თემურ ქეცბაია: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით

AutoSharing Option
6 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართული საქართველო-საფრანგეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთთან საშინაო შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა.

თემურ ქეცბაია (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
- უპირველესად, ვიტყვი, რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. დღეს ბიჭებმა ისეთი თამაში აჩვენეს, თანაც ქართული ფეხბურთისთვის ისეთ მძიმე პერიოდში, რომ დროა, ფეხბურთისთვის რაღაც გაკეთდეს.

დღეს საქართველოს ნაკრებმა არაფერი დაუთმო მსოფლიო დონის გუნდს, სადაც დიდი ვარსკვლავები თამაშობენ. ვინც დღევანდელ შეხვედრაზე არ მოვიდა, ბევრი დაკარგა. მაგრამ ეს
ჩვენი ბრალიც არის, ცუდი შედეგებით ხალხს ხელი თავად ვკარით...

მომდევნო მატჩი ფინეთთან გვაქვს. იმედია, გაცილებით მეტი მაყურებელი მოვა, მოვიგებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ანუ ჯგუფში მესამე ადგილს დავიკავებთ.

დღეს სტადიონი არ შეივსო, მაგრამ ვინც მოვიდა, გვერდში გულიანად დაგვიდგა. ასეთი გულშემატკივრობით ფინეთთან მოგება შესაძლებელი იქნება.

- რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით და რამ განაპირობა დღევანდელი შედეგი?
- ძნელია, ასეთი მატჩის შემდეგ რომელიმე ფეხბურთელი გამოარჩიო. დღევანდელ შედეგში წვლილი მოედანზე გასულმა ყველა ფეხბურთელმა შეიტანა, მათ შორის - შეცვლაზე შესულებმა. ბიჭებმა საქართველოს სიხარული აჩუქეს. მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, დავალებები კარგად შეასრულეს და შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს.

თუ დარჩენილ შეხვედრებშიც ასე ვითამაშებთ, მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

მე ზღაპრები არ მიყვარს და რეალობას კარგად ვხედავ - რა თქმა უნდა, საუკეთესო თამაშამდე ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი გაიზრდება, აქ ხომ ბევრი ახალგაზრდაა და ორი წლის შემდეგ გაცილებით უკეთ ათამაშდება. მერე კი, იქნებ, რეალურად მივუახლოვდეთ იმ მიზანს, რაზეც ჩვენი გულშემატკივარი 23 წელია ოცნებობს.

- მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო თამაში აჩვენა. ასეთი რა დავალება მიეცით ფეხბურთელებს?
- საფრანგეთი არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი და აქედან გამომდინარე, შეტევაში უფრო აქტიურად თამაში იყო შესაძლებელი. ხალხიც გვერდში დაგვიდგა და მიხარია, რომ ასეთი დონის გუნდთან საქართველოს ნაკრები ღირსეულად გამოიყურებოდა.

დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საშინაო მატჩებს გაცილებით უკეთ ვატარებთ. ამიტომაც მინდა, რომ ამხანაგურები თბილისშიც ჩავატაროთ, ბიჭები უფრო თავდაჯერებულები გახდებიან და საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებენ. მაგრამ არ სურთ ნაკრებებს აქ ჩამოსვლა და სხვა რა გზაა? ამიტომაც სულ გასვლაზე გვიწევს თამაში.

- ბრძანეთ, საფრანგეთი ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოგვედგინაო...
- მერე? ხომ არ გეწყინათ?

- სხვა რამეს გეკითხებით. საფრანგეთმა სათანადოდ არ დაგვაფასა?
- ახლა ისეთი რაღაცის თქმა მსურს, ვიცი, მერე ერთი ამბავი ატყდება და ამიტომ თავს შევიკავებ.

- როგორ მოახერხებთ ფინეთთან მატჩისთვის გადაწყობას და პირველ ნომრად თამაშს?
- ახლავე ვამბობ, რომ ხუთი ფორვარდის დაყენებას და უკანმოუხედავად შეტევას არ ვაპირებთ, რადგან მოგება დაცვის დალაგებით იწყება. მაგრამ უნდა შევუტიოთ კიდეც და მოვიგოთ.

- დღეს თქვენ და გუნდი ერთიანი იყავით...
- სულ ასეა. ან საიდან მოიტანეს, რომ გუნდში დაძაბულობაა?!

- ხიზანიშვილის არყოფნა რამ გამოიწვია?
- იმან, რომ ცენტრალური მცველების უმრავლესობა ყვითელი ბარათების ზღვარზე იყო და თამაშამდე ამაზე ზურას ველაპარაკე. მაგრამ დღეს ბიჭებმა ისე ითამაშეს, ამ საკითხზე კიდევ დავფიქრდები.

- დღეს ფეხბურთელები სათამაშო დისციპლინას იცავდნენ, რასაც ბევრ სხვა შეხვედრაზე ვერ ვიტყვით...
- ალბათ, ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს გულისხმობთ. გარკვეულწილად, ეს ლოგიკურიც არის, რადგან ოფიციალურ მატჩში ფეხბურთელები უფრო მეტად არიან მობილიზებულები და აცნობიერებენ, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ.

- გვპირდებით ფინეთთან მოგებას?
- ასეთ დაპირებებს შეჩვეული არ ვარ და არც მიყვარს, მაგრამ ფრანგებთან ნაჩვენები თამაშით ფინეთს უნდა მოვუგოთ.

- დღეს გამოჩნდა, რომ ამ ნაკრებისთვის ოპტიმალური დაცვითი ფეხბურთია...
- დიახ, ასეა. ტაქტიკას ქართული ფეხბურთის მდგომარეობა გვკარნახობს.

ასევე იხილეთ:
დიდიე დეშამი: საქართველომ ღირსეულად ითამაშა
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
გვპირდებით ფინეთთან მოგებას? რა შეკითხვაა სოფლის ბოლო ***
dato
02:32 09-09-2013
0
გაიხარეტ ბიჯებო მარტლაც მაგრად გამახარეტ იქნებ ცოტა ფინანსურატ დაუდგეტ ვისაც ფული აქვს კიდე მტავრობა და კარგი და ზლიერი გუნდი დადგება აუცილებლად.
muradi
13:58 07-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული