Irakli-fan
10 იანვარი 2017 16:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული