თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

AutoSharing Option
18 ნოემბერს საღამოს, ალბათ, მთელმა საქართველომ ნახა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან.

რა აზრი დაგრჩათ?

შევეცადე, წარმომედგინა, რა ემოციურად ელაპარაკება გასახდელში ეროვნული ნაკრების თავკაცი ფეხბურთელებს. იმის წარმოდგენაც ვცადე, როგორ უნდა დაალაგოს ასეთმა ფეთქებადმა კაცმა გუნდში სიტუაცია და როგორ უნდა შექმნას კარგი ატმოსფერო.

ქეცბაია ძალიან ემოციური გახადა კითხვამ - ხომ არ არის საჭირო ფინანსური მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის?

ქეცბაიამ ემოციურად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ თუ ვერ ჩამოვიდა ალექსანდრე ამისულაშვილი ნაკრებში ესპანეთთან საგარეო მატჩისთვის და ისიც კი თქვა
- ჟურნალისტები ფეხბურთელებს ალიბებს უქმნითო.

და რატომ არ ილაპარაკა ქეცბაიამ ამისულაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე ესპანეთთან მატჩის წინ ან მის შემდეგ?

ძნელია, პოლემიკაში შესვლა ამ ადამიანთან და ამაში წუხელ, ალბათ, ყველა დარწმუნდა.

ქეცბაიამ რამდენჯერმე ახსენა ფრაზა "ნორმალური ქვეყანა" და წუხელ კიდევ ერთი კითხვის დასმის საშუალება არ მომეცა - რომელ ნორმალურ ქვეყანაში ხდება, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ასეთი ტონით ელაპარაკებოდეს ჟურნალისტებს?

ქეცბაია გადადგომას არ აპირებს - წუხანდელმა შეხვედრამ ამის ვარაუდის საშუალებაც მოგვცა.

რა თქმა უნდა, მისი წასვლით საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელთა ოქროს საბადო არ გაუჩნდება, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ სხვასაც მიეცეს შანსი, ჩაიბაროს ეს ნაკრები და იქნებ, უკეთესად იმუშაოს, ვიდრე ქეცბაიამ?!

და ეს ყვირილი მოგეწონათ?

ქეცბაიამ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჟურნალისტი მის პოზიციას ჩაეჭიდოს და აქედან პოზიტივები გამოადნოს... მწვრთნელის სასარგებლოდ.

ქეცბაიამ ძალიან ძნელ საქმეს მოჰკიდა ხელი და ჰგონია, რომ ნაკრები წინ მიდის. "ლელოში" ეროვნულ ნაკრებზე ბევრმა სპეციალისტმა თუ ფეხბურთელმა ილაპარაკა და ვერავისგან მოვისმინეთ, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა, რომ ქეცბაიას საქმე კარგად მიჰყავს, რომ დღეს შედეგი არ არის, მაგრამ ხვალ აუცილებლად იქნება უკეთესობა და ასე შემდეგ...

ადრეც გვითქვამს და დიდ ცოდვას არ ჩავიდენთ, თუ გავიმეორებთ - ქეცბაია ნაკრებში ძალიან მაგრად, გულიანად თამაშობდა და ამის გამო ის ყოველთვის რესპექტაბელური კაცი იქნება თავის სამშობლოში და ყველგან, სადაც კი მისი თამაში უნახავთ.

მწვრთნელმა ქეცბაიამ დიდ წარმატებებს მიაღწია "ანორთოსისში" და ამითიც კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ოღონდაც, მწვრთნელობა ისეთი ხელობაა, წასვლაც ღირსეულად უნდა შეგეძლოს.

ყვირილი, აგრესიული ტონი - ჟურნალისტებთან ეს რომ დაგჭირდება, უკვე წამგებიან სიტუაციაში ხარ.

რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ფეხბურთის ფედერაცია? რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ნაკრებთა ფინანსური დონორი - ქვეყნის მთავრობა?
ვფიქრობ, კითხვები სწორედაც რომ აქტუალურია.

მწვრთნელობა მართლაც გვარიანად რთული ხელობაა, მით უმეტეს - საქართველოს ნაკრების. ეს ძალზე დიდ ნერვულ ენერგიას მოითხოვს და ქეცბაიას ნამდვილად ძვირი უჯდება ამ საქმესთან შეჭიდება.

თოქშოუ გამოვიდა?

ალბათ, კი, რადგან სიყალბე მასში ვერ დავინახე, ყველაფერი ნამდვილს ჰგავდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 49 /
...მეტის ღირსნი ვართ!...ეს არც წამსვლელია და მისი გამშვებიც არ ჩანს...ჟურნალისტები კი აშკარად დაბნეული კურდღლებივით იქცეოდნენ...არაფერი გვეშველება...
murtalo
02:59 20-11-2013
0
1) ჟურანილისტებმა ცუდად მოიქეცით, უნდა დაუსვათ წყნარად კითხვები, მშვიდად და ზრდილობიანად, მიიღებთ იმავეს
2) ქეცბაიამაც არ იცის ლაპარაკი და თქვენგან განსხვავებით არ მოეთხოვება, ვეხმრობი რომ აცადონ კიდევ ერთი შესარჩევი
soso
03:44 20-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული