შოთა არველაძე: ვნახე ის საქართველოს ნაკრები, რასაც ველოდი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას ყველა მტკივნეულად აღიქვამს და ყველას საკუთარი აზრი აქვს ჩვენი უპირველესი გუნდის ხელმოცარვაზე, სპეციალისტის აზრს კი სულ სხვა ფასი აქვს.

ჩვენი რესპონდენტი შოთა არველაძე გახლავთ, ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი გოლის გამტანი, თემურ ქეცბაიას თანაგუნდელი საქართველოს ნაკრებში, რომელიც ახლა თურქული "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელია.

ქეცბაიას კრიტიკას ბევრი სპეციალისტი ერიდება, ალბათ, ისევ ჩვენი მენტალიტეტის გამო, რომლის მიხედვითაც, კრიტიკა ისეთი დელიკატური რამეა, რომ ჯობია, საერთოდ არ ამოიღო ხმა ან ნახევარსიმართლე ილაპარაკო...

ისიცაა, რომ ნაკრებზე საუბარი არ ნიშნავს იმას, მხოლოდ მწვრთნელზე ილაპარაკო,
თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი უპირველესი გუნდის წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელის ბრალი ვერ იქნება...

მოკლედ, "ლელოს" კითხვებს შოთა არველაძე პასუხობს...

- როგორ შეაფასებდით ჩვენი ნაკრების თამაშს საფრანგეთთან და ფინეთთან? რა პოზიტივები და ნეგატივები დაინახეთ?
- განსაკუთრებული არაფერი მინახავს. ვნახე ის, რასაც ველოდი: ბრძოლისუნარიანი გუნდი ნაკლები იმპროვიზაციით.

- თემურ ქეცბაიამ ზურაბ ხიზანიშვილი არც საფრანგეთთან ათამაშა და არც ფინეთთან. როგორ ფიქრობთ, ხიზანიშვილმა უკვე ამოწურა საკუთარი თავი ნაკრებში?
- ხიზანიშვილმა საფრანგეთთან ქეცბაიასთან შეთანხმებით არ ითამაშა, ერთი ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა და იყო იმის საფრთხე, რომ ფინეთთან ვეღარ შეძლებდა მოედანზე გასვლას. ალბათ, ისე მოხდა, რომ ქეცბაიას საფრანგეთის მერე შემადგენლობის შეცვლა არ უნდოდა და ამიტომაც ვეღარ მოხვდა ხიზანიშვილი თერთმეტ კაცში.

ვფიქრობ, ხიზანიშვილს კვლავაც შეუძლია ნაკრების დახმარება. ეს საქართველო-ფინეთის შეხვედრაშიც გამოჩნდა.

- სანამ საქართველო კარგად დალაგებულ-დავარცხნილი ქვეყანა არ გახდება და სანამ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი საშუალო ევროპულ დონეს არ გაუტოლდება, ნაკრებს მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა არ უნდა მოვთხოვოთ - ეთანხმებით ასეთ პოზიციას?
- აუცილებელია, რომ ცხოვრების დონემ აიწიოს და ის ხალხი, ვინც ზრდის მომავალ საფეხბურთო თაობას, უამრავ ყოფით პრობლემას არ უნდა აწყდებოდეს. როცა ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელს ისე უჭირს, რომ ყოველდღე ბრძოლაში ყოფნა უწევს, ვერც საკუთარ განვითარებაზე ფიქრობს, ვერც - საკუთარი შვილების და ვერც - მისი აღსაზრდელების. ამიტომ საქართველოში არსებული სოციალური პრობლემები ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს ფეხბურთის განვითარებაზეც.

- ნაკრები, რომელიც სულ დაცვით ფეხბურთს თამაშობს, როგორ უნდა განვითარდეს? როცა ფინეთს შინ ეთამაშები და შეტევაში გადასვლის დროს უკან ოთხი მცველი და ერთი საყრდენი ნახევარმცველი რჩება (ასე იყო პირველ ტაიმში), ეს სწორ ტაქტიკად მიგაჩნიათ?
- ტაქტიკა არ არის ის, რაც ფეხბურთელმა ისე უნდა შეასრულოს, როგორც ეს მწვრთნელს უნდა. საქართველოს ნაკრების არც ერთ მცველს წინ თამაში არ შეუძლია, ხიზანიშვილის გარდა. არ აქვთ იმის ნიჭი, რომ წინ წავიდნენ და შეტევას რამე შემატონ. ამიტომ იცვლებიან თითქმის ყოველ მეორე თამაშზე ამ პოზიციის ფეხბურთელები.

მთავარი ესაა - როცა რაღაც არ შეგიძლია და არ გაქვს ამის ნიჭი, მწვრთნელმა ის უნდა დაგავალოს, რაც უკეთესად გამოგდის. დღეს ვინ გვყავს ისეთი მცველი, ვინც ცოტათი მაინც დაეხმარება ამ ნაკრებს შეტევაში? ფაქტია, რომ ასეთი არავინაა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა განსაკუთრებულად ძნელი?
- ალბათ, იმიტომ, რომ ფეხბურთი თითქმის ასი წლის განმავლობაში იყო ჩვენი ეროვნულობის, ნიჭისა და კიდევ ბევრი იმ თვისების გამომხატველი, რასაც ვერ ვამჟღავნებდით. სპორტის ეს სახეობა გარკვეულწილად იქცა ჩვენი პიროვნულობის ამსახველად და ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, გადამეტებულად გვგონია, რომ ბევრი რამ ვიცით. ამიტომაც არის ძნელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა.

ჩვენთან ხომ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ექიმმა, დურგალმა თუ მძღოლმა ჩივაძეს ან ქეცბაიას ფეხბურთი ასწავლოს.

- ქეცბაიამ ერთხელაც თქვა, შემქმნელი ფეხბურთელები ბევრი არ გვყავსო - ეთანხმებით მას ამაში?
- შემქმნელი ფეხბურთელების საკმარისი რაოდენობა არ გვყავს და ვინც გვყავს, ისინი ჯერ ალბათ არ არიან მზად ლიდერობისთვის.

- ნაკრების მწვრთნელი ყველაფერს მუქ ფერებში ხატავს. მისი თქმით, არ გვყავს ბევრი შემქმნელი ფეხბურთელი, ქართულ ფეხბურთში მძიმე მდგომარეობაა... ასეთ დროს რამ უნდა მიიყვანოს გულშემატკივარი სტადიონზე?
- მე მაინც მგონია, რომ ქეცბაიასი სხვანაირად ესმით. ვფიქრობ, ის რეალობის ასახვას ცდილობს და იმას ითხოვს, რომ ყველამ იცოდეს, რას აკეთებს, რა გვინდა და რა შეიძლება მოვითხოვოთ დღევანდელობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტადიონზე არ უნდა ვიაროთ და რომ კარგ თამაშებს ვერ ვნახავთ, თუნდაც ისეთს, საფრანგეთთან და ხორვატიასთან რომ იყო.

- ბოლოს კი, ევროსარბიელზე "დინამოსა" და "დილას" გამოსვლაზეც გკითხავთ. შეძლებისდაგვარად, ალბათ, მათ თამაშებსაც ადევნებდით თვალს და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- თუ "დილას" მეტ ყურადღებას მიაქცევენ, "დინამოსთან" ერთად აუცილებლად ექნება წარმატება ევროსარბიელზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები საფრანგეთ-ფინეთთან მატჩების შემდეგ: ვინ როგორ...
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 20 /
ქეცბაია კიარა მამაგმერთი ვერუშველის ამ ნაკრებს, მაგრამ შენ უნდა გეყოს ნამუსი და გადადგე მილიონებს როიდებ ჯიბეში.100 000 ლარიანი მწვრთნელიც ათამაშებს ამ ნაკრებს ისე როგორც გეცბაია ათამაშებს,ესაა სიმართთლე
lasha
22:25 14-09-2013
0
ან აკამდე რას აკედებდა
mamuka
14:27 15-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული