თორნიკე ოქრიაშვილი: იმედი მაქვს, ფინელების მწვრთნელიც შემაქებს

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ორჯერ გამოარჩია: პირველად - მატჩამდელ პრესკონფერენციაზე, ხოლო მეორედ - უშუალოდ 6 სექტემბრის მატჩის შემდეგაც შეაქო.

მართლაც, საფრანგეთთან შეხვედრაში ოქრიაშვილი "ჯვაროსანთა" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო.

ფინეთთან პრინციპული მატჩის წინ ოქრიაშვილი ამბობს, რომ 10 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს:

- საფრანგეთთან ძალიან კარგად ვითამაშეთ. ბევრი ფიქრობს, რომ მოხდა სასწაული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს ქულა ავართვით, მაგრამ რატომღაც მატჩამდეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ფრანგებთან არ წავაგებდით. მოგებაც შესაძლებელი იყო, იმ მომენტით რომ მესარგებლა. 100-პროცენტიანი მომენტი
მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. არაფერია, ფრანგებთან ფრეც არაა ცუდი შედეგი.

- იმ საგოლე მომენტისას დამაჯერებლად ვერ დაარტყით...
- ჯერ ერთი, უგო ლორისმა პოზიცია ძალიან კარგად დაიკავა და კარი დაფარა; და მეორეც - ხელი იმანაც შემიშალა, რომ ვეცემოდი და დარტყმა აღარ გამომივიდა.

- ფინეთთან მატჩზე რას იტყოდით?
- აუცილებლად მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. მესამე ადგილზე გასვლის სხვა შანსი არაა, ფრე არ გვაწყობს და, ჩემი აზრით, 3 ქულის მოპოვება სავსებით შესაძლებელია. რაც მთავარია, ფრანგებთან მატჩის შემდეგ ბიჭები ძალიან კარგ განწყობაზე ვართ.

- დიდიე დეშამმა ორჯერ გამოგარჩიათ...
- მისი კომენტარი რომ წავიკითხე, ძალიან გამიხარდა. დეშამის ქება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მეამაყება, მაგრამ ეს უკვე გუშინდელი დღეა. ვისურვებდი, რომ თამაშის შემდეგ ფინელთა მწვრთნელმაც შემაქოს.

- ფრანგებთან თქვენი სითამამე მეტოქის ნახევარმცველების - ჯოშუა გილავოგისა და მუსა სისოკოს ინერტულმა თამაშმა ხომ არ განაპირობა?
- შესაძლოა, ფრანგებმა საუკეთესო ფეხბურთი ვერ აჩვენეს, მაგრამ ასე რომ მოხდა, ეს ჩვენი დამსახურებაც არის. სისოკოს, რიბერის, ბენზემასა და აბიდალის წინააღმდეგ ვთამაშობდით. ამის გამო შიში არ გვქონია, პირიქით - პირადად მე მოედანზე გაცილებით მოტივირებული და თამამად გავედი.

- საერთოდ, მეტოქის მიმართ შიში არ გახასიათებთ, რაც ქართველი ფეხბურთელისთვის ცოტა უცნაურია...
- მხოლოდ სტადიონზე მისვლამდე ვნერვიულობ, მაგრამ მოედანზე რომ გავდივარ, დაძაბულობა მეხსნება. და საერთოდ, ფრანგებთან ვინ ნერვიულობდა? ყველამ საუკეთესო თამაში ჩაატარა.

- ბოლო დღეების ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ მოახერხებს დაცვას შეჩვეული საქართველოს ნაკრები ფინეთთან ეგრეთ წოდებულ "პირველ ნომრად" გადაწყობას...
- არა მგონია, გაგვიჭირდეს. ასეთ თამაშში შეტევა და გატანა დიდი სტიმულია. ალბათ, ფინეთთან ბევრი მაყურებელი მოვა. სხვათა შორის, 6 სექტემბერს საფრანგეთთან მხარდაჭერისთვის ქომაგებს დიდი მადლობა უნდა ვუთხრა, ხალხის თანადგომა ძალას გვმატებს და იმედია, ჩვენც არ დავაღალატებთ გულშემატკივრებს. მატჩის შემდეგ ყველა ბედნიერი ვიყავით და, რაც მთავარია, ასეთ ნაკრებთან ფრემ მეტი თავდაჯერება შეგვძინა.

არც ისაა პატარა ამბავი, ხალხი უზომოდ რომ გავახარეთ - ფეხბურთს ამისთვის ვთამაშობთ. კლუბებში რაც უნდა კარგად ვიყოთ, მთავარი მაინც ეროვნული ნაკრები და მისი წარმატებაა.

- სიტყვამ მოიტანა და, მართალია, თითქოს მარიუპოლის "ილიჩევეცის" ბოლო ორ შეხვედრაში თქვენი და თარგამაძის უთამაშებლობა ნაკრებს უკავშირდებოდა?
- მართალია. მოხდა ისე, რომ უკრაინაში დასაბრუნებელი ბილეთები შემთხვევით ერთი დღის დაგვიანებით აგვიღეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი გაბრაზდა, ეს გუნდის უპატივცემულობააო და ძირითადში არდაყენებით დაგვსაჯა, მაგრამ წამოსვლამდე შეგვირიგდა, რადგან უთხრეს, რომ გაუგებრობა მოხდა და დაგვიანება ჩვენი ბრალი არ იყო.

- როდემდე უნდა დარჩეთ "ილიჩევეცში"? გასაგებია, რომ ეს მხოლოდ თქვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ საეჭვოა, ამ გუნდში მეტად "გაიზარდოთ"...
- უკეთეს ლიგაში თამაში ყველაზე მეტად მე მინდა. საამისოდ, მზად ვარ. ოდესის "ჩერნომორეციდან" და ხარკოვის "მეტალისტიდან" რეალური შემოთავაზებებიც მქონდა, სხვა ვარიანტებიც იყო... ზაფხულში გადასვლა რეალური მეგონა, მაგრამ ჩემი ტრანსფერი დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის და არ გამიშვა.

თუმცა, იმედია, ზამთარში გუნდს აუცილებლად შევიცვლი და დონეცკელებიც ამაში ხელს არ შემიშლიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო VS ფინეთი - დღეს სხვა მოთხოვნა გვაქვს!
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
შექება არა ტოროლა,ბურთი ფეხებში გებლანდება ბიძიკო და რა შექებაზე ლაპარაკობ შე გჭირებულ დღეს დაბადებულო შენა,მეცოდები ასეთი დიდი წარმოდგენა,რომ გაქვს საკუთარ თავზე.
roma
11:05 11-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული