საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯერ თბილისის "ამერის" მწვრთნელი გახლდათ, რომელსაც ორჯერ მოაგებინა საქართველოს თასი, მერე კი ბაქოს "ინტერში" მუშაობდა კახა ცხადაძის თანაშემწედ.
ჩიხრაძე შვებულებას თბილისში ატარებს. ჩვენც ვისარგებლეთ ამით და ინტერვიუ ჩამოვართვით.
- "სიმურგთან" კონტრაქტი ახლახან დაგიმთავრდათ - ისევ ამ კლუბში რჩებით თუ სხვა შემოთავაზებებს ელოდებით?
- შეიძლება ითქვას, რომ
ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ან ლიდერი ვიყავით, ან სამეულში ვიმყოფებოდით. რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, რომ მეორე ეტაპზე, ექვსეულში უკვე ძალიან გაგვიჭირდებოდა ასეთი პოზიციის შენარჩუნება და ასეც მოხდა - სამეულში ვერ მოვხვდით და ევროსარბიელზე თამაშის უფლება ვერ მოვიპოვეთ.
მიუხედავად ამისა, ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებული გამოდგა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "სიმურგის" ექვსი ფეხბურთელი სხვადასხვა ნაკრებში მიიწვიეს - ორი აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდში, სამი ახალგაზრდულში და ერთიც 19-წლამდელებში. სეზონის წინ აყვანილმა ლეგიონერებმაც კარგად ითამაშეს, სელექცია ნაყოფიერად ვაწარმოეთ და გაჩნდა დაინტერესება ჩვენი ლეგიონერების მიმართაც - ოთხი ლეგიონერი უკვე გადავიდა ჩვენზე მდიდარ აზერბაიჯანულ გუნდებში, კიდევ ოთხს აქვს შემოთავაზება. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გვიწევს ახალი გუნდის შექმნა.
- რა ტენდენციები იკვეთება აზერბაიჯანულ საკლუბო ფეხბურთში? დაფინანსება მატულობს თუ რა ხდება?
- აზერბაიჯანული კლუბების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. "ნეფთჩი" შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და დაფინანსების მეტი სტიმულიც გაუჩნდა, ახალი ფეხბურთელები დაიმატა. ფინანსურად უფრო მძლავრი გახდება "ყარაბახი"; იგივე მოხდება ბაქოს "ინტერშიც" და "ბაკიშიც"; "გაბალაში" მწვრთნელად სულაც იური სიომინი მიდის და ამბობენ, რომ ანდრეი არშავინის ტრანსფერიც მზადდება ამ კლუბშიო; ლენქორანის "ხაზარს" უკვე წვრთნის ჯონ ტოშაკი - ჩემპიონობისთვის ეს გუნდები იბრძოლებენ, ჩვენი მიზანი კი ევროსაგზურის მოპოვება იქნება. აზერბაიჯანის ჩემპიონატი სხვა ფორმატით გაიმართება - ათი გუნდი ოთხ წრედ.
- და "სიმურგის" ბიუჯეტი არ გაიზრდება?
- ჩვენი კლუბის ბიუჯეტიც შეიძლება გაიზარდოს, თუმცა მხოლოდ უმნიშვნელოდ. "სიმურგიც" წინ მიიწევს, გამოიცვალა მოედნის საფარი, ბაზა უფრო კომფორტული გახდა, შეიქმნა აკადემია...
- გარიგებული მატჩები, კორუმპირებული მსაჯები - ამ მხრივ რა ვითარებაა აზერბაიჯანში?
- ეჭვები შეიძლება გაჩნდეს, თუმცა გარიგებული მატჩის ან კორუმპირებული მსაჯის ფაქტი ჯერ არ გამოაშკარავებულა აზერბაიჯანში. მსაჯობა აზერბაიჯანში საშუალო დონისაა, უწინდელზე უკეთესი გახდა.
- სტადიონებზე დასწრება როგორია აზერბაიჯანში, არის იმის პროპორციული, რა ფულსაც ხარჯავენ იქაური კლუბები?
- დედაქალაქში დასწრება არ არის მაღალი, რეგიონებში კი თამაშებზე ბევრი ხალხი დადის, მაგალითად, ლენქორანში 10-15 ათასი მაყურებელი სულ ესწრება შეხვედრას. "ყარაბახის" საშინაო მატჩებზეც ბევრი გულშემატკივარი დადიოდა, სანამ გუნდი დედაქალაქში არ გადავიდოდა. ბაქოში "ნეფთჩის" მატჩებზე დადის ბევრი ქომაგი, რადგან "ნეფთჩი" საკლუბო ფლაგმანია. როცა სხვა დედაქალაქური გუნდია მასპინძელი, უფრო ნაკლები გულშემატკივარი გროვდება სტადიონზე.
- აზერბაიჯანული მასმედია რამდენად ძლიერი პარტნიორია ფეხბურთისთვის?
- აზერბაიჯანში 5-6 ისეთი გაზეთია, კარგად რომ აშუქებს ფეხბურთს. არის კიდევ საიტები. რაც შეეხება ტელევიზიებს, ჩემპიონატის ტურის სამი-ოთხი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ყოველთვის მიდის. ერთი სიტყვით, იქაური მედია აზერბაიჯანულ ფეხბურთს კარგად აშუქებს.
- სატრანსფერო ბაზარზე რა წესები მოქმედებს, ყველაფერს აგენტები აგვარებენ?
- ყველა კლუბს ჰყავს სპორტული დირექტორი და კიდევ სელექციონერი. აზერბაიჯანში არის რამდენიმე ფიფას აგენტი, თუმცა კლუბებს უფრო უცხოელ მენეჯერებთან ურჩევნიათ საქმის დაჭერა.
- აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერტი ფოგთსი რამდენად პოპულარულია ამ ქვეყანაში?
- ფოგთსს დიდი მხარდაჭერა აქვს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან. ამ გერმანელ სპეციალისტს დიდი მიღწევები არ აქვს აზერბაიჯანის ნაკრებში, თუმცა ყველა აღნიშნავს იმას, რომ დისციპლინის და ორგანიზაციის მხრივ, ჩინებულად მუშაობს. ამ მხრივ, აზერბაიჯანის ნაკრებს მართლაც აქვს წინსვლა.
- ისე ჩანს, თითქოს აზერბაიჯანულ ფეხბურთში ყველაფერი დიდებულად მიდის, თუმცა რეალურად, ალბათ, ცოტა სხვა სიტუაციაა...
- ადგილობრივი ფეხბურთელების აღზრდის მხრივ აქვთ პრობლემები და ბოლო წლებში ამაზეც დაიწყეს ფიქრი და მოქმედება. "ნეფთჩი", "ბაკი", "გაბალა"... ფინანსურად ძლიერმა კლუბებმა ორი-სამი წლის წინ სერიოზულად მოჰკიდეს ხელი აკადემიის შექმნას და განვითარებას. ადგილობრივი ფეხბურთელების მაღალი ხარისხი ჯერ არ ჩანს, თუმცა ეს დროის ამბავია.
აზერბაიჯანული აკადემიები ევროპის წამყვანი კლუბების იუნიორებს იწვევენ ტურნირებზე, ან თვითონ მიდიან ასეთ შეჯიბრებებზე.
- ჩვენს ავან-ჩავანზე გადავიდეთ. წლები გადის, იცვლებიან მწვრთნელები და ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრების წინსვლა კი არ ჩანს - რისი ბრალი უნდა იყოს ეს და რამდენად მნიშვნელოვანია აქ მწვრთნელის ფაქტორი?
- თემურ ქეცბაია შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელია, თამაშის სტილიც ამაზეა მორგებული. როცა ფეხბურთელების დიდი არჩევანი არ გაქვს, მცირდება იმის შანსი, რომ შემტევი სტილი აირჩიო.
ბოლო პერიოდში ნაკრების მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები ეთხოვებოდნენ გუნდს, მიდის თაობათა ცვლა, ევროპული დონის კლუბებში მოთამაშე ნაკრებელთა რაოდენობა შემცირდა, ხოლო ის ახალგაზრდები, ახლა რომ თამაშობენ ეროვნულ ნაკრებში, ჯერ არ არიან მზად სერიოზული ამოცანების შესასრულებლად.
- ნაკრებში ქეცბაიას მხარდამხარ თამაშობდით. ამბობენ, რომ ის მხოლოდ მოედანზე იყო გუნდის ლიდერი და არა მოედნის მიღმაც...
- მოედნის მიღმაც მეგობრული კოლექტივი ვიყავით, ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ გვყოლია, ერთმანეთს ვამხნევებდით ხოლმე. ქეცბაია მართლაც თავდადებული ფეხბურთელი იყო. რაც კი ნაკრებში ვიყავი, ჩხუბი თუ რაიმე კონფლიქტი არ მომხდარა.
- როგორ ფიქრობ, უახლოეს ხანში რომელი ფეხბურთელები იქნებიან საკვანძო ფიგურები საქართველოს ნაკრებში?
- ასეთი პროგნოზის გაკეთება რთულია. ფეხბურთში მოვლენები ხანდახან ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებში არიან პერსპექტიული ფეხბურთელები, თუმცა რასაც მაღალი დონისთვის ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ჰქვია, იქამდე ჯერ მისვლაა საჭირო. ვფიქრობ, 3-4 წელი კიდევ საჭიროა იმისთვის, რომ ბირთვი დავინახოთ.
- უნდა იყოს თუ არა პრემიები ან სხვა ფინანსური ანაზღაურება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში - ამაზე რას ფიქრობთ?
- ჩემი აზრით, გაცვეთილი ფრაზაა, რომ ნაკრებში ფეხბურთელმა მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით უნდა ითამაშოს. გარდა იმისა, რომ ნაკრების ფეხბურთელი საკუთარი ქვეყნისთვის გადის მოედანზე და იბრძვის, ის პროფესიონალია და საკუთარ საქმეს აკეთებს. ამიტომ მას დამატებითი მოტივაციაც სჭირდება.
ნაკრების ფეხბურთელი საქართველოში რომ ჩამოდის, ბევრ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება და თუ პრემიას აიღებს, ამით იმის მეტი საშუალებაც გაუჩნდება, რომ ადამიანებს დაეხმაროს. თუნდაც ამის გამოც ღირს პრემიების დაწესება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფინანსური მხარე დამატებითი სტიმულია ნაკრების ფეხბურთელისთვის.
ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ ნაკრებში გამოძახებისთვის უხდიან ფულს ფეხბურთელებს და ზედმეტი ნამდვილად არ იქნება, თუ საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს გარკვეული ანაზღაურება ექნებათ.
- აზერბაიჯანში როგორაა ამ მხრივ სიტუაცია?
- აზერბაიჯანის ნაკრებში ძალიან მაღალი პრემიებია. იქ მხოლოდ ნაკრებში გამოძახებისთვისაც იღებენ ფულს ფეხბურთელები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანულ ინციდენტზე: რამდენჯერმე ისე ცუდად შეიგინა...
გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანში 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
გიორგი ჩიხრაძე: აზერბაიჯანში ფულს სხვა მიმართულებას აძლევენ
გიორგი ჩიხრაძე: გუნდში ქართველების აყვანას არ ვეწინააღმდეგები