მერაბ გიგაური: ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში ერთი ვარჯიშიც კი ოცნება იყო

AutoSharing Option
მერაბ გიგაური
დაიბადა: 1993 წლის 5 ივნისს თბილისში
სიმაღლე: 182 სმ; წონა: 75 კგ.
პოზიცია: ნახევარმცველი
კარიერა
2010 ტორპედო (ქუთაისი) 28 (2)
2011/12 იაგელონია (პოლონ.) 3 (0)
2012 ტორპედო (ქუთაისი) 28 (1)
სანაკრებო კარიერა
2009/10 საქართველო U17 1 (0)
2010/11 საქართველო U19 3 (0)
2011 საქართველო U21 3 (0)
2013 ეროვნული ნაკრები
გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკტი" მერაბ გიგაურის ტრანსფერს 175 ათას ევროდ აფასებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდია-დანიასთან ამხანაგური თამაშებისთვის თბილისში მზადება დაასრულა და ავიარეისის შეფერხების მიუხედავად, დუბლინში ჩაფრინდა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა
თემურ ქეცბაიამ
პირველად გამოიძახა ქუთაისის "ტორპედოს" საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური, რომელიც გამოცდილმა დავით კვირკველიამ ასე დაახასიათა:

"ნაკრებში ახალი სახეები ჩნდებიან, მაგალითად - მერაბ გიგაური. საქართველოში სათამაშოდ რომ დავბრუნდი, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ყურადღება მივაქციე და მისი თამაში ძალიან მომწონდა. რაც მთავარია, ის მთავარმა მწვრთნელმაც შეამჩნია და ნაკრებში გამოიძახა. ეს გიგაურის შანსია და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მთავარი მონდომებაა და ვუსურვებ, ეს შანსი გამოიყენოს".


მერაბ გიგაურს გამგზავრებამდე ინტერვიუ ჩამოვართვით:

- ახალგაზრდული ნაკრების ავსტრიული ტურნირის შემდეგ მითხრეს, რომ ჩემით ქეცბაია დაინტერესდა. გამიხარდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, ეროვნულში ვარჯიში ასე მალე თუ მომიწევდა. თუმცა მეტი მონდომებით დავიწყე ვარჯიში.

ქეცბაიას ნდობით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ნაკრებში ერთი ვარჯიშიც ოცნება იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს მეტ თავდაჯერებულობას შემძენს.

- ქეცბაია ამბობს, რომ ეროვნული ჩემპიონატისა და ნაკრების დონეებს შორის დიდი განსხვავებაა. შენ რა სხვაობა დაინახე?
- არ შემიძლია, ქეცბაიას არ დავეთანხმო. მართლაც დიდი განსხვავებაა კლასში, სისწრაფეში, მოძრაობაში, პროფესიონალიზმში. მაგრამ, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ასეთ გარემოში არ გამჭირვებია, რადგან გამოცდილი ფეხბურთელები მეხმარებიან.

- დავით კვირკველიამ ძალიან კარგად დაგახასიათა...
- ამისთვის დათოს მადლობა უნდა ვუთხრა. გამოცდილი და მრავლისმნახველი ფეხბურთელის ასეთი თბილი დამოკიდებულება ძალიან მამხნევებს.

საერთოდ, გუნდში ყველა მეგობრულად და თბილად შემხვდა. დებიუტანტისთვის ეს ბევრს ნიშნავს.

- ქეცბაია ბევრ ახალგაზრდას დააკვირდა, მაგრამ ბევრიც დაივიწყა. გამოძახება სულაც არ ნიშნავს, რომ მომავალშიც მიგიწვევს...
- მონდომება არ უნდა მოვაკლო და გამომიძახებს. ირლანდიასა და დანიასთან ორი მატჩი გველის და იმედია, მათამაშებს.

- ფაქტია, რომ პოლონეთის "იაგელონიაში" გატარებულმა ერთმა სეზონმა დიდი სამსახური გაგიწია...
- ამას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი. თითქოს ერთი წელი დიდი დრო არ არის, თანაც, ძირითადში სულ სამჯერ ვითამაშე, უმეტესად კი დუბლშემადგენლობაში გამოვდიოდი, მაგრამ ფაქტია, რომ პოლონეთში ვარჯიში ძალიან წამადგა. კარგ გარემოში აუცილებლად გაიზრდები. ჭკვიანი მწვრთნელი მყავდა, ბაზაზე ვცხოვრობდი და სხვა რა უნდა მეკეთებინა - სულ ვვარჯიშობდი და მწვრთნელის რჩევებს ვისრუტავდი. თეორიულადაც და ფიზიკურადაც კარგად მომამზადა.

პოლონეთში მიწვევის მხრივ, ძალიან გამიმართლა. ჩვენთან საკმაოდ ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა. გუნდებს ნორმალური სავარჯიშო გარემო რომ ჰქონდეთ, დარწმუნებული ვარ, გაცილებით ძლიერი ნაკრები და გუნდები გვეყოლება.

მაგრამ ჩემს დაწინაურებაში ყველაზე დიდი წვლილი გია გეგუჩაძემ შეიტანა. მან "ტორპედოში" ყველა მოთამაშე გახსნა და მიმაჩნია, რომ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია.

- დაბოლოს, ქუთაისის "ტორპედოზე" გკითხავ. გუნდში შემადგენლობის გადახალისებას იწყებენ და შენ თუ დარჩები?
- ჯერ ერთი, კონტრაქტი 4 წელიწადში მიმთავრდება და მეორეც, ჩემთვის არავის მიუთითებია კარისკენ. როგორც ვიცი, ახალგაზრდულ გუნდს აშენებენ, მე კი ჯერ 19 წლის ვარ და "ტორპედოში" ვრჩები.

ძალიან გამიმართლა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავით კვირკველია: ირლანდიასთან თამაში ჩვენთვის კი არა, ყველასთვის რთულია
მერაბ გიგაური: ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემხელა ბიჭისთვის ბევრს ნიშნავს
მერაბ გიგაური: ალექსანდრე ჩივაძის შექება დიდი სტიმულია
მერაბ გიგაური: ისტორიაში მოხვედრა საამაყოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული