საქართველო VS სლოვაკეთი - ჰაერივით საჭირო პოზიტივი

AutoSharing Option
დღეს, 27 მაისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდება სლოვაკეთის უპირველეს გუნდს. მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხით იხილავს.

- საქართველოს ნაკრების ვარჯიში ავსტრიაში სლოვაკეთთან მატჩის წინ [VIDEO]
- ვლადიმირ ვაისი: რეიტინგით ფავორიტები არ ვართ, მაგრამ...
- ზურაბ ცისკარიძე: ნაკრებში ნამდვილად არაჩვეულებრივი ატმოსფეროა

ამ შეხვედრას თან რამდენიმე ქვეტექსტი ახლავს. ახალი არავისთვისაა, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ისეთ მდგომარეობაშია, ყველა შეხვედრაში ჰაერივით სჭირდება წარმატებული თამაში და, რა თქმა უნდა,
პოზიტიური შედეგიც, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრებში...

მოხეტიალე
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არსებობის ისტორიაში პირველად ჰყავს სლოვაკი მწვრთნელი და ამ მწვრთნელს დამოუკიდებელი სლოვაკეთის ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელ ბირთვს თითქმის სრული შემადგენლობით სხვადასხვა დროს გაუვლია ვლადიმირ ვაისის ხელში. მეტიც - ამ გუნდის არაერთი ლიდერი სწორედ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს უმადლის თავის პროგრესს. მაგალითისთვის "ნაპოლის" ვარსკვლავი მარეკ ჰამშიკი გამოდგება.

ბედის ირონიით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს ვლადიმირ ვაისი-უმცროსი დაუპირისპირდება - ჩვენი მთავარი მწვრთნელის ვაჟი. ის იმ დონის ფეხბურთელია, რომ ცოტა მეტის თქმაც გვმართებს.

უმცროსი ვაისი 26 წლისაა. ის უკვე დიდი ხანია, სლოვაკეთის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. მისი კარიერის ერთ-ერთ მთავარ მინუსად ის გვეჩვენება, რომ ძალიან ხშირად იცვლის კლუბებს. მოხეტიალე ვაისს უთამაშია "მანჩესტ სიტიში", "ბოლტონში", "რეინჯერსში", "ესპანიოლში", "პესკარასა" და "ოლიმპიაკოსში".

ეს მისი ევროპული კარიერაა. ამის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, "ოლიმპიაკოსის" ერთ-ერთი ლიდერის რანგში გადავიდა ყატარში, სადაც ჯერ "ლეხვიას" ღირსებას იცავდა, მერე კი "ალ ღარაფაში" გადაბარგდა და დღესაც ამ გუნდში თამაშობს.

კარგად გვახსოვს - დაინიშნა თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ვაჟმა მამას წარმატებები უსურვა ახალ სამსახურში.

ლიდერები
რა თქმა უნდა, კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებისგან მთების გადაბრუნებას არავინ ელის, მაგრამ სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ იანკ კოზაკის გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

სლოვაკეთის ნაკრებს თითქმის ყველა რგოლში ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელი, ისეთი მოთამაშე, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში შეუძლია რაიმე ღირებულის გაკეთება და პარტნიორების აყოლიება.

დაცვაში ასეთი კაცი "ლივერპულის" ცენტრალური მცველი, 31 წლის მარტინ შკრტელია (79 მატჩი და 5 გოლი ნაკრებში). ასაკიც გვეუბნება, რომ ის მართლაც უდიდესი გამოცდილების პატრონია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შკრტელი "ლივერპულში" 2008 წლიდანაა. პრემიერლიგაში 8-წლიანი პრაქტიკა კი კომენტარს ნამდვილად არ საჭიროებს.

როცა სლოვაკეთის ნაკრების გამორჩეულ ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, სერია A-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი, "ნაპოლის" სული და გული მარეკ ჰამშიკი (83 მატჩი, 17 გოლი) უნდა ვახსენოთ. 2007 წლიდან ის ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელია (ამავე წლიდანაა ეროვნულ გუნდშიც) და ტრადიციებით მდიდარი კლუბის წარმოდგენა სლოვაკი "ფანტაზისტას" გარეშე დღეს უკვე შეუძლებელია.

მთავარ საფრთხეს საქართველოს ნაკრების დაცვა სწორედ ჰამშიკისგან უნდა ელოდოს. 28 წლის ფეხბურთელი, რომელიც ახლა შესანიშნავ ფორმაშია, სლოვაკთა მთავარი იმედი იქნება ევროპის მოახლოებულ პირველობაზე.

აქვე უნდა ვახსენოთ მილანის" 29 წლის ნახევარმცველი იურაი კუცკა, რომელიც ეროვნულ გუნდში ასევე შეუცვლელი კაცია (45 მატჩი, 4 გოლი).

Sportall.Ge

სლოვაკეთი ევროპის ჩემპიონატზე ისეთ კვარტეტში მოხვდა, თავისუფლად შეუძლია ჰქონდეს პლეი ოფში გასვლის იმედი. მათ გარდა, ჯგუფში არიან ინგლისი, რუსეთი და უელსი.

მწვრთნელი
ახლა უფრო ახლოს გავიცნოთ სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. იან კოზაკი 62 წლისაა. ის წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იყო. აქტიური ფეხბურთელობის ჟამს თამაშობდა კოშიცეს "ლოკომოტივში", "დუკლაში", "სერანგსა" და "ბურჟში".

1976-84 წლებში კოზაკი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა. ამ გუნდის მაისურა მან 55 მატჩში მოირგო და 9 გოლი გაიტანა.

მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კოზაკის სამწვრთნელო კარიერა. ის წვრთნიდა კოშიცეს "ლოკომოტივს", "კოშიცეს", "მიხალოვცეს", "ლიკარტოვცეს", ისევ "კოშიცესა" და ბოლოს სლოვაკეთის ნაკრებს.

როგორც მწვრთნელმა, კოზაკმა ორჯერ მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონატი, "კოშიცესთან" ერთად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო სლოვაკეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა.

სხვათა შორის, კოზაკის შვილმაც ფეხბურთს დაუკავშირა თავისი ცხოვრება. უმცროსი იან კოზაკი (როგორ ჰგავს ვაისის შემთხვევას) 1980 წელს დაიბადა. მან არაერთ გუნდში ითამაშა, 2004-10 წლებში კი სლოვაკეთის ნაკრების შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი შეაგდო.

საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის ქალაქ ფელდკირხენში 24 მაისიდან ემზადება. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისმა ავსტრიულ შეკრებაზე სამ დებიუტანტს უხმო - სლოვაკეთთან, რუმინეთსა და ესპანეთთან შეხვედრებისთვის ნაკრებში პირველად გამოიძახეს 23 წლის ჯაბა ჯიღაური, 22 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე - თბილისის "დინამო") და 29 წლის მცველი ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი).

იცით, რომ დანაკლისს ვერც ამჯერად ავცდით. ტრავმის გამო არ გვეყოლება მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანინიძე. არადა, ჯანო შესანიშნავ ფორმაში იყო და "სახალხო გუნდის" მწვრთნელ დმიტრი ალენიჩევსაც ათქმევინა ქათინაურები...

არ იქნება ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მეკარე გიორგი ლორიაც, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში ტრავმა მიიღო.

გუშინ, გვიან ღამით ნაკრებს გიორგი ჭანტურია შეუერთდა.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი.
ავსტრია. ველსი. 27 მაისი. 19:30. LIVE "II არხზე"
საქართველო-სლოვაკეთი

საქართველო
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენშე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო");
მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბ), ლაშა დვალი ("შლიონსკი", პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბ), გიორგი ნავალოვსკი ("სკა ენერგია", რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("დინამო", თბ);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია).

სლოვაკეთი
მეკარეები: იან მუხა ("სლოვანი"), მატიუშ კოზაჩიკი ("პლზენი", ჩეხეთი), იან ნოვოტა ("რაპიდი", ავსტრია);
მცველები: მარტინ შკრტელი ("ლივერპული", ინგლისი), იან დიურიცა ("ლოკომოტივი", რუსეთი), პეტერ პეკარიკი ("ჰერტა", გერმანია), ტომაშ ჰუბოჩანი ("დინამო მ", რუსეთი), კორნელ სალატა ("სლოვანი"), დუშან შვენტო ("კიოლნი", გერმანია), ნორბერტ გიომბორი ("რომა", იტალია), ლუკაშ ტესდაკი ("ქაირათი", ყაზახეთი), მილან სკრინიარი ("სამპდორია", იტალია);
ნახევარმცველები: მარეკ ჰამშიკი ("ნაპოლი", იტალია), სტანისლავ შესტაკი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), მიროსლავ შტოხი ("ბურსასფორი", თურქეთი), ვლადიმირ ვაისი-უმცროსი ("ალ ღარაფა", ყატარი), იურაი კუცკა ("მილანი", იტალია), ვიქტორ პეჩოვსკი ("ჟილინა"), რობერტ მაკი (პაოკ, საბერძნეთი), ონდრეი დუდა ("ლეგია", პოლონეთი), პატრიკ ჰროსოვსკი ("პლზენი", ჩეხეთი), ერიკ საბო (პაოკ, საბერძნეთი), იან გრეგუსი ("იაბლონეცი", ჩეხეთი), მატუშ ბერო ("ტრენჩინი");
თავდამსხმელები: მიხალ დურიში ("პლზენი", ჩეხეთი), ადამ ნემეცი ("ტილბურგი", ჰოლანდია), ადამ ზრელაკი ("სლოვანი").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამისულაშვილმა საერთოდ რომ არ ითამაშოს გუნდში მაინც საჭირო კაცია... ანანიძეს რომ მოედნის ხედვა და პასი აქვს საქართველოს ნაკრებში(და არამარტო)ბევრს შეშურდება. ეგ არის რომ სუსტია.ჯანო რომ ევროპაში წასულიყო ჯანზე მოიყვანდნენ და დღეს სხვა დონეზე ითამაშებდა!აგერ გრიზმანი ჯანოზე სუსტი იყო,ამის გამო საფრანგეთში არცერთმა საფეხბურთო სკოლამ არ აიყვანა,მერე რეალ სოსიედადის ფრანგმა სელექციონერმა შენიშნა და 14წლის ასაკში ესპანეთში წავიდა და .... დღეს რა დონეზე თამაშობს გრიზმანი ყველამ ვიცით/// ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა წავიდნენ ევროპაში(და არა რუსეთ უკრაინაში) რომ მენტალიტეტი შეიცვალონ შრომის მიმართ და გაიგონ რომ წარმატება მარტო BMჭ არარის!!!
tigrana
15:10 27-05-2016
0
... ნახეთ ვინებს ათამაშებენ თურმე ჰამშიკს კუცკას და შკრტელს. :( ესენი ხომ გრანდებში თამაშობენ შკრტელი(ლივერპული)
ჰამშიკი (ნაპოლი) და კუცკა (მილანი)
gocha yarmazanashvili
18:11 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული