სფფ-ის პასუხად - გამოაქვეყნეთ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის ორიგინალი!

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტზე "ლელომ" რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა. თითქოსდა უწყინარ თემას სრულიად აბსურდული გაგრძელება, ბრალდებები და ქვეტექსტები მოჰყვა.

აი, მაგალითად, სფფ-ის 28 ნოემბრის განცხადება:

"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ - თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული ხელშეკრულების პირობები, უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის განსჯის საგნად იქცა.

ვინაიდან, ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, საჭიროდ მივიჩნიეთ, გავაკეთოთ განმარტება და ყველა დაინტერესებული პირისათვის გასაგები გავხადოთ კონტრაქტის სადავო პუნქტები.

თემურ ქეცბაიას და სფფ-ის მოქმედი ხელშეკრულება 2011
წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდეა ძალაში, რაც გულისხმობს მწვრთნელის მუშაობის 4 წელს.

რაც შეეხება აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას - ხელშეკრულების 2+2-წლიანი ვარიანტის შესახებ, ის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან განმარტებული იყო არა როგორც ხელშეკრულების პირობა, არამედ, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა.

აქვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახური ოფიციალურად განმარტავს: კონტრაქტის გაფორმების დღიდან - დღემდე, მასში აღნიშნული ვადები უცვლელია და არანაირი ახალი კონტრაქტი ან რაიმე სახის შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან არ გაფორმებულა.

კონტრაქტი 4-წლიანია და გრძელდება 2015 წლის 12 სექტემბრამდე".

ეს ყველაფერი მართლა აბსურდამდე მიდის. უკვე ვწერდით, რომ თემურ ქეცბაიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის არქივში აღარ დაგვხვდა. იქ არ აღმოჩნდა ინფორმაციები 2011 წლის 7 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე, რაც გარკვეულ ეჭვს ბადებს (მხოლოდ ეჭვს!).

სამაგიეროდ, 27 ნოემბერს ამავე საიტზე მივაკვლიეთ ინფორმაციას ინგლისურ ენაზე. იმავე დღეს ქართული ვარიანტი ისევ გაჩნდა. აი, რა წერია იქ:

"ახალი კონტრაქტის დეტალებზე კი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაწვრილებითი განმარტებები გააკეთა. კონტრაქტი 2+2 სისტემითაა შედგენილი".

ანუ იქაც იგივე ინფორმაციაა, რაც "ლელომ" დაწერა. ზოგადად, ცნობილია, რომ ასეთი ხელშეკრულება შემდეგს გულისხმობს - მხარეებმა მისი გაგრძელების საჭიროებაზე 2 წლის შემდეგ ხელახლა უნდა დაილაპარაკონ. ეს ორი წელი 2013 წლის სექტემბერში გავიდა...

სხვათა შორის, სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდის მაშინდელ ინფორმაციაშიც 2+2 სისტემა არ იყო განმარტებული, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა, რაზეც დღეს ფედერაციის განცხადებაში ვკითხულობთ. და საერთოდაც, "სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა" რაღაც თითიდან გამოწოვილს, სახელდახელოდ მოგონილ მიზეზს ჰგავს. ანუ ფედერაციისთვის ეს არის სიტუაციიდან გამოსავალი. მაგრამ არის რომ?

საინტერესოა, როდის აქეთაა, რომ "სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმას" ოფიციალურ პრეზენტაციებზე ამზეურებენ და თანაც, ხელსაც აწერენ (იხ. ფოტო).

სფფ-ის განცხადებაში წერია: "ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია".

დაბნეულობა კი არა, ვიტყოდით - აღშფოთება. დაბნეულობა უფრო ფედერაციას ეტყობა, რაც განცხადებიდანაც ჩანს.

შეიძლება, სულაც არაფერი გვეთქვა ამ თემაზე, რადგან ქეცბაიას კონტრაქტი ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის, მაგრამ ადრეც ვწერდით და ახლაც ვიმეორებთ - პრინციპის საქმეა და სიმართლე უნდა გაირკვეს! მერე კი, თუ გნებავთ, 2+2 გადააკეთეთ 3+3-ად. ოღონდ ტყუილს ნუ ეტყვით ხალხს.

გამოაქვეყნეთ კონტრაქტის ორიგინალი!

პაატა გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაში გჭირდებათ ტყუილი? - ისევ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის საკითხის შესახებ
როცა 2+2 ავტომატურად 4 არ არის - როგორი კონტრაქტი აქვს თემურ ქეცბაიას?
მკითხველის კომენტარები / 13 /
თავის თავში უნდა ეძიოს ყველამ დანაშაული. ყველა მტყვანია და ყველა მართალი, ერთმანეთისთვის რაღაცას დამტკიცება უნდათ და ზარალდება ქართული ფეხბურთი. ორივე მხარემ (ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც) უნდა წავიდონ დათმობაზე ერთმანეთის მიმართ. რაგბს რომ უყურებ ვხედავ როგორ იხარჯებიან ბიჭები, როგორ ომობენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშნელობით, გულს უხარია, და თუნდაც რომ წააგონ პატივისცემას უმსახურებენ. ასეთი უნდა იყოს ნებისმიერი ნაკრები. ჟურნალისტები კი იმის მაგივრათ რომ გაანეიტრალონ სიტუაცია, პირიქით ბენზინს ასხამენ.
merab1970
22:36 28-11-2013
0
რა წაიღეთ ტვინი ამ კონტრაქტით!!!! ამდენ გამოძიებას საქართველო -ჰოლანდიის გოლები დადეთ ჯობია!
Jora
10:25 28-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული