დღეს ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეროვნული გუნდისთვის რომელიმე მათგანი დაიკარგოს. მაგალითად, ავიღოთ პერმის "ამკარის" მარცხენა მცველი გიორგი ჯიქია.
ვიცით, რომ ვლადიმირ ვაისი ინფორმირებულია ამ ფეხბურთელის შესახებ. ამბობენ, ჯიქია რუსულ პასპორტს ვერ ელევაო. რა თქმა უნდა, ჩვენთვ
მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ყოველთვის გარისკონ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება. ჩვენთვის კი მთავარია, რომ ჯიქია ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ დაიკარგოს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ხომ არ იქნებოდა უპრიანი, კონკრეტულ შემთხვევაში, თუნდაც ფინანსური დაინტერესებისთვის მიგვემართა?
ჯიქია 22 წლისაა, მისი თამაში არაერთხელ გვინახავს და ორი აზრი არ არსებობს, ფასეული ფეხბურთელი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. გიორგი ნავალოვსკი საიმედოდ დგას დაცვის მარცხენა ფლანგზე, მაგრამ რა იქნება მერე, როცა ის წავა? მომავალზე აქედანვე უნდა ვიფიქროთ.
ესეც არ იყოს, დღეს საქართველოს ნაკრებს ყველა პოზიციაზე სჭირდება ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი. სწორედ ასე კეთდება კონკურენტუნარიანი გუნდი. მარცხენა მცველის პოზიციაზე (და კიდევ რამდენიმე პოზიციაზე) საქართველოს ნაკრებში ვერ არის იმხელა კონკურენცია, როგორიც უნდა იყოს. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელი.
* * *
ახლა კიდევ ერთ ქართველზე. ბექა ვაჩიბერაძის თამაში ვნახე ამას წინათ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. უკრაინა ეთამაშებოდა ვარსკვლავებით გატენილ საფრანგეთს და 1:0 მოუგო. საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ძალაზე რომ წარმოდგენა შევიქმნათ, ფაქტებით ვილაპარაკოთ: ამ გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ "ლიონის" ლიდერი ტოლისო, "ატლეტიკოს" მცველი ერნანდესი, "პარი სენ ჟერმენის" ძირითადის ნახევარმცველი რაბიო... გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მგონი, საჭირო აღარ არის.
ვინც იმ თამაშს უყურა, დამეთანხმება: ვაჩიბერაძე აშკარად საუკეთესო იყო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. ბრძოლა, შექმნა - ამ ბიჭს ყველაფერი შეუძლია. მოკლედ, ჩამოყალიბებული, შემდგარი ფეხბურთელია.
ვაჩიბერაძეს კარგად თამაში რომ შეუძლია, ეს ზესტაფონშიც დამტკიცდა, სადაც არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებები დაზავდნენ. ბექა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.
- U21. საქართველო-უკრაინა 3:3 - არეული, როგორც ამინდი [VIDEO]
ზუსტად ვიცი: მას შესთავაზეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, მაგრამ თავი შორს დაიჭირა. რა თქმა უნდა, როგორც რიგითი ქართველი ქომაგი, ძალიან გავბრაზდი მისი ამ ნაბიჯის გამო და, ალბათ, ჩემს მსგავსად, ბევრი გაბრაზდა.
- ბექა ვაჩიბერაძე: სფფ-ს მიწვევაზე ვუთხარი, რომ თამაშს უკრაინის სახელით ვაპირებ
ცოტა უკან დავიხიოთ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ იყო მაშინ, როცა ვაჩიბერაძემ დაიწყო კარიერა საქართველოში. იქნებ, მასზე წინ ვინმე სხვა დააყენეს, ვინც ამას ნაკლებად იმსახურებდა? რა თქმა უნდა, ეს არ გაძლევს უფლებას, რომ სამშობლოს გაებუტო. მაგრამ ზოგჯერ ჭირს წყენის დავიწყება. იმედია, ყველაფერი ეს დროებითია.
"თუ არ უნდა, კარგად იყოს" - ვაჩიბერაძის მიმართ ასეთი მიდგომა არ გამოგვადგება. ვნახოთ, რას იზამს ის მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებიდან მიუვა მიწვევა. ნაკრები მაინც სხვანაირი საჯილდაო ქვაა...
უკრაინის ნაკრებში მოხვედრა კი ძალიან რთულია. მით უმეტეს იმ პოზიციაზე, რომელზეც ვაჩიბერაძე თამაშობს. არც ის დავივიწყოთ, რომ ის ესპანური "ბეტისის" ფეხბურთელია. სევილიელები მონდომებით აწინაურებენ ახალგაზრდა კადრებს და არ უნდა გაგვიკვირდეს, ერთ დღესაც ბექას ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში თუ ვიხილავთ. საამისო რესურსი მას ნამდვილად აქვს.
* * *
რთული ხასიათი აქვს გიორგი არაბიძეს, თამაშის მანერა კი - გამოკვეთილად ინდივიდუალური. ამბობენ, ჭაბუკთა ნაკრებში არაბიძე უდისციპლინოდ მოიქცაო. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ გიორგი იმ ასაკშია, რომ ამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.არაბიძის სათამაშო მანერა ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის - მიუღებელი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ის ტალანტია და ჩვენი ფეხბურთისთვის არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ თუ დავკარგავთ, ამ შანსს უკრაინელები ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებენ.
დღეს ქართულ ფეხბურთში ბევრი ფეხბურთელი ჰგავს ერთმანეთს, არაბიძის თამაშს კი ნახავ და მახსოვრობაში ჩაგებეჭდება. მე ზოგი რამ არ მომწონს მის გარჯაში, მაგრამ ყველა თანხმდება იმაში, რომ საქმე გვაქვს თვითმყოფად ტალანტთან.
ბოლოს და ბოლოს, არ მგონია, დღევანდელ საქართველოში ვინმე ისე ასრულებდეს საჯარიმო დარტყმებს, როგორც არაბიძე. ეს კიდევ ცაკლე ნიჭია და არცთუ უმნიშვნელო ნიჭი. რას ვიზამთ, ნიჭიერებს ძალიან ხშირად თავისებური ხასიათი დაჰყვებათ ხოლმე. მწვრთნელი კი კარგი პედაგოგიც უნდა იყოს, ყველა ხასიათს რომ მოარგოს გასაღები.
ჩვენ რომ ტალანტები თავზე საყრელად გვყავდეს, ეს წერილი საერთოდ არ დაიწერებოდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან სულ სხვა რეალობაა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"