რუბრიკაში - "როგორ იზრდება თაობა" - განსაკუთრებულ ყურადღებას რეგიონებში არსებულ ვითარებას მივაქცევთ, რადგან ეს თემა თბილისში მეტ-ნაკლებად მოგვარებულია.
რეგიონებში კი ერთი ხეირიანი სკოლაც არ არის. ამის შედეგია, რომ ყველა ნიჭიერი ან თბილისში მოდის, ან იძულებულია, ადგილზე არც ისე კარგ პირობებში ივარჯიშოს, მერე კი ფეხბურთს საერთოდ შეეშვას...
"საფუძვლის გარეშე სახლი ვერ აშენდება" - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან ინტერვიუ
"არც ისე დიდი ხანია, რაც ბათუმის "დინამოს" საფეხბურთო სკოლა აღვადგინეთ. ის 10 წლის განმავლობაში არ არსებობდა და ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ საქართველოში ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. 9 ასაკობრივი ჯგუფი გვყავს, სადაც 6-დან 16 წლამდე ფეხბურთელები ვარჯიშობენ. სკოლას კი მთლიანად ბათუმის "დინამოს" ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ...
ყველას კარგად მოეხსენება, რომ დღეს ქართულ ფეხბურთში ბევრი პრობლემაა. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი - უფულობაა. საბედნიეროდ, ბიუჯეტიდან გამოყოფილია 2,5 მილიონი ლარი, საიდანაც 500 ათასი სკოლას ხმარდება.
მითხარით, ბევრ კლუბში იხარჯება ამდენი ბავშვებზე? აჭარაში ფეხბურთს დიდ ყურადღებას აქცევენ და მიხარია, რომ ამ კუთხით დიდი ძვრები გვაქვს. იმის იმედიც გამაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში თბილისის "დინამოს", "საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლების გვერდით ჩვენს სკოლასაც დაასახელებენ. საამისოდ, ყველაფერი კეთდება.
ასეთ შემთხვევაში, აღარ დაგვჭირდება მთავარ გუნდში მოთამაშეების გამუდმებით სხვაგან ძებნა. ახლა უკვე სკოლის გაზრდილების პირველი თაობა ჭაბუკთა ლიგის გუნდებში დაწინაურდა", - ამბობს ფედიჩკინი.
ბათუმელთა ხელმძღვანელი სკოლის მუშაობის პრინციპებზე გველაპარაკა:
"ჩვენი პლუსი ისაა, რომ ბავშვები ერთ თეთრსაც არ იხდიან, უფასოა მგზავრობა, ფორმები და ბურთები, არ იხდიან ტურნირში მონაწილეობის გადასახადსაც. აღმოსავლეთ საქართველოში თამაშები თუ გვაქვს, ბავშვები ერთი დღით ადრე მიემგზავრებიან. ამას გარდა, სკოლას გამოცდილი გელა შეყილაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.
სულ იქ A ლიცენზიის მქონე 7 სპეციალისტია დასაქმებული, მათ შორის არიან ყოფილი დინამოელები - ამირან მუჯირი, თემურ ტუღუში, ალეკო კანტიძე, ვანო მახარაძე, გოჩა ყულეჯიშვილი, ირაკლი ცანავა...
პირობებმა, გარემომ, ყურადღებამ და კვალიფიციურმა სპეციალისტებმა განაპირობეს, რომ "დინამოს" სკოლაში ბავშვების რაოდენობა 100-დან 500-მდე გაიზარდა და ეს უკვე ფეხბურთის ბუმია".
ფედიჩკინი სკოლასთან დაკავშირებულ საინტერესო ჩანაფიქრებსაც გვაცნობს:
"დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყოველწლიურად ბათუმში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ჩავატაროთ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების გუნდები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან.
ბათუმში მალე ბაზა აშენდება, ხოლო სასტუმროები პრობლემა არ არის, სტუმრებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში დავაბინავებთ. დარწმუნებული ვარ, ერთი კარგი ორგანიზაციის შემდეგ ჩვენთან შემდეგ სიამოვნებით ჩამოვლენ.
ასეთი ტურნირები სჭირდება ქართულ ფეხბურთსა და კლუბების განვითარებას, ბავშვები მაღალი დონის მოთხოვნებს თავიდანვე რომ შეეჩვიონ. ამ კუთხით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს არაერთი პრობლემა დახვდა და მათთან გამკლავება მოუწევს.
მაგრამ მჯერა, მალე სერიოზული ცვლილებები დაიწყება, რადგან ლევანი ამბიციური გეგმებით მოვიდა და ყველაფერს გააკეთებს, ქართული ფეხბურთი რომ განვითარდეს".
ბათუმელთა თავკაცი ამბობს, რომ ბავშვთა ფეხბურთის სისტემა რეფორმას საჭიროებს:
"ბოლო ათწლეულებია, რაც საქართველოს ჩემპიონატი აღარ ტარდება, რეგიონები პირველობებს ცალ-ცალკე ატარებენ, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბავშვებს კი ერთმანეთთან თამაშები მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში ან ტურნირებზე თუ უწევთ. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ერთიან ტურნირებს თუ ჩავატარებთ. ასე ბავშვები უფრო გაიზრდებიან და ფეხბურთიც უფრო მრავალფეროვანი გახდება, ქვეყნის მხარეებს შორის კი მეტი კავშირი დამყარდება".
ფედიჩკინის აზრით, ბევრი რამაა დამოკიდებული ინფრასტრუქტურაზე:
"როცა ბათუმის "დინამოს" ბაზა აშენდება, ბევრი პრობლემა მოგვარდება. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო ტურნირის გამართვა გაცილებით გაადვილდება, რადგან სტუმრებს საკუთარ ბაზაზეც დავაბინავებთ.
ცხადია, თანამედროვე პირობები ბათუმის "დინამოს" უკეთეს ხვალინდელ დღესაც წაადგება და კლუბის წინსვლასაც. ამ ყველაფრის მიზანი ის არის, რომ უახლოეს წლებში ბათუმი ძლიერი საფეხბურთო ცენტრი უნდა გახდეს და ქართული ფეხბურთი გააძლიეროს.
ჩვენ მალე, ძირითადად, ბათუმის საფეხბურთო სკოლის აღზრდილებით უნდა ვიარსებოთ. არ დავმალავ - ჩემი ოცნებაა, რომ წლის მთავარი მოვლენა ორი "დინამოს" თამაში გახდეს - თბილისისა და ბათუმის, ყოველწლიურად კი ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
ბათუმის "დინამოს" კარგი მენეჯმენტი აქვს, გუნდი სწორი გზით მიდის და ამის შედეგები მალე გამოჩნდება".
ბათუმელთა დირექტორს სტადიონის მშენებლობაზეც ვკითხეთ:
"ამ პროექტის ღირებულება 4,9 მილიონი ლარია. ტენდერი "ენერგოსექტორმშენმა" მოიგო და ბაზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. გათვალისწინებულია 4-სართულიანი ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობა, სადაც სამ სართულზე სასტუმრო ნომრები განთავსდება.
პლუს, 1575 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნები აშენდება და ცენტრალური სტადიონის აშენებამდე გუნდი საშინაო მატჩებს ბაზაზე ჩაატარებს. ამ დღეს დიდი ხანი ველოდით, რადგან ბაზის აშენების შემდეგ გუნდი უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.
მჯერა, მალე ცენტრალური სტადიონის მშენებლობაც დაიწყება, რომელიც 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი. პროექტის მიხედვით, სტადიონზე იქნება 500-ადგილიანი VIP-ლოჟა, თანამედროვე პრესლოჟა, მსაჯების, დელეგატებისა და გუნდების ოთახები და გასახდელები, ფერადი ტაბლო. ამას გარდა, მოეწყობა 150-ადგილიანი პარკინგი, სამედიცინო ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები, ფრენბურთის დარბაზი, სავაჭრო კომპლექსი, საინფორმაციო ცენტრები და რესტორნები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"