გიორგი მერებაშვილი: დიდი იმედი მაქვს, რომ შანსი მოლდოვაშიც მექნება

AutoSharing Option
გიორგი მერებაშვილი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა და სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. ორწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდში გამოძახებამ პლოცკის "ვისლას" შემტევი იმდენად გაახარა, მოედანზე ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვინც პირველიდან ბოლო წუთამდე არ გაჩერებულა.

- საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0 - შეცვალე და მოიგე! [VIDEO]

ის ორივე ტაიმშიც ბევრს ეცადა, თანაგუნდელები გადაცემებითაც მოამარაგა და თავადაც ბევრჯერ დააპირა მეტოქის კარის აღება, მაგრამ საბოლოოდ აქტივში ვერც საგოლე გადაცემა ჩაიწერა და ვერც მეტოქის კარის ბადე შეარხია. გოლის გატანის ჟინმა ბოლოს იმდენად შეაწუხა, პასებს
აღარ იძლეოდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩის შემდგომი პრესკონფერენციისას მერებაშვილზეც ილაპარაკა: "მერებაშვილი ბოლომდე დაიხარჯა, ფლანგიდან ბურთებს აწვდიდა, თუმცა, როგორც სხვა ქართველ ფეხბურთელებს, ბურთთან განშორება მასაც უჭირდა".

- ვლადიმირ ვაისი: არაბიძეს 90 წუთს ჯერ ვერ ვანდობ

თამაშის შემდეგ გიორგი მერებაშვილთან ინტერვიუ ჩავწერეთ...

- მოდი, ჯერ თამაში შევაფასოთ. სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან შეხვედრა სახალისო უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირველ ტაიმში ბურთის გატანა რატომ ვერ მოახერხეთ?
- რა დასამალია და, მეტოქის შესახებ რომ შევიტყვეთ, ყველას გვეგონა, იოლად მოვიგებდით. ალბათ, ამან იმოქმედა.

- რეალურად, ასე არ მოხდა?
- მეტოქე სუსტი კი იყო, მაგრამ შეხვედრას უფრო სავარჯიშო დატვირთვა ჰქონდა, ამიტომ, საბრძოლო განწყობაც გვაკლდა და კონცენტრაციაც. მაგრამ ამის გარეშე სუსტ მეტოქესაც ვერაფერს მოუხერხებ - ეს პირველმა ტაიმმაც გვაჩვენა. იოლად და მონდომების გარეშე ვერც ერთ გუნდს ვერ მოუგებ. მეტოქის წინააღმდეგობას რომ წავაწყდით, მერე გადაწყობა ფსიქოლოგიურად გაგვიჭირდა.

იყო საკადრო პრობლემებიც, სეზონი დასრულებულია და ფეხბურთელები გადაღლილები არიან, ტრავმირებულებიც გვაკლდნენ - ეს ყველაფერი ისე აეწყო, რომ მძიმედ გამოვიყურებოდით და სისხარტეც აშკარად გვაკლდა. მაგრამ მეორე ნახევარი მაინც კარგად ჩავატარეთ და მაყურებელს უფრო სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

- პირადად თქვენს თამაშზე რას იტყვით?
- მთლიანობაში, ჩემი თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, ცუდად არ მითამაშია და ეპიზოდებში კარგადაც ვამწვავებდი თამაშს... მაგრამ გული დამწყდა, რომ გატანა და საგოლე პასის გაკეთება ვერ შევძელი.

- ამის უზომო სურვილი რომ გქონდათ, ეს აშკარად იგრძნობოდა...
- ნაკრებში ბოლოს ორი წლის წინ ვითამაშე. მაგრამ რასაც ჰქვია შანსი, არასოდეს მომცემია, შეცვლაზე ბოლო 5 წუთით მოედანზე გასვლას მე შანსად არ ვთვლი. თანაც, ჩემს პოზიციაზე არ მაყენებდნენ. ძირითად შემადგენლობაში 2-3 შეხვედრა მაინც უნდა დაიწყო, გუნდს რომ შეეწყო და ბოლომდე გაიხსნა. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, თამაშიც მომენატრა და გატანაც მსურდა. ბოლოს "მაკრატელა" კარგად წავიდა და მეგონა, გადიოდა, მაგრამ...

- სუსტი მეტოქე გყავდათ და ნერვიულობდით?
- რა თქმა უნდა! ნაკრებში თამაში გარკვეულ მღელვარებას ყოველთვის იწვევს, მით უფრო, ჩემთვის და ახლა - ამდენი ხნის შემდეგ ნაკრებში რომ გამოგიძახებენ, გულშემატკივრებიც და მწვრთნელებიც განსაკუთრებული ყურადღებით გაკვირდებიან, ხარ თუ არა ნაკრების ღირსი. მე კი მსურდა დამემტკიცებინა, რომ ამას ვიმსახურებდი და თავი კარგად წარმომეჩინა. ეს იყო ის სტრესი, რომელმაც ძალიან იმოქმედა და თავიდან ცოტა დაძაბულიც ვიყავი.

- საბოლოოდ, ნერვიულობას მოერიეთ?
- ნერვებს მოვერიე და ცუდადაც არ მითამაშია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. უფრო იმან გამახარა, რომ მწვრთნელმა ბოლომდე მათამაშა და ამით მხარდაჭერა მაგრძნობინა. რამდენჯერმე მაყურებლის შეძახილებიც გავიგონე - "მიეცით მერებას პასიო"... ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

- თუ არ მეშლება, ეროვნულ ნაკრებში გოლი არასოდეს გაგიტანიათ...
- არასოდეს და ეს ჩემი ოცნებაა.

- ეტყობა, ბოლო წუთებზე პასები ამიტომაც დაივიწყეთ...
- (იცინის) თავის გამოჩენის შანსი და საგოლე გადაცემის გაკეთება მართლა ძალიან მინდოდა. პირველ ტაიმში არაერთი შანსიც მქონდა და თანაგუნდელებს რამდენიმე პასიც გავუკეთე... ყველა ეს მომენტი რომ გამოგვეყენებინა, ორ გოლს და ამდენივე საგოლე პასს მაინც ჩავიწერდი აქტივში.

დიდი იმედი მაქვს, რომ შანსი მოლდოვაშიც მექნება და თავს გამოვიჩენ. მაგრამ ძლიერ მეტოქესთან თავს ისეთი საქციელის უფლებას არ მივცემ, როგორც სენტ კიტსსა და ნევისთან.

- მოლდოვა შინ ძლიერი გუნდია. რთული თამაში გველის...
- ხომ ნახეთ, იოლი შეხვედრა არც ამ ამხანაგურ მატჩში გვქონია. მაგრამ მოლდოვასთან მოსაგებად ძალები არ უნდა დავზოგოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ თამაშის მოგება პრინციპის საქმეა.

- ახალ სეზონში ისევ პლოცკის "ვისლაში" გიხილავთ თუ სხვა გუნდში გადახვალთ?
- ჩემს მომავალთან დაკავშირებით ჯერ ახალი არაფერია. პოლონეთის რამდენიმე კლუბი მიწვევდა, მაგრამ "ვისლასთან" კონტრაქტი ორი წლით გავახანგრძლივე და მსურველმა კლუბმა ტრანსფერის გამოსასყიდად 100 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს.

- დაინტერესებული კლუბები ამ თანხის გადამხდელები არ არიან?
- ეს მალე გაირკვევა. "ვისლას" შეკრება 22 ივნისს იწყება, პოლონეთში ჩავალ და ყველაფერს ადგილზე გავიგებ. კონტრაქტში ჩაწერილია პუნქტი - თუ უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება, "ვისლა" ვალდებულია, ამ თანხის საფასურად გამიშვას და პრობლემა არ შემიქმნას...

საერთოდ, პოლონეთში თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. იქ დამხვდა კარგი საფეხბურთო ატმოსფერო, თანამედროვე სტადიონები და სავარჯიშო ბაზები, ექსტრაკლასა ძალიან კარგად შუქდება და ხელფასებიც საშუალოევროპულ დონეზეა...

სიმართლე გითხრათ, თავიდან ასეთ კარგ პირობებს ვერ წარმოვიდგენდი. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის შემდეგ იქაური პირველობის დონემ საკმაოდ აიწია. დამკვიდრებული აზრია, რომ ტოპლიგების შემდეგ რამდენიმე ლიგაა და, მათ შორის, საბერძნეთის ჩემპიონატს ასახელებენ. საბერძნეთშიც მითამაშია და მას ექსტრაკლასას ვერც შევადარებ.

- ფინანსურად თუ ფეხბურთის დონით?
- არც ერთით და არც - მეორით. საბერძნეთში ორიოდე მდიდარი კლუბია, დანარჩენებს კი სულ ფინანსური პრობლემები აქვთ. პოლონეთში კი ერთი გამოკვეთილი გუნდი არ არის და ვერ გაიგებ, ვინ ვის აჯობებს. ფინანსურად დაბალ ადგილებზე მყოფ კლუბებს ბერძნულებზე უკეთესი ბიუჯეტები აქვთ. სხვათა შორის, ექსტრაკლასა ფიზიკური მომზადების კუთხითაც უფრო რთული სათამაშოა.

- პოლონეთში გადასვლის შემდეგ ამ მხრივ უკეთესობას გრძნობთ?
- რა თქმა უნდა. პოლონელებს მოთამაშეთა ფიზმომზადებაში ბევრი ვერ შეედრება. ჩემი მონაცემებით დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ წლევანდელი ჩემპიონატის შეხვედრებში ყველაზე ნაკლები - 11 კილომეტრი მქონდა ნარბენი.

- მაქსიმუმი რამდენი იყო?
- 13 კილომეტრი. თანაც პოლონეთში ისეთ ტემპში თამაშობენ, გამიკვირდა და გამიხარდა. აქ თუ არ ირბენ, არავინ გათამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ კაცის ვერაფერი გავიგე რა, გუნდებში სულ თამაშობდა, გინდა დინამო აიღე, გინდა ვოივოდინა, გინდა საბერძნეთში და გინდა პოლონეთშიც, მარა ნაკრებში ამის გაკეთებული საქმე მე არ მახსოვს. რა შანსე ლაპარაკობს, აგერ არაბიძეზე ჯერ დიდი შეხედულების მაინც არ ვარ, დასაღვინებელია მაგარი, მაგრამ მაგას სულ 2 შანსი მიცეს და ისიც შეცვლებზე და 3 გოლი გაიტანა და თუ რამის შნო აქ აქამდე მერებაც 9-ჯერ დაამტკიცებდა...
Goglika
23:03 10-06-2017
0
ყველაზე გამორჩეული იყო,ეტყობოდა რომ ფიზიკაც გაუმჯობესებია და სათანადო დონეზე აქვს.ტექნიკური ყოველთვის იყო.დღევანდელი დღით თუ ვიმსჯელებთ ასნავნოის კაცია მე მგონი,ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ფლანგზე
კახა ქირია
18:23 10-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული