საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო. არადა, წავაგეთ ავსტრიასთან, რომელმაც თავისი საუკეთესო თამაში ვერ გვაჩვენა. როგორ არ მინდა, დავწერო გაცვეთილი ფრაზა - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთო, რომ ვიტყვით ხოლმე.

ამ გეზს ჩვენთვის ხეირიანი არაფერი მოუტანია და დღევანდელ წერილში კრიტიკა მეტი იქნება, ვიდრე დითირამბები. ალბათ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებიც დაგვეთანხმებიან, რომ საქმისთვის ასე აჯობებს.

იმთავითვე ვთქვათ, რომ გვაკლდნენ ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები - ჯაბა კანკავა, ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია... თორნიკე ოქრიაშვილი კი ბრძოლაში მატჩის მიწურულსღა ჩაერთო...

ტაქტიკა
ვლადიმირ ვაისმა
4-2-3-1 ტაქტიკური განლაგება აირჩია. წამყვანი ფეხბურთელების არყოფნაში სლოვაკი სპეციალისტი იძულებული გახდა, საყრდენად დაეყენებინა ამპლუით მცველი გურამ კაშია და მას ბუბა დაუშვილი შეუწყვილდა.

თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ის ბოლოს შეუერთდა ეროვნულ გუნდს და გამართლდა ჩვენი ვარაუდი - ის მზად არ აღმოჩნდა 90 წუთის სათამაშოდ.

იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ძალიან ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული შუა ხაზში გამწესებულ და შეტევისთვის მომართულ ტრიოზე (ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი). შეტევის ფორპოსტზე კი ლადო დვალიშვილი მოქმედებდა.

რა გვეცა თვალში საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გაცნობისთანავე? პირველ რიგში, ორი ჩამშლელი საყრდენი (კაშია-დაუშვილი). ამის მიუხედავად, გვქონდა იმედი, რომ საქართველოს ნაკრები შეტევაშიც გამოაჩენდა "კლანჭებს".

ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარსელ კოლერი ფიფას რეიტინგში გაცილებით დაბლა მყოფ მეტოქეს პატივისცემით მოეკიდა და ერთადერთი ფორვარდი (იანკო) მიუშვა გიორგი ლორიას კარზე. ჩანდა, კოლერმა შუა ხაზში უპირატესობის მოპოვებაზე გააკეთა აქცენტი.

რას მიხვდა ვაისი?
არ ვიცით, რას ფიქრობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაგრამ სულაც არ გამოვრიცხავთ, ეს შეხვედრა მოგვიანებით სინანულით გაიხსენოს. ძალიან, ძალიან ფრთხილი ტაქტიკისთვის შეირჩა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა.

რა თქმა უნდა, ავსტრია ძლიერი მეტოქეა, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს დაფასებას, მაგრამ ჩვენ ვთამაშობდით შინ, საკუთარ კედლებში და ცოტა მეტად უნდა გაგვერისკა. გავრისკეთ, მაგრამ ბოლოსკენ და ამ რისკმა ავსტრია გვარიანად ანერვიულა.

ალბათ, გურამ კაშია რომ დაცვაში მდგარიყო, ჯანო ანანიძე საყრდენად და მის მაგივრად - რომელიმე შემტევი ნახევარმცველი, ჩვენი საქმეები უკეთესად წავიდოდა, მაგრამ ახლა გვიანღაა თითზე კბენანი...

ვფიქრობთ, მწვრთნელი შეცდა სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას და ეს მისთვის დიდი მინუსია. იმედია, ვაისი ამას მიხვდა. მას უნდა შევახსენოთ - ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა!

პარალელები, პარალელები...
გვინდა თუ არა, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი წინა დამრიგებელთან შედარებას ვერ ასცდება. რა ვუყოთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას - თუ გამონაკლის მომენტებს არ ჩავთვლით, ვაისის ოფიციალური დებიუტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩვენი ძველი სენით აღინიშნა - საქართველოს ნაკრები თამაშობდა ძალიან არათანაბრად: ხან კარგად, ხან ძალიან ცუდად.

რაც მთავარია, იკარგებოდა კონცენტრაცია. ავსტრიელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, თამაშის ბედი გაცილებით ადრე გადაწყდებოდა და ბოლოს სანერვიულოც აღარაფერი გვექნებოდა.

კიდევ ერთი: ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ანანიძეს იდეალური ამპლუა მოუნახა. ეს გუშინაც გამოჩნდა. ჯანო საუკეთესო იყო მხოლოდ მატჩის მეორე ნახევარში, ანუ მაშინ, როცა ვაისმა, ბოლოს და ბოლოს, გარისკა.

არ ვიცით, აცნობენ თუ არა ქართულ პრესას ვაისს. იმედია, მას უთარგმნიან ძირითად, საინტერესო თემებს. თამაშამდე არაერთხელ დავწერეთ კიდეც, რომ ავსტრია ძალიან სახიფათოა "სტანდარტებისას" და რა - პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი "გააკეთა", მეტოქეს "სტანდარტულიდან" რომ გაეტანა.

დაცვა, ჩვენი აქილევსის ქუსლი...
ხეირიანი, გოლის გამტანი თავდამსხმელი რომ არ გვყავს, ამას კარგა ხანია, შევეჩვიეთ. ახლა საქმე ისე გვაქვს, რომ მხოლოდ შუახაზელთა ჩაუქობის იმედად უნდა ვიყოთ. მე დამავიწყდა, ბოლოს როდის გაიტანეს სერიოზულ შეხვედრაში გოლი ჩვენმა ფორვარდებმა. მათგან ამას უკვე აღარც ვითხოვთ - რაც არ იცი, იმას ვერ გააკეთებ.

ახლა სხვა სატკივარზე უნდა დავწეროთ - იმ შემადგენლობით, რომლითაც საქართველოს ნაკრების დაცვამ გუშინ ითამაშა, აღარასოდეს უნდა ითამაშოს. ასეთია ჩვენი აზრი და ვაისი რას ფიქრობს, ეს თავად უკეთ ეცოდინება.

გუშინ საქართველოს ნაკრების დაცვა იყო ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს გუნდში. თავდასხმას უკვე აღარც ვთვლით, რადგან ის საერთოდ არ გვყავს.

ასე მგონია - თუ ოთარ მარცვალაძე ფორმაში იქნება, მას შეუძლია, ჩვენი ნაკრების მთავარი შემტევი გახდეს.

არ გვინდა ეგოიზმი!
როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, პირადი ყველამ გვერდით უნდა გადადოს. ეს აქსიომაა. არადა, გუშინდელ შეხვედრაში ეს ასე არ ყოფილა. ასეთი რამ განსაკუთრებით ბოლო წუთებში გახდა საცნაური.

ზოგიერთი ფეხბურთელი (რომ არ დავასახელო, ალბათ, საკუთარ თავს ისედაც ამოიცნობენ), არცთუ იშვიათად, ზედმეტად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე. იყო კარში გაუმართლებელი დარტყმებიც. ერთ-ერთმა ასეთმა დარტყმამ დამატებულ დროში საქართველოს ნაკრებს ძვირფასი ერთი წუთი დააკარგვინა.

სამომავლოდ, ეს აშკარად გამოსასწორებელია, რადგან დღეს ის გუნდები იმარჯვებენ, რომელთა ძალა გუნდურ ერთიანობაშია.

საით მიდის ვაისი?
საქართველოს ნაკრების მიერ ავსტრიასთან ნაჩვენები თამაში ერთხელაც დავატრიალე გონებაში და მაინც მიჭირს გაგება - საით მიდის ვაისი, რა გეზი აქვს არჩეული?

ეს იყო სლოვაკის პირველი ოფიციალური მატჩი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, მაგრამ მაინც ჯობდა, ამ საკითხში მეტი სიცხადე ყოფილიყო.

მე ასე ვფიქრობ - მეორე ტაიმში ვაისმა გამოასწორა პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები. სწორედ ამიტომ იყო, მეტოქე დიდი წნეხის ქვეშ რომ მოვაქციეთ, მაგრამ აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი.

პირველი: ორი ბურთით დაწინაურებული ავსტრია ნაადრევად მოეშვა, და მეორეც: საქართველოს ნაკრები უტევდა დიდი ემოციური მუხტის ფონზე, ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობისა და მარტივი ჩაწოდებების მეშვეობით. მე ვერ ვნახე შეტევაში დალაგებული თამაში, რომელიც მინდა, რომ ვნახო ჩვენი გუნდის შესრულებით.

იმ მნიშვნელოვან კითხვას კი, ქვეთავი რომ დავასათაურეთ, პასუხი მალე უნდა გაეცეს...

არ უნდა დაკმაყოფილდეს!
წაგებულ მატჩში დადებითი შტრიხის პოვნა რთულია. გუშინ მაინც იყო რამდენიმე ასეთი, რაზეც ზემოთ უკვე დავწერეთ. ჩემთვის მთავარი აღმოჩენა ჯაბა ჯიღაურის შესანიშნავი გარჯა იყო.

მინდა, ჯაბამ ასევე გააგრძელოს. თუნდაც მაშინ, როცა ერთ დღესაც თბილისის "დინამოს" დატოვებს და ევროპაში წავა. არ მინდა, ის იმ ფეხბურთელებს დაემსგავსოს, ნაკრებში რომ გაიელვეს, უცხოეთში წავიდნენ და მერე ბევრი აღარაფერი გაუკეთებიათ ეროვნული გუნდისთვის.

სტატისტიკა
17 კარში დარტყმა 11
3 ზუსტი დარტყმა 5
5 კუთხური 5
4 თამაშგარე 2
13 ჯარიმა 18
51% ბურთის ფლობა 49%

სტენოგრამა
7' - არნაუტოვიჩი მარჯვნიდან შედის ჩვენს საჯარიმოში. მისი დარტყმა ოდნავ სცდება ლორიას კარს.
10' - იუნუზოვიჩის ჩაწოდება. იანკო თავით ურტყამს. გადავრჩით.
16' - 0:1. მორიგი "სტანდარტი" საქართველოს ნაკრების კართან. დავიდ ალაბას პასი. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ჰინტერეგერის თავური და გოლი.
26' - ქართველთა "სტანდარტის" შემდეგ ბურთი შეტევაში ჩართულ ამისულაშვილს მისდის, მაგრამ დარტყმა არაზუსტია.
20' - დვალიშვილი-ჯიღაურის კომბინაცია. ამ უკანასკნელის დარტყმა მეკარე ალმერის ნადავლია.
34' - ლობჟანიძის მიერ მოწოდებული აუტის შემდეგ კაშია ანანიძეს აწვდის. ჯანოს ხუთიოდე მეტრიდან ვერ გააქვს.
42' - 0:2. არნაუტოვიჩის რეიდი ფლანგზე, ჩაწოდება და იანკოს შედეგიანი თავური. ავსტრიელთა გოლი ქართველთა გუნდური შეცდომების შედეგია. ბოლოს ამისულაშვილს დარჩა უმეთვალყურეოდ ტანმაღალი იანკო.
56' - ორი ავსტრიელი გადის გიორგი ლორიასთან პირისპირ. იანკოს დარტყმულს საქართველოს ნაკრების მეკარე სასწაულით იგერიებს.
58' - ჯიღაური ფლანგიდან ამწვავებს სიტუაციას. შორეულ კუთხეში მის მოჭრილ დარტყმას ალმერი მოწოდების სიმაღლეზე ხვდება.
63' - ალაბას კუთხურის შემდეგ ზუტნერი კარგ მომენტს უშვებს ხელიდან.
64' - ჯიღაურის კარგი თამაში ფლანგზე და ყაზაიშვილის თავური - ავსტრიელებს მშველელად ძელი ევლინებათ.
79' - 1:2. სხირტლაძე ბურთს ინარჩუნებს და ჯანოს აწვდის - შორეული, ულამაზესი დარტყმა და გოლი! გამოჩნდა თამაშის გადარჩენის შანსი.
86' - ოქრიაშვილის კუთხურის შემდეგ კაშია ქუსლით ურტყამს და ავსტრიელ მცველს კარის ხაზიდან გამოაქვს ბურთი.
90' - სულ ბოლო წამს კვირკველიამ ვერ დაარტყა მეტოქის კარში.

მატჩის შემდეგ:
ვლადიმირ ვაისი: ათწლიანი კონტრაქტი არ მაქვს და ვიცი, რომ გულშემატკივარი დიდხანს ვერ მოითმენს...
მარსელ კოლერი: ბოლო წუთებში გაგვიმართლა, მაგრამ მთავარი 3 ქულაა...

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. I ტური
05.09.2016. თბილისი. "დინამო არენა". 35 000
საქართველო-ავსტრია 1:2
გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (16. ალაბას პასით), 0:2 იანკო (42. არნაუტოვიჩის პასით), ანანიძე (78)
საქართველო (4-2-3-1): ლორია - ლობჟანიძე (85. ჭანტურია), ამისულაშვილი (76. ოქრიაშვილი), კვირკველია, ნავალოვსკი - დაუშვილი, კაშია - ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი - დვალიშვილი (63. სხირტლაძე).
სათადარიგოები: კვასხვაძე, მაკარიძე, კაკაბაძე, პარუნაშვილი, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, კობახიძე, დვალი, ცისკარიძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ავსტრია (4-4-1-1): ალმერი - კლაინი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ზუტნერი - ჰარნიკი (71. ზაბიტცერი), ბაუმგარტლინგერი, ალაბა, არნაუტოვიჩი - იუნუზოვიჩი (68. შოპფი) - იანკო (77. გრეგორიჩი).
სათადარიგოები: ლუკსე, იოზქანი, ჰინტერზეერი, ილსანკერი, ლაზარო, პრიოდლი, შაუბი, შტანგლი, ვიმერი.
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
გაფრთხილება: ჰინტერეგერი (50), ალმერი (90+4)
არბიტრი: ა. კულბაკოვი (ბელარუსი)

- მ/ჩ 2018. D ჯგუფი. I ტური: ზავი ბელგრადში და გარეთ ბეილის ზეობა

სერბეთი-ირლანდია 2:2
გოლები: 0:1 ჰენდრიკი (3), 1:1 კოსტიჩი (62), 2:1 ტადიჩი (69-პენ), 2:2 მერფი (81)
სერბეთი (3-4-3): რაიკოვიჩი - ივანოვიჩი, ნასტასიჩი, ვუკოვიჩი - რუკავინა, გუდელი, მილივოიევიჩი, მლადენოვიჩი (76. ტოშიჩი) - ტადიჩი, მიტროვიჩი (59. პავლოვიჩი), კოსტიჩი (82. კატაი).
ირლანდია (4-3-3): რენდოლფი - კოულმენი, ო"ში, კეფი, უარდი (70. უარდი) - ჰენდრიკი (75. მერფი), უელანი, ბრედი - უოლტერსი, ლონგი (90. კლარკი), მაკკლინი.
გაფრთხილება: ნასტასიჩი (72), კატაი (83) - უარდი (21), ჰენდრიკი (27), ბრეიდი (60), უელანი (88)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 17-8 (8-5); ბურთის ფლობა: 58%-42%.

უელსი-მოლდოვა 4:0
გოლები: 1:0 უოკსი (38), 2:0 ალენი (44), 3:0 ბეილი (51), 4:0 ბეილი (90-პენ)
უელსი (5-3-2): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი (82. კოლინზი), ბ. დევისი, ნ. ტეილორი - ალენი, ლედლი (67. ჰავსი), ე. კინგი - უოკსი (75. რობსონ-კანუ), ბეილი.
მოლდოვა (5-3-2): ჩებანუ - კოჟოკარი, კაშკავალი, ეპურეანუ, არმაში, იარდანი - გაცკანი, ჩებოტარუ (75. სიდორენკო), იონიცა - გინსარი (75. ბუგაევი), დედოვი (85. მიხაილოვი).
გაფრთხილება: - დედოვი (11)
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 6-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-3 (6-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მომდევნო მატჩები
6 ოქტომბერი
ირლანდია-საქართველო
ავსტრია-უელსი
მოლდოვა-სერბეთი

9 ოქტომბერი
უელსი-საქართველო
მოლდოვა-ირლანდია
სერბეთი-ავსტრია

12 ნოემბერი
საქართველო-მოლდოვა
ავსტრია-ირლანდია
უელსი-სერბეთი.

ასევე იხილეთ:
- Ananidze’s beautiful goal in Georgia-Austria qualifying match

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 60 /
სანამდე გაგრცელდება ფიფიას რეკომენდაციები ნაკრებსი სამარცხვინო დინამოელების,,ასევეა ასაკობრივ უ-17-ი ზოგი მწვრტნელი სვილი,მაგალიტად დავიტასვილი ნული იყო ნაკრებსი,,მაგრამ ფიფიას რეკომენდაციაა..
0
ამ სამარცხვინო თამაშზე ამდენი ლათაია არ ღირდა~
a.g.
10:37 06-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული