სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა

AutoSharing Option
სანდრო კობახიძე ჯერ 19 წლის ბიჭი იყო, თბილისის "დინამოში" რომ გამოჩნდა და გულშემატკივარი და სპეციალისტები აალაპარაკა. როცა "რიჟი" მოედანზეა, იცი, რომ მოედანზე ბოლომდე თავს დადებს და ნებისმიერ მეტოქესთან იბრძოლებს.

არადა, ბევრმა არ იცის, როგორი რთული ცხოვრება ჰქონდა 29 წლის ჰავბეკს, დაწუნებიდან აღიარებამდე, როგორ არ სწყალობდნენ კარიერის დასაწყისში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს... გულშემატკივარი მის განვლილ გზასა და ცხოვრებას ნაკლებად იცნობს.

ამიტომ, გადავწყვიტეთ, ახლოს გაგაცნოთ სპორტსმენები, მათი პირადი ცხოვრება, მისწრაფებები...

ოჯახი და ბავშვობა
- ოჯახი ჩემი ფეხბურთელობის წინააღმდეგი იყო, - გვიყვება კობახიძე, -
ოჯახში ფეხბურთი არათუ არ იცოდნენ, არ უყვარდათ და ძალიან გაუჭირდათ იმ აზრთან შეგუება, რომ მე ფეხბურთელობა მსურდა. დიდ დიღომში ილია ზუკაკიშვილთან ისე ვვარჯიშობდი, სახლში არც იცოდნენ. მაგრამ 3-4 ვარჯიშის შემდეგ ეს ამბავი მამაჩემმა გაიგო, გამიბრაზდა და ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა...

მაგრამ ერთ დღესაც ბატონმა ილიამ ოჯახში მომაკითხა და როგორღაც დაითანხმა მშობლები, რომ ფეხბურთზე მევლო. საფეხბურთო სკოლა "ავაზას" გაზრდილი ვარ. ბოლო წელს გადავედი "ოლიმპში", რომელიც მაშინ იდგამდა ფეხს, 2005 წელს კი ნახევარი სეზონი "თბილისის" დუბლებში ვითამაშე. მაგრამ თავიდან დიდ ფეხბურთში არ მწყალობდნენ - თბილისის "სპარტაკში" დამიწუნეს, თბილისის "დინამოს" შერჩევებიდან ორჯერ გამომიშვეს...

მერე ყველაფერი მართლაც სასიკეთოდ შეიცვალა: "თბილისის" დუბლები "დინამო 2-ს" შევხვდით. ჩემდა ბედად, თამაშს კახა ცხადაძე და კახა კაჭარავა დაესწრნენ. თურმე, ორივეს მოვეწონე და გადასვლა შემომთავაზეს. ეს ის პერიოდია, როცა ლუის ცაკარიასი გვავარჯიშებდა და სანდრო იაშვილი ჩვენთან განათხოვრებით თამაშობდა. მაშინ "თბილისი" ამბიციური გუნდი იყო...

მაიმედებდნენ, რომ ძირითადში ვიქნებოდი. მაგრამ რეალურად ვიგრძენი, რომ ჩემზე იმედებს არ ამყარებდნენ. გული იმაზე დამწყდა, ლამის ყველა ძირითადში გადაიყვანეს, მე კი ისევ პირველ ლიგაში დამტოვეს. შანსი არ მოუციათ და ამას ძალიან განვიცდიდი. მაშინ ჩემს ცხოვრებაში ნოდარ აკობია რომ არ გამოჩენილიყო, ალბათ, ფეხბურთს თავს დავანებებდი. მასთან დალაპარაკების შემდეგ იმედი მიჩნდებოდა, რომ ფეხბურთის თამაში შემეძლო...

ამიტომ "დინამოს" წინადადებას დაუფიქრებლად დავთანხმდი. ან რა მქონდა მოსაფიქრებელი? ბავშვობაში ვერც წარმოვიდგენდი, რომ "დინამო" მიმიწვევდა...

ცხადაძე, კაჭარავა და ინდივიდუალიზმი
- საერთოდ, მანამდე თითოეული ნაბიჯი რთულად გამომდიოდა და ამის გამო უფრო მიკვირს - "თბილისის" დაწუნებული "დინამოს" ძირითადში მალე რომ მოვხვდი. არ ვიცი, ასეთი რა მოვინდომე, მაგრამ ყველაზე რთულ მიზანს შედარებით იოლად მივაღწიე. "დინამოში" კარგად დამხვდნენ, თან თავმოყვარეობამაც იმოქმედა - მსურდა, დამემტკიცებინა, რომ ჩამოსაწერი არ ვიყავი. ყველაფერი მოულოდნელად და კარგად აეწყო.

კახა ცხადაძეს ამაგს არასოდეს დავუკარგავ. "დინამოში" მისვლის პირველივე დღეს, წასახალისებლად, მთავარ გუნდთან ერთად მავარჯიშა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მერე კი დიღმის ბაზის სასადილოში შემიყვანა და მთავარ გუნდთან ერთად მასადილა. სასადილოს კარსაც კი მორიდებით ვაღებდი. ხომ ხვდებით, იქ ადრე რა ადამიანები და ვარსკვლავები შედიოდნენ?!..

Sportall.Ge

სხვათა შორის, ბევრი სხვა გუნდისგან განსხვავებით, ცხადაძისა და კაჭარავას დროინდელ "დინამოში" ინდივიდუალისტებს არ ზღუდავდნენ, პირიქით, ასეთ ფეხბურთელებს ითხოვდნენ. ეს დიდი პლუსი იყო, რაც სხვა გუნდებისგან გამოგვარჩევდა. ზედმეტი არაფერი ვარგა, არც მეტისმეტი "მატაობა" და არც მხოლოდ ერთი შეხებით თამაში. ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას ჩვენთან დიდ ყურადღებას აქცევდნენ და მიმაჩნია, რომ ეს ფეხბურთელების გასაზრდელად და მის გამოსაჩენად საჭიროცაა.

ასე რომ, "დინამოს" სტილი ძალიანაც მომწონდა და ბედნიერი ვიყავი. "დინამო" ჩემთვის დღემდე სხვაგვარად ძვირფასი გუნდია...

სამწუხაროდ, ევროპაში "დინამოს" წარმატებების ეპოქა წლების წინათ დასრულდა. საერთოდ, რა მდგომარეობაშიც დღეს ქართული ფეხბურთია, ასე ვერაფერს მივაღწევთ. თუმცა, მხოლოდ ცუდზე ფიქრითაც არაფერი გამოვა. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა - ყველაზე კარგი პირობები მათ უნდა შეუქმნან, უკეთესობა ათ წელში მაინც რომ გამოჩნდეს. "დინამოს" აკადემია კი ამის იმედს იძლევა.

ჩემს ბავშვობაში ასეთი საფეხბურთო სკოლა მხოლოდ "ოლიმპი" იყო...

ფეხბურთელი დიპლომატის დიპლომით
- დიდ დიღომში საკმაოდ სერიოზული კერძო სკოლა დავამთავრე. იქ უსწავლელად ნიშანს არავინ წერდა და ამიტომ, საკმაოდ კარგად ვსწავლობდი. რთული სწავლა კი იყო, მაგრამ მერვე კლასამდე ხუთოსანი ვიყავი. "თბილისის" დუბლებში ამ დროს ამიყვანეს და ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა. თუმცა, "დინამოში" რომ გადავედი, ფეხბურთმა დიდი დრო და ენერგია მოითხოვა და ძველებური მონდომებით სწავლა გამიჭირდა.

...ადრინდელივით ვეღარ ვიცლი, მაგრამ დრო თუ გამომიჩნდება, წიგნებს ვკითხულობ, ოღონდ, მხოლოდ ქართველ მწერლებს - ჩვენი მეფეები, ისტორია...

...უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული მაქვს. ტექნიკურ უნივერსიტეტში დიპლომატიურზე ვსწავლობდი.
მაგრამ დიპლომატად მუშაობაზე არასოდეს მიფიქრია. უბრალოდ, იქ მშობლების რჩევით ჩავაბარე, უფასოზე, თან ჩემით, სპორტი არ დამხმარებია...

იქ დიდი კონკურსი იყო, საკმაოდ კარგად მოვემზადე და კარგი ცოდნაც მივიღე. მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი "დინამოში" გადასვლას დაემთხვა და მერე, რა დასამალია და, საჭირო დონეზე ვეღარ ვსწავლობდი.

ფეხბურთი ყველაზე მეტად მაინტერესებს და მინდა, კარიერის შემდეგაც ამ სფეროში ვიყო. მაგრამ რა როლში, ამაზე ჯერ არ მიფიქრია...

ამ ხალხის მადლიერი ვარ...
...2008 წელს სანდრო კობახიძე უკრაინაში წავიდა და დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" აღმოჩნდა. მაგრამ ამ გუნდში სულ... 13 წუთი ითამაშა, მერე კი "დნიპროში" სხვადასხვა დროს ჩარიცხული ქართველებისთვის ტრადიციული მარშრუტი აითვისა: "დნიპრო"-"კრივბასი"-"არსენალი".

კრივოი როგშიც ვერაფრით გამოიჩინა თავი, თავიდან კიეველ "მეთოფეებშიც" ("არსენალის" მეტსახელია) არ სწყალობდნენ და დიდხანს ითვლებოდა დუბლების მოთამაშედ...

რეალურად, სანდრო ქართველების იმ თაობას განეკუთვნება, რომლისთვისაც უცხოეთთან ურთიერთობის ენა რუსული აღარ არის და სწორედ ეს აბრკოლებდა. საერთოდ, ენის არცოდნა უცხო ქვეყანაში ნიჭის გამოვლენაში ბევრ ქართველს უშლიდა ხელს.

Sportall.Ge

მაშინ გაუმართლა, როცა კიევის "არსენალში" მთავარ მწვრთნელად ლეონიდ კუჩუკი დაუნიშნეს. მხოლოდ ბელარუსმა სპეციალისტმა აღმოაჩინა, რომ გუნდში ჰყავდა კრეატიული თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელი, სწორედ ისეთი, როგორსაც ეძებდა.

"კუჩუკმა კობახიძის კარიერა კარდინალურად შეცვალა. ახალ სეზონში კობახიძე უკრაინის უმაღლეს ლიგაში სულ სხვა ფეხბურთელად გამოჩნდა და ჩვენ დავინახეთ, რომ სანდროს აქვს ჩინებული სასტარტო სისწრაფე, დარტყმა და მოედნის ხედვა. რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ პირველი წრე დასრულდა და ფეხბურთელის ნაადრევად შეფასება გაუმართლებელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ქართველი კიევის "არსენალის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა", - წერდა მაშინ უკრაინული გაზეთი "ფუტბოლი".

სხვათა შორის, სანდრო დიდად ემადლიერება იური ბაკალოვსაც, რომელიც ახლა საქართველოშია და "ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად მუშაობს:

"ამ კაცის დამსახურებაა, კიევის "არსენალში" რომ ამიყვანეს. პირველი ექვსი თვე სწორედ ის მავარჯიშებდა, კუჩუკი მერე დანიშნეს. რა თქმა უნდა, ლუცკის "ვოლინის" მთავარი მწვრთნელის, ვიტალი კვარციანის მადლიერიც ვარ. ამ კაცზე უკრაინაში ბევრს ლაპარაკობენ, რომ ემოციურია, თავისებურია და რომ მკვახე გამონათქვამებით გამოირჩევა... მაგრამ პირადად ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. ლობანოვსკის სკოლა აქვს გავლილი და ძალიან მომთხოვნია. ამაში ცუდი არაფერია".

მონატრება
"არსენალში" თამაშის დროს, კიევის ცენტრში, უზარმაზარ სახლში, მარტო ცხოვრობდა. სახლში პატარა სამლოცველო მოაწყო და ყოველ დილა-საღამოს ლოცულობდა. თვლის, რომ ბიბლია მისთვის ყველაზე ძვირფასი სამაგიდო წიგნია...

მაშინდელ პერიოდს უკავშირდება ეს ამბავი, რაც უკრაინელმა ჟურნალისტმა გაამხილა. შინ მარტო მყოფი სანდრო ტელევიზორთან საკმაოდ დიდ დროს ატარებდა. ამ მონატრების მოსაკლავად, ტელევიზორზე საქართველოს დროშა ჩამოკიდა და ხუმრობდა - დროშას რომ ვუყურებ, ასე მგონია, საქართველოში ვარ და მსიამოვნებსო.

Sportall.Ge

"ასე მარტო მე არ ვიყავი. დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" მაშინ კანკავაც თამაშობდა. მე და ჯაბა კოტეჯებში ვცხოვრობდით და თავისი ოთახი ჯაბამაც ასე მოაწყო. მაგრამ 21-ე საუკუნეში უამრავი საშუალებაა, შენს ქვეყანას რომ არ მოსწყდე. ტელევიზორში უამრავი არხია, ინტერნეტში ქართულ გამოცემებსა და სიახლეებს ვეცნობი და ჩამოსვლაც ხშირად მიწევს. ასე რომ, ეს პრობლემა აღარ არის. მაგრამ საქართველოში რომ ვარ, მაინც სხვა სიხარულია", - ამბობს სანდრო.

ტრადიციული კითხვა: მესი თუ რონალდო?
- ადრე კრიშტიანო რონალდოს ვაფანატებდი! მაგარი ინდივიდუალისტიცაა და გუნდური ფეხბურთიც ეხერხება. ასეთი შერწყმა ძალიან მომწონს. მაგრამ მერე გამოჩნდა მესი და ჩემი დამოკიდებულებაც შეიცვალა. მესი უფრო მაგარია! ამაში უფრო და უფრო ვრწმუნდები. ვისაც ფეხბურთი უყვარს, კარგად იცის, რატომ არის მესი უფრო მაგარი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი ხარ სანდრო. სამაგალითო ქართველი ფეხბურთელი. წარმატებები!
georgian
02:21 06-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული