ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...

AutoSharing Option
იმ პერიოდში, როცა გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრებს მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში სამი ამხანაგური მატჩი უნდა ჰქონოდა, აშკარად არაერთგვაროვანი განცდა დაგვეუფლა.

ერთი მხრივ, პოზიტიურ ფაქტად უნდა შეფასებულიყო ეს გადაწყვეტილება: სამივე სპარინგი ხომ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებთან უნდა ჩაგვეტარებინა. თანაც, სამივე ამ საერთაშორისო მატჩს სხვა დატვირთვაც უნდა ჰქონოდა: ჩვენს ნაკრებს შესარჩევი ციკლის დაწყებამდე მეტი სპარინგი ხომ აღარ ელოდებოდა...

თუმცა ამ მატჩების თარიღები აშკარად "არ მოგვეწონა": წელიწადის ამ პერიოდში (ანუ, როცა საკლუბო სეზონი დამთავრებულია),  საქართველოს ნაკრები ხომ უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, მუდამ წარუმატებლად
თამაშობდა.

შორს წაგვიყვანს ასეთი მატჩების გახსენება, თუმცა აგერ არ იყო? - ერთი კვირაც არ არის გასული, საქართველოს ნაკრებმა ყოვლად უსახური და უშინაარსო ამხანაგური მატჩი რომ ჩაატარა სლოვაკეთის... ვინ იცის, რანგით რომელ ნაკრებთან...

სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

დღეს კი მორიგი სპარინგი გველოდება ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ ფინალისტთან, რუმინეთის ნაკრებთან, გუნდთან, რომელთანაც არც ერთხელ მოგვიგია - არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ მატჩში...

რუმინეთი VS საქართველო - ვინ იქნება ჯარისკაცი და ვინ გენერალი?

ჯერ არ მოგვიგია...
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ლამის სანთლით საძებნელია ის ნაკრებები, რომლებთან ურთიერთშეხვედრებშიც საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირი იქნებოდა, რომ რუმინელებთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს: 6 მატჩი, 2 ფრე და 4 წაგება (ბურთების სხვაობა: 3-14), თანაც, ფრედ დასრულებული იმ ორი თამაშიდან ერთ-ერთში... პენალტების სერიაში დავმარცხდით.

ანუ, ფაქტობრივად, 5 წაგება გვაქვს დღევანდელ მეტოქესთან და აქედან ყველაზე მტკივნეული მარცხი სულ პირველ დაპირისპირებას უნდა დავუკავშიროთ. ჯერ ერთი, იმდროინდელი საქართველოს ნაკრები ხომ საუკეთესოდ მიიჩნევა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

მარცხსაც ხომ გააჩნია?! ასეთი ანგარიშით (0:5) არც მანამდე გვქონდა წაგებული და თითქმის 10 წლის განმავლობაში ჩვენი ნაკრებისათვის ანტირეკორდად ითვლებოდა, ვიდრე დანიასთან არ წავაგეთ არანაკლებ სამარცხვინო ანგარიშით (1:6)...

...ისევ იმ პირველ დაპირისპირებას დავუბრუნდეთ, სადაც ასეთი ანგარიში მოულოდნელი იმითაც იყო, რომ ჩვენი ნაკრები, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდა (მხოლოდ მურთაზ შელია გვაკლდა) და ეგ კიდევ არაფერი: ანგარიში, შესაძლოა, ბევრად უფრო კატასტროფული ყოფილიყო, რომ არა ჩვენი მეკარის ჩინებული თამაში!

ჰო, მართლაც ასე იყო: ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც იმ მატჩში კრიტიკას არ იმსახურებდა, აკაკი დევაძე გახლდათ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის, უდავოდ, ყველაზე ნიჭიერი მეკარე! აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და გამოჯანმრთელება გვინდა ვუსურვოთ აკაკი დევაძეს...

...რუმინეთის ის ფორმაციის ნაკრები სამართლიანად არის საუკეთესოდ მიჩნეული იმ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში: ჯიკა პოპესკუ, მიოდრაგ ბელოდედიჩი, დორინელ მუნტეანუ, მარიუშ ლეკეტუში და რაღა თქმა უნდა, გეორგე ჰაჯი საერთაშორისო დონის ვარსკვლავებად მიიჩნეოდნენ.

თუმცა, ჩვენც არ გვყავდა სუსტი ნაკრები და სხვათა შორის, იმ მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ თავის რუმინელ კოლეგას,  ანგელ იორდანესკუს ბოდიში მოუხადა! ბოდიში იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებმა ძალიან სუსტად ითამაშა...

...მომდევნო მატჩი რუმინელებთან კვიპროსზე ჩავატარეთ, სადაც საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა და ისიც უნდა ითქვას, რომ ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე მეტოქემ პენალტების სერიაში გვაჯობა. მწვრთნელი კი რუმინელებს მართლაც სახელოვანი ჰყავდათ: 1986 წელს, ჩემპიონთა თასზე "სტიაუას" სენსაციური გამარჯვების შემოქმედი ემერიჰ ენეი!

* * *
...აი, მესამე დაპირისპირება კი უკვე ოფიციალურ დონეზე გაიმართა და ამ შემთხვევაშიც ძალიან მტკივნეული მარცხი გველოდა; არადა, ის ციკლი მშვენივრად დავიწყეთ (სტუმრად ლიტვას 4:0 რომ მოვუგეთ), მაგრამ დორინელ მუნტეანუსა და კოდრეას შორეული დარტყმებით რუმინელებთან საშინაო შეხვედრაში წაგებამ, ფაქტობრივად, ყველა იმედი გადაგვიწურა.

ერთადერთი "ნუგეში" ის იყო, რომ იმავე შესარჩევში მეორედ აღარ წავაგეთ რუმინელებთან: ჩვენს ნაკრებს ამჯერად ალექსანდრე ჩივაძე თავკაცობდა და ალექსანდრე იაშვილის გოლით ვიგებდით კიდეც შეხვედრას, მაგრამ მატჩის მიწურულს ჯიკა პოპესკუმ ანგარიში გაათანაბრა.

...რუმინელებთან რიგით მეხუთე დაპირისპირებაზე კი, ალბათ, არც ღირს საუბარი: 2004 წლის დასაწყისში საქართველოს ნაკრებს მთავარი მწვრთნელიც ოფიციალურად... ჯერ არ ჰყავდა (ვიდრე ალენ ჟირესი დაინიშნებოდა) და საერთოდაც, კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა კი არა, არამედ რამდენიმე ლეგიონერით გაძლიერებულმა თბილისის "დინამომ" (ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე რომ იმყოფებოდა იმ მომენტისათვის) იასპარეზა, რომელთაც კვიპროსის ჩემპიონატში მოასპარეზე ორი ქართველი ფეხბურთელიც (ლევან მაღრაძე, გიორგი გაბიდაური) დაემატა.

აღსანიშნავია, რომ რუმინელებს კვლავაც "გენერალი" ანგელ იორდანესკუ წვრთნიდა, გოლები კი მათმა გამორჩეულმა ფეხბურთელებმა, ადრიან მუტუმ და ფლორიან ჩერნატმა გაიტანეს. არადა, 0:0-ზე ვიტალი დარასელია-უმცროსმა პენალტი ვერ გამოიყენა. სხვათა შორის, სწორედ იმ მატჩში ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დავით სირაძეს, რომელიც იმ დროისათვის გერმანულ "უნიონში" გამოდიოდა.

...სულ ბოლო დაპირისპირება კი ექტორ კუპერის პერიოდში გვქონდა და ის ამხანაგური მატჩიც წავაგეთ, არადა, ოთარ მარცვალაძის (მანამდე საერთოდ რომ არ სწყალობდა არგენტინელი სპეციალისტი) გოლით პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ორი გოლი გავუშვით...

ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია
ამხანაგური მატჩი
24.04.1996. ბუქარესტი. სტიაუა
რუმინეთი-საქართველო 5:0
1:0 მოლდოვანი (25) 2:0 მოლდოვანი (28), 3:0 მოლდოვანი (37), 4:0 ლეკეტუში (50), 5:0 გილკა (88)
საქართველო: დევაძე - ზ. რევიშვილი, ცხადაძე (77. სეფაშვილი), კუდინოვი, ჩიხრაძე - გოგიჩაიშვილი (67. იონანიძე), ნემსაძე (46. გუჩუა), ჯამარაული (46. ცქიტიშვილი), ქეცბაია - ქინქლაძე - შ. არველაძე (46. გოგრიჭიანი)
კაპიტანი: კახა ცხადაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

საერთაშორისო ტურნირი
04.02.2000. ლარნაკა. ზენონი
რუმინეთი-საქართველო 1:1, პენ 4:2
0:1 ქეცბაია (41), 1:1 ჰილდანი (81)
საქართველო: გვარამაძე - შეყილაძე, ხიზანიშვილი, ნემსაძე, ჩიხრაძე - მენთეშაშვილი (46. ზ. ჯანაშია), სიჭინავა - ქეცბაია, ჯამარაული, ყაველაშვილი (91. მ. ძოძუაშვილი) - ა. არველაძე (67. ქემოკლიძე).
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატი
28.03.2001. თბილისი. ბორის პაიჭაძე
საქართველო-რუმინეთი 0:2
0:1 მუნტეანუ (69), 0:2 კოდრეა (80)
საქართველო: გვარამაძე - სილაგაძე (73. ა. იაშვილი), ხიზანიშვილი, კალაძე, კობიაშვილი - რეხვიაშვილი, ნემსაძე - ქეცბაია (62. ქემოკლიძე), ქინქლაძე, ყაველაშვილი (73. ზ. ჯანაშია) - შ. არველაძე.
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი

მსოფლიოს ჩემპიონატი
06.10.2001. ბუქარესტი. სტიაუა
რუმინეთი-საქართველო 1:1
0:1 ა. იაშვილი (60), 1:1 პოპესკუ (88)
საქართველო: გვარამაძე - საჯაია, ხიზანიშვილი, კალაძე, კობიაშვილი - ცქიტიშვილი, რეხვიაშვილი, ქინქლაძე (68. ქეცბაია), ჯამარაული, ყაველაშვილი (77. ბურდული) - ა. იაშვილი (82. ალექსიძე).
კაპიტანი: გოჩა ჯამარაული
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

საერთაშორისო ტურნირი
18.02.2004. ლარნაკა. ზენონი
რუმინეთი-საქართველო 3:0
1:0 მუტუ (30), 2:0 მუტუ (70), 3:0 ჩერნატი (87)
საქართველო: გვარამაძე - ქემოკლიძე, წერეთელი, ამისულაშვილი, დ. კვირკველია (85. მელქაძე) - ნემსაძე (83. გაბიდაური), გოგობერიშვილი (67. ლ. კორღალიძე) - ახალაია (27. სირაძე), ქინქლაძე (46. შაშიაშვილი), ვ. დარასელია - ს. იაშვილი (85. მაღრაძე).
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა

ამხანაგური მატჩი
19.11.2008. ბუქარესტი. დინამო
რუმინეთი-საქართველო 2:1
0:1 მარცვალაძე (12), 1:1 მარიკა (68), 2:1 გოიანი (70)
საქართველო: ლომაია - სალუქვაძე, ღვინიანიძე (46. შაშიაშვილი), კვახაძე, კანდელაკი - დაუშვილი, რაზმაძე, კობიაშვილი (69. ხმალაძე) - მარცვალაძე (61. ოდიკაძე), ბ. გოცირიძე (76. მერებაშვილი) - ალექსიძე (57. მჭედლიძე).
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
მწვრთნელი: ექტორ კუპერი

საკლუბო დონეზე
რუმინელებთან სანაკრებო დონეზე არც ერთი მატჩი არ მოგვიგია. სამაგიეროდ, შედარებით უკეთესი სიტუაციაა საკლუბო დონეზე: 1993 წლიდან მოყოლებული, ევროტურნირებზე რუმინულ კლუბებთან 7 მატჩი გვაქვს ჩატარებული, რომელთაგან 2 მოვიგეთ, 2 ფრედ ვითამაშეთ და 3 წავაგეთ (ბურთების სხვაობა: 7-10).

საკლუბო დონეზე რუმინელებთან ის ორი მოგება 1994 წელს გვქონდა: უეფას თასის წინასწარ ეტაპზე გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" ჩინებულ სტილში აჯობა კრაიოვას "უნივერსიტატეას" (2:0, 2:1).

აი, ამის მერე კი უკვე რუმინელები გვჯაბნიდნენ: 1996 წელს, "ინტერტოტოს თასზე" ბუქარესტის "დინამომ" 2:0 მოუგო ფოთის "კოლხეთს". შემდეგ კი რუმინული ფეხბურთის გრანდთან, "სტიაუასთან" მოუწია თბილისის "დინამოს" დაპირისპირება: 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამომ" შინ 0:2 წააგო (არადა, 0:0-ზე, "დინამოს" ლიდერმა ჩისკომ პენალტი ვერ გაიტანა), სტუმრად კი 1:1 ვითამაშეთ.

სულ ბოლო დაპირისპირება შარშან შედგა, როცა ევროტურნირების დებიუტანტი "ცხინვალი" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა "ბოტოშანთან" (1:1, 1:3).

არადა, დრო იყო, რუმინულ კლუბებს კი არა, ამ ქვეყნის... ეროვნულ ნაკრებს ამარცხებდა თბილისის "დინამო"! - 1980 წლის ზაფხულში ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილი თბილისის "დინამო" რუმინეთში გაემგზავრა ტურნეს ჩასატარებლად (თანაც, საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში გამოძახებული ალექსანდრე ჩივაძის, თენგიზ სულაქველიძისა და რევაზ ჩელებაძის გარეშე) და იქაურ კლუბებს ხომ უპრობლემოდ გაუსწორდა, მერე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთანაც ისპარინგა და ვიტალი დარასელიასა და ვაჟა ჟვანიას გოლებით 2:0 გაიმარჯვა!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა განსხვავებაც არის ვარჯიშის ხარისხში, იგივე განსხვა იქნება ტაბლოზე!
სირბილის სწავლების ცენტრი
17:41 03-06-2016
0
სტატისტიკა არაფერ შუაშია უნდა ითამაშონ და თავი დადონ, ყველაფერი უნდა გააკეთონ გულშემატკივარი რო გაახარონ.
bebeto
16:29 03-06-2016
0

სიახლეები პოპულარული