[ოთხშაბათის საკითხავი] ნაკრები და მერება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები დიდი და ამოუწურავი თემაა. ჩვენს მთავარ გუნდს თითქმის არასოდეს აქვს შედეგი და, აქედან გამომდინარე, ჩვენც სულ ძიებაში ვართ, რადგან ძიების პროცესი სიახლეებთან ასოცირდება. სიახლეები კი ძალიან გვჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი სანაკრებო ამბები ბოლომდე ვერაფრით დაეწყო...

კონფლიქტს და განხეთქილებას ამას ვერაფრით დაარქმევ, მაგრამ უკვე არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ვლადიმირ ვაისისგან ყურადღებას ითხოვენ. გიორგი მაკარიძეზე უკვე საკმარისად დავწერეთ და ახლა გიორგი მერებაშვილის ჯერია.

- გიორგი მერებაშვილი: ასე მგონია, არც იციან, საერთოდ თუ ვთამაშობ ფეხბურთს

ჩვენი ფეხბურთელები ხშირად არიან სტატისტის
როლში პოლონეთის ჩემპიონატზე დაბალი დონის პირველობებზეც კი. ამ დროს, მერებაშვილი პლოცკის "ვისლას" ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო ტურში მან ისეთი გოლი გაიტანა, თამამად რომ უწოდებ კაცი "ტურის მშვენებას"...

- [ლეგიონის უქმეები] მერებაშვილმა პოლონეთში გაიტანა, ბერიძემ - სლოვაკეთში [VIDEO]

საქართველოს ნაკრებში დღეს სიტუაცია ისეთია, თუ რამე გამოჩნდა, აუცილებლად უნდა ჩაეჭიდო. მერებაშვილის გოლი კი ისეთი იყო და მისი ბოლო თამაშებიც ისეთია, იქნებ ხავსად მაინც გამოგვადგეს.

...ალბათ, ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, რომლის თამაშის მანერაც ისეთი სპეციფიკური, თვითმყოფადი და თავისებური იყოს, როგორიც - მერებაშვილის. თუ მას ენდობი და ათამაშებ, ბევრი რამ მასზე უნდა ააწყო. მერებაშვილი გამოკვეთილი ინდივიდუალისტია და თამაშის მანერაც შესაბამისი აქვს. ის არ არის ასპროცენტიანი პასის გამკეთებელი ფეხბურთელი. მას არ აქვს შიში, რომ თამაშს საკუთარ თავზე აიღებს და რამეს გააფუჭებს.

დრიბლინგი და გოლის გატანა ფეხბურთში უფრო საძნელო საქმეა, ვიდრე ასპროცენტიანი, ერთმეტრიანი პასის გაკეთება. იზრდება რისკი და შეცდომის ალბათობა, მაგრამ თუ ამ ორი კომპონენტისგან ერთი მაინც ბოლომდე გამოდის, თამაშის ბედზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენ. ფეხბურთის მთავარი მშვენებაც ესაა.

ერთ რამეში მერებაშვილიც დაგვეთანხმება - აქამდე მან ვერ მოუტანა ნაკრებს იმდენი სარგებლობა, რამდენიც შეეძლო. ამაში იქნებ თავად ფეხბურთელიც იყოს დამნაშავე, თუმცა, მე რომ ვუყურებ, მწვრთნელებიც მთლად სწორად ვერ იყენებდნენ მას.

ტყუილად როდი დავწერე ზემოთ - ძალიან სპეციფიკური ფეხბურთელია-მეთქი. ის ისეთი მოთამაშე და ნატურაა, აზრი არ აქვს მის სასხვათაშორისოდ გამოძახებას, ათ და თხუთმეტწუთიან შანსებს. თუ მერებაშვილის კარგი და ცუდი საფეხბურთო თვისებები გინდა აწონო აფთიაქარის სასწორზე, ერთი კონკრეტული მატჩი მაინც მასზე უნდა ააწყო. მან უნდა იგრძნოს, რომ გუნდი და მწვრთნელი მისგან რაღაც განსაკუთრებულს ელიან.

ფეხბურთელის სათამაშო მანერიდან გამომდინარე, მე არც ის გამიკვირდება, თუ მერებაშვილი ვერ ჩაჯდება ვაისის მონახაზში. არიან მწვრთნელები, რომლებიც თავიანთი საფეხბურთო მსოფლმხედველობის, ტაქტიკური აზრებისა თუ სხვა ფაქტორების გამო მერებაშვილისნაირ ფეხბურთელს ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნევენ.

ამას აუცილებლად გავიგებ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვაისი "მერებას" საქმეში ნახავს. ჩვენ კი ექსპერიმენტებზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მხოლოდ 2 ქულა გვაქვს და, ესეც არ იყოს, თბილისში ვერ მოვუგეთ მოლდოვას...

გასაგებია, რომ კარგი თამაშები გვქონდა ირლანდიასა და უელსთან, მაგრამ სულ მაჩანჩალები ხომ არ ვიქნებით? ჩვენი სტატუსი მსოფლიო ფეხბურთში ვერაფრით შეიცვლება, თუ მხოლოდ ფავორიტთან კარგად თამაშით დავკმაყოფილდებით.

ოდესღაც ჩვენც უნდა ვიყოთ ფავორიტები... მაგრამ რაღა "ოდესღაც", ახლა არ იყო თბილისში, მოლდოვასთან? სწორედაც ფავორიტები ვიყავით და კაცი არ გამოჩნდა, ბოლო და გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე აეღო თამაში.

ასეთ თამაშებში კი, როცა მეტოქე რაოდენობით იცავს თავს, მერებაშვილის ყაიდის ფეხბურთელებს გუნდისთვის ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა შეუძლიათ.

აგერ, სერბეთთან მატჩი ახლოვდება. არ გვეყოლება თორნიკე ოქრიაშვილი, არ გვეყოლება გიორგი ჭანტურია. მეტოქეს კარგი გუნდი და კიდევ უფრო კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს... გავითვალისწინოთ ეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომ არ გვეყოლებიან ოქრი და ჭანტურია?
aburjga
20:26 08-03-2017
0
რა დაემართა ოქრის?
nika
16:56 01-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული