საქართველო VS მალტა - მარადიული იმედი

AutoSharing Option
ფოტოზე: 2010 წლის 8 ოქტომბერი. დავით სირაძეს (N14) მალტელთა კარში გამარჯვების გოლი გააქვს
თითქმის ხუთთვიანი პაუზის მერე საქართველოს ნაკრები თბილისელი გულშემატკივრის წინაშე წარდგება. ჩვენი უპირველესი გუნდი დღეს, 25 მარტს, ამხანაგურ მატჩში მალტის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ეს იქნება ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძის სადებიუტო მატჩი და ყველას გვსურს, რომ ჩვენი უპირველესი გუნდის ახალ თავკაცს (ისე, როგორც, საერთოდ, საქართველოს ნაკრებს) წარმატებით დაეწყოს საფეხბურთო 2015 წელი.

საქართველო-მალტის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი
განახორციელებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 11:00-დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია.

შემადგენლობა და ფილოსოფია
...საქართველოს ნაკრები ოთხ დღეში პლანეტის უძლიერეს გუნდს, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში; თუმცა მანამდე დღევანდელი ამხანაგური შეხვედრაა მალტის ნაკრებთან და ქართველი ქომაგიც დიდი ინტერესით მოელის ახალი მწვრთნელის მიერ შერჩეულ შემადგენლობასაც და, საერთოდ, ნაკრების ახალ "სათამაშო ფილოსოფიას".

ისიც საინტერესოა, თუ როგორ წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით ჩვენი ნაკრების ძველი, ახალი თუ ძველ-ახალი (ანუ ნაკრებში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებულნი) ფეხბურთელები; მით უფრო, რომ ამხანაგურ მატჩებში შეცვლების რაოდენობაც მეტია (ექვსი) და, რაც მთავარია, მწვრთნელს საშუალება მიეცემა, რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი მოსინჯოს.

ამ მხრივ კი, საბედნიეროდ, მართლაც ექნება კახა ცხადაძეს ვარირების საშუალება: დღევანდელ საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით რომ შეუძლია თამაში. აღარაფერს ვამბობთ იმ, აშკარად დადებით და, ცოტა არ იყოს, უკვე დავიწყებულ ტენდენციაზე, როცა საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარ კლუბში არც სათამაშო პრაქტიკის პრობლემა გააჩნია და ზოგიერთი მათგანი მარტის თვეში საერთოდაც ჩინებულად გამოიყურებოდა!

მოკლედ, იმედიანად ველოდებით საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეთვრამეტე მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის დღევანდელ დებიუტს ამ უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტზე; ისე, როგორც იმედის თვალით შევცქერით მეტ-ნაკლებად გადახალისებული საქართველოს ნაკრების სამომავლო პერსპექტივასაც!..

რეიტინგი და პოზიტივი
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დღესდღეობით ასეულს მიღმაა (126-ე ადგილზე ვართ!), თუმცა, ვერც ჩვენი მეტოქე წყვეტს ვარსკვლავებს: მალტის ნაკრები 145-ეა ფიფას ბოლო კლასიფიკაციაში.

ამის მიუხედავად, ამ ნაკრებს წელიწადში ერთხელ (ხანდახან... ორჯერაც) სიურპრიზების გაკეთება უყვარს და ამის დასტურად კუნძულელთა უკანასკნელი ოფიციალური მატჩიც გამოდგება, როცა იტალიელი სპეციალისტის, პიეტრო გედინის დამოძღვრილმა მალტის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სტუმრად ფრედ ითამაშა ბულგარეთის ნაკრებთან.

ასეთი გამონათებები მალტელებს ადრეც პერიოდულად ჰქონიათ; თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ რამდენიმე წლის წინათ ხანგრძლივზე-ხანგრძლივი მოუგებელი სერია მალტელებმა ...საქართველოს ნაკრებთან საშინაო მატჩში შეწყვიტეს!

საერთოდ კი, ჩვენს ნაკრებს დღესდღეობით დადებითი ბალანსი აქვს მალტელებთან: 7 მატჩი, 4 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება (ბურთების სხვაობა: 9-3).

იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელი საღამოს მერე ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება და ნურც ის მნიშვნელოვანი ფაქტორი დაგვავიწყდება, რომ მალტელებთან ჩვენთვის სასურველი შედეგის (და, რაღა თქმა უნდა, ასევე სასურველი თამაშის ხარისხის) ჩვენებამ ჩვენი ნაკრების თითოეული წევრის ფსიქოლოგიურ განწყობაზეც ერთობ პოზიტიურად უნდა იმოქმედოს.

პირველი და წარმატებული
მალტელებთან სანაკრებო დონეზე პირველი დაპირისპირება 1993 წლის თებერვალში, საერთაშორისო ტურნირზე გვქონდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ჩვენი ნაკრების ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტურნირი და პირველ მატჩში სლოვენიელებთან წაგების მერე საქართველოს ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ერთადერთი გოლით მოიგო ეს შეხვედრა.

სხვათა შორის, ეს იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსანდრე ჩივაძის პირველი გამარჯვება...

ისტორიული ტესტ-მატჩი
მალტელებს მეორედ იმავე, 1994 წელს შევხვდით და ამჯერად უკვე თბილისში ვუმასპინძლეთ; ოღონდ ეს მატჩი "ჩვეულებრივ ამხანაგურ შეხვედრას" თავისი მნიშვნელობით აშკარად სცილდებოდა! მოგეხსენებათ, რომ იმ დროს ფიფა-უეფა საქართველოს თავის რიგებში არ აწევრიანებდა და 1994 წლის 19 ივლისს თბილისში დანიშნულ ტესტ-მატჩსაც პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე: ვიყავით თუ არა მზად, რომ საქართველოს ნაკრებს ოფიციალური შეხვედრები საშინაო არენაზე ჩაეტარებინა.

სხვათა შორის, აქ ჩამოსვლას ყველა უარობდა და საბოლოოდ მალტელები გვეწვივნენ. ჩვენი ფეხბურთისთვის ამ ისტორიული ვიზიტის ინიციატორი მალტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯოზეფ მიფსუდი გახლდათ. ეს უკანასკნელი ამ ტესტ-მატჩამდე მცირე ხნით ადრე უეფას აღმასკომის წევრად აირჩიეს, რაშიც ძალიან დიდი დამსახურება მიუძღოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს (უფროსს).

...ტესტ-მატჩზე უეფამ საგანგებო დამკვირვებელიც გამოგზავნა: ამ ორგანიზაციის გენერალური სამდივნოს თანამშრომელი და უეფას სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე რენე ებერლი. ჩვენდა საბედნიეროდ, "გამოცდა" წარმატებით ჩავაბარეთ და ერთ კვირაში უეფას საშეჯიბრო განყოფილების უფროს თომას კურცის ხელმოწერით წერილიც მოგვივიდა, რის მიხედვითაც, უფლება გვეძლეოდა, უეფას ეგიდით ჩასატარებელი მატჩები თბილისში ჩაგვეტარებინა!

თვითონ ის მატჩი კი, რომელსაც ცნობილი შვეიცარიელი არბიტრი ურს მაიერი სჯიდა, ფრედ, 1:1 დამთავრდა; პირველი გოლი სტუმრებმა საჯარიმოდან გაიტანეს, თუმცა მალევე ანგარიში გავათანაბრეთ: თავის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი შოთა არველაძემ ზუსტად შეასრულა და, სხვათა შორის, ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი ოფიციალური გოლი!

ამ ტესტ-მატჩში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა: მეორე ტაიმში მოედანზე სამი ძმა არველაძე (რეზო, შოთა, აჩიკო) ერთად იყო!

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ტესტ-მატჩში ალექსანდრე ჩივაძემ იმ დროისათვის ერთეული ქართული ლეგიონერები (კახა ცხადაძე, თემურ ქეცბაია, გია გურული, გიორგი ჩიხრაძე) ვერ ათამაშა.

...და დანარჩენი
მალტელებთან მომდევნო ორი მატჩი ორბურთიანი სხვაობით მოვიგეთ: 1998 წელს, მალტის საერთაშორისო ტურნირზე, ვლადიმერ გუცაევის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა მიხეილ ყაველაშვილის "დუბლითა" და გოჩა ჯამარაულის გოლით დავჯაბნეთ მასპინძლები.

აი, ქართულ-მალტური მეოთხე დაპირისპირება კი რვა წლის მერე შედგა და ეს იყო კლაუს ტოპმიოლერის პირველი მოგება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. აღსანიშნავია, 2006 წლის პირველ მარტს მალტელებთან ჩატარებულ მატჩში საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლები გაიტანეს ჯაბა კანკავამ და ოთარ მარცვალაძემ.

...აი, მალტელებთან რიგით მეხუთე დაპირისპირება კი ნამდვილად უსიამოვნოდ მოსაგონარია: ამ ქვეყნის ნაკრებთან პირველად რომ წავაგეთ, ეგ კიდევ არაფერი; არანაკლებ მტკივნეული იყო იმ დროისათვის არსებული მართლაც კოშმარული სერიის გაგრძელება: ყველას გვეგონა, რომ სწორედ მალტელებთან შეწყდებოდა საქართველოს ნაკრების ათმატჩიანი მოუგებელი სერია, თუმცა მასპინძელთა საუკეთესო ფორვარდმა მაიკლ მიფსუდმა 2 უპასუხო გოლი გაიტანა ექტორ კუპერის დამოძღვრილი საქართველოს ნაკრების კარში.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით მალტელებმა 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს...

მალტელებთან ბოლო ორი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩაატარა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოც და მალტაც ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ.

პირველი შეხვედრა, 2010 წლის 8 ოქტომბერს თბილისში რომ ჩატარდა, იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში... პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო. თანაც, ეს იყო თემურ ქეცბაიას პირველი გამარჯვება ოფიციალურ შეხვედრაში, თუმცა, ის 3 ქულა ერთობ მძიმე ბრძოლაში მოვიპოვეთ: 0:0-ზე, მატჩის მიწურულს ჩვენმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა გადაგვარჩინა, როცა მასთან პირისპირ გასულ შკემბრის აჯობა.

არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი, ჩვენი კაპიტნის, კახა კალაძის ზუსტი ფლანგური პასის მერე დავით სირაძემ ეფექტური თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა!

სულ ბოლო დაპირისპირება კი იმით დაგვამახსოვრდა, რომ ჯაბა კანკავას გოლს მალტელთა უპირობო ლიდერმა მაიკლ მიფსუდმა მართლაც ეფექტური გოლით უპასუხა და თავის გუნდს იმ შესარჩევ ციკლში... პირველი ქულაც მოუტანა!..

საქართველო-მალტის ყველა დაპირისპირება
საერთაშორისო ტურნირი
10.02.94. ლა-ვალეტა. ტაქალი. 12 000 მაყურებელი
მალტა-საქართველო 0:1
0:1 ქეცბაია (15-პენ)
საქართველო: ზოიძე - ზ. რევიშვილი, ცხადაძე, შელია (75. ბერაძე), კუდინოვი (55. სიდამონიძე) - ყაველაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია - ქინქლაძე - ყიზილაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: სპიტერი - ცხადაძე, შელია, ყაველაშვილი
არბიტრი: დ. იამსეკი (სლოვენია)

ამხანაგური მატჩი
19.07.94. თბილისი. ეროვნული სტადიონი. 35 000 მაყურებელი
საქართველო-მალტა 1:1
0:1 სპიტერი (33), 1:1 შ. არველაძე (37-პენ)
საქართველო: ზოიძე - ზ. რევიშვილი, ნემსაძე, შელია, გ. ჯიშკარიანი - რ. არველაძე, ინალიშვილი (46. ყაველაშვილი), ჯამარაული, ტუღუში (46. ა. არველაძე) - ქინქლაძე - შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: გოჩა ჯამარაული
გაფრთხილება: ნემსაძე, ჯამარაული - ჯ. კამილერი
არბიტრი: უ. მაიერი (შვეიცარია)

საერთაშორისო ტურნირი
10.02.98. ლა-ვალეტა. ტაქალი
მალტა-საქართველო 1:3
0:1 ყაველაშვილი (13), 1:1 ოვერენდი (58-პენ), 1:2 ჯამარაული (71), 1:3 ყაველაშვილი (74).
საქართველო: გვარამაძე - ჩიხრაძე (46. ა. იაშვილი), შელია, სილაგაძე (79. ცქიტიშვილი), კალაძე (79. ხვადაგიანი) - ქეცბაია, შეყილაძე, ნემსაძე, ჯამარაული (77. გახოკიძე) - ქინქლაძე - ყაველაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
გაფრთხილება: ბრინკატი, ჩეტკუტი, გოგლიო - ჩიხრაძე, შელია, ქეცბაია, სილაგაძე, გახოკიძე
არბიტრი: ბ. ბრეგა (ალბანეთი)

ამხანაგური მატჩი
01.03.06. ლა-ვალეტა. ტაქალი. 2 000 მაყურებელი
მალტა-საქართველო 0:2
0:1 მარცვალაძე (9), 0:2 კანკავა (18)
საქართველო: ნ. რევიშვილი - მჭედლიშვილი (55. ბჟალავა), ღვინიანიძე, გ. ფოფხაძე, ცქიტიშვილი - კანკავა, განუგრავა - რ. გოცირიძე (82. გ. ნუგზარის ძე ჭელიძე), დ. მუჯირი (61. კ. მახარაძე), კობიაშვილი - მარცვალაძე.
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
გაფრთხილება: აგიუსი - ფოფხაძე, კანკავა, კობიაშვილი, მახარაძე, რევიშვილი
არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა)

ამხანაგური მატჩი
12.08.09. ლა-ვალეტა. ტაქალი. 1 500 მაყურებელი
მალტა-საქართველო 2:0
1:0 მიფსუდი (64), 2:0 მიფსუდი (74)
საქართველო: ლომაია - გ. კაშია, ხიზანიშვილი, ღვინიანიძე (82. თ. ღონღაძე), გ. ფოფხაძე (84. სანაია) - ცქიტიშვილი (64. დევდარიანი), ხმალაძე, კობიაშვილი -სეთურიძე (68. მერებაშვილი), ყენია - დვალიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ექტორ კუპერი
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
გაფრთხილება: სამუტი - ხიზანიშვილი, დევდარიანი
არბიტრი: პ. კაილისი (მალტა)

ევრო 2012
08.10.10. თბილისი. ბორის პაიჭაძე. 40 000 მაყურებელი
საქართველო-მალტა 1:0
1:0 სირაძე (90)
საქართველო: ნ. რევიშვილი - სალუქვაძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე -ხიზანიშვილი, გოგუა - მერებაშვილი (46. ა. იაშვილი), ანანიძე (73. დაუშვილი), კობიაშვილი - დვალიშვილი (46. სირაძე).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
კაპიტანი: კახა კალაძე
გაფრთხილება: ხიზანიშვილი - კოენი, შემბრი, აგიუსი
არბიტრი: ა. ბლეკი (ჩრ. ირლანდია)

ევრო 2012
06.09.11. ლა-ვალეტა. ტაქალი. 1 500 მაყურებელი
მალტა-საქართველო 1:1
0:1 კანკავა (15), 1:1 მიფსუდი (25)
საქართველო: ნ. რევიშვილი - კაშია, ხიზანიშვილი, კალაძე, გრიგალავა - კანკავა, კობიაშვილი - თარგამაძე, ანანიძე (77. კობახიძე), ა. იაშვილი (61. დვალიშვილი) - მარცვალაძე (66. შ. გრიგალაშვილი).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
კაპიტანი: კახა კალაძე
გაფრთხილება: ჰოგი - ხიზანიშვილი, კაშია
არბიტრი: პ. ვან ბოეკელი (ჰოლანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი ყოფილა ეს ...
gurgena sarikiani
16:36 25-03-2015
0
თბილისელი მაყურებლის წინაშე არასწორი ნათქვამი! ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარსდგებაო უნდა დაწეროთ რადგან ნაკრები მარტო თბილისის არ არის,ეს ვიტ გეორგია ხო არ არის????!
bacho
16:08 25-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული