საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
23 იანვარს დუბაიში შეკრებაზე მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრები უზბეკეთს დაუპირისპირდა და დაუზავდა. რა თქმა უნდა, ამით აღტაცებულები ვერ ვიქნებით, მაგრამ საბოლოო ანგარიშს არც ცუდი ეთქმის. საქართველოს ნაკრებმა მთლიანად ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა და სათვალავში უნდა ჩავაგდოთ ის ფაქტი, რომ ამ შემადგენლობას ერთად არასოდეს გაუგორებია ბურთი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ვლადიმირ ვაისმა 4-3-3 ტაქტიკური სქემით ათამაშა გუნდი.
დაცვის ცენტრში - დავით ხოჭოლავა და გიორგი რეხვიაშვილი, მარჯვენა მცველად - უჩა ლობჟანიძე, მარცხნივ - ლაშა შერგელაშვილი.

სამი ცენტრალური ნახევარმცველიდან უფრო ფლანგებისკენ იყვნენ გაწეულნი ოთარ კიტეიშვილი და ბაჩანა არაბული. კლასიკური საყრდენის პოზიციაზე კი თემურ შონია მოგვევლინა.

რაც შეეხება სამ შემტევს, ფლანგებზე გამწესდნენ ბექა ტუღუში და საბა ლობჟანიძე, შეტევის ფორპოსტი კი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ ბუდუ ზივზივაძეს ეკავა.

მატჩს საერთოდ ვერ ვნახავდით, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციას პირდაპირი რეპორტაჟი რომ არ ეწარმოებინა. არადა, წინა დღეს ფეხბურთის ფედერაციისგან ასეთი ინფორმაცია გავრცელდა - თითქოსდა, უზბეკებმა თამაშის "დახურვა" მოითხოვეს და რეპორტაჟი არ იქნებაო...

ვერ ვიტყვით, რომ რაც არ გვინახავს, ის ვნახეთ. დაბალტემპიანი, მოსაწყენი თამაში იყო. ისეთი, ოთხი გოლი რომ არ "უხდებოდა".

ძნელია, სრული შთაბეჭდილება შეიქმნა თამაშზე, რომელიც უშუალოდ არ გინახავს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ორი ფეხბურთელის გამორჩევა მაინც შეიძლება. სხვებზე უკეთ საბა ლობჟანიძემ და თემურ შონიამ ითამაშეს. წესით, ვაისი მათ სამომავლოდ მეტად უნდა ენდოს...

საქართველოს ნაკრებს დაწინაურების შანსი უკვე მე-5 წუთზე ჰქონდა - ტუღუშის გადაცემის შემდეგ უზბეკთა კარის აღებას ზივზივაძე ცდილობდა, თუმცა ვერ გაიტანა.

35-ე წუთზე უკვე ქართველების კართანაც "ჩამოცხა". ელდარ შომურადოვმა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, ძლიერად დარტყმული ბურთი კარს ოდნავ ააცილა. მერე მის მიერვე თავით დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ მოიხელთა.

პირველი ტაიმის ბოლოს კი შომურადოვის მორიგმა თავურმა უკვე მიზანს უწია და უზბეკები შესვენებაზე უკეთესი განწყობით გავიდნენ.

დაიწყო მეორე ტაიმი და საქართველოს ნაკრებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, ანგარიშიც მალევე გათანაბრდა შონიას თავური დარტყმის შემდეგ. ვაისის შეგირდებმა მეტი მონდომებით გააგრძელეს თამაში და დაწინაურდნენ კიდეც და ისევ თავურით - ამჯერად, ზუსტად დაარტყა საბა ლობჟანიძემ და უზბეკთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

სამწუხაროდ, მეტოქემ ეგრევე გაგვითანაბრა: იმავე შომურადოვმა საკმაოდ შორი მანძილიდან ძლიერად და ზუსტად დასცხო - 2:2. უზბეკებს ბოლოს კაცი გაუგდეს, მაგრამ ამან სიტუაცია ვეღარ შეცვალა.

გულდასაწყვეტი იყო ის, თუ როგორ გავუშვით მეორე გოლი - ასე დღევანდელ ფეხბურთში მეტოქეს არავინ "ატარებს". უზბეკი ფეხბურთელი ისე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და იმდენი დროც ჰქონდა ბურთის გასასწორებლად, წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ შეხვედრია...

მოკლედ, ისეთი თამაში იყო, კაცი შორსმიმავალ დასკვნას რომ ვერ გააკეთებს. ექსპერიმენტი, ბევრი შეცვლა და ბევრი გოლი - ეს ყველაფერი ვნახეთ, მაგრამ არსად ჩანდა ის, რითიც ფეხბურთი ფასობს - ხარისხი!

დუბაის შეკრებაზე საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ხვალ, 25 იანვარს ჩვენი მეტოქე იორდანიის ნაკრები იქნება. ეს თამაშიც 17 საათზე დაიწყება. ვაისი, ალბათ, უფრო მეტად დატვირთავს იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც გუშინ შედარებით ცოტა ან საერთოდ არ ითამაშეს.

მატჩის შემდეგ:
- ვლადიმირ ვაისი: კვლავ შეგვახსენა თავი ძველმა პრობლემამ
- საბა ლობჟანიძე: დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშში უფრო კარგად ვითამაშებთ
- ოთარ კიტეიშვილი: შეცდომებზე ვსწავლობთ და ამიტომ პროგრესს გავაგრძელებთ

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
23.01.17. დუბაი. "სევენს სთედიუმი"
საქართველო-უზბეკეთი 2:2
გოლები: 1:0 შომურადოვი (45), 1:1 შონია (69), 1:2 ს. ლობჟანიძე (77), 2:2 შომურადოვი (78)
საქართველო: კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, ხოჭოლავა, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი (89. ტაბიძე), შონია (84. მამასახლისი), კიტეიშვილი (89. პაპუნაშვილი), ს. ლობჟანიძე (82. ხარაიშვილი), არაბული (57. პარუნაშვილი), ტუღუში (70. დვალიშვილი), ზივზივაძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
უზბეკეთი: ლობანოვი, ახმედოვი, ანდრეევი, ბიკმაიევი (57. მაშარიპოვი), ისკანდაროვი (90. აშურმატოვი), ხაშიმოვი, სერგეევი, შამურადოვი, შუკუროვი (80. კუტიბაევი), სოხიბოვი, ტუხახუჯაევი.
მწვრთნელი: სამველ ბაბაიანი
გაფრთხილება: შუკუროვი (22), უ. ლობჟანიძე (63), ხარაიშვილი (87)
გაძევება: ახმედოვი (89)
არბიტრი: ჰამედ ალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბუტანი! ბუტანი გამოუშვით!!!!
გია
13:07 24-01-2017
0
დასკვნა იორდანიის მერე.
ესე რამ გაგახარათ? წაგებას ელოდით და ფრემ გაგახარათ? გაიხსენეთ, როგორც კი თავში აგვივარდება, ეგრევე ვაგებთ. ხვალაა იორდანია, ბევრი დრო არ დარჩა.
haha
13:08 24-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული