დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები დუბლინში ირლანდიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. "ავივაზე" გასამართავი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება დავით სხირტლაძეც - დანიური სუპერლიგის ბინადარ "სილკებორგის" თავდამსხმელი ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში უკვე მეორედ გამოიძახა.
სხირტლაძე "სილკებორგში" "ორჰუსიდან" გადავიდა და სულ სხვა ფეხბურთელად გამოჩნდა. აგვისტოში გულშემატკივრებმა ქართველი ლეგიონერი თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს უპირატესობა ქომაგთა 53,6-მა პროცენტმა მიანიჭა. მან ფანების სიმპათია "ლუნგბიუსთან", "ჰორსენსთან" (სადაც დუბლი შეასრულა), "ვიბორგსა" და "რანდერსთან" მატჩებით დაიმსახურა.
სხირტლაძემ
სხირტლაძეს შეკრების დაწყებისას დავუკავშირდით. ვფიქრობ, ჩვენი ინტერვიუ დაგაინტერესებთ...
- იყო ინფორმაცია, რომ ვლადიმირ ვაისმა დანიაში თქვენი თამაში ნახა, მოეწონა და ნაკრებში ამიტომაც მიგიწვიათ. შეკრებაზეც ამბობდა, რომ თქვენნაირი სტილის ფეხბურთელი სჭირდებოდა. მოკლედ, სლოვაკი სპეციალისტი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იყო...
- დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკრებში სამომავლოდაც გამომიძახებს. უფრო სწორად, იმედი მაქვს, ნაკრებს გამოვადგები და ეს მიწვევის საფუძველი გახდება. ფაქტია, რომ ვაისი ჩემით დაინტერესდა, მნახა, მენდო და კიდევ მიმიწვია. სხვათა შორის, პირველ შეხვედრაში ვერ გარისკა, თავიდანვე რომ დავეყენებინე, რადგან მაინც დებიუტანტი ვიყავი. ფაქტია, ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად დიდი მონდომება დამჭირდება.
- ალბათ, ნაკრებთან შეგუება გაგიადვილდებოდათ, რადგან ვარჯიში ბავშვობისდროინდელი მეგობრების, გიორგი ჭანტურიასა და ვაკო ყაზაიშვილის გვერდით მოგიხდათ. როგორც ვიცი, მათ ვაისთან კარგად დაგახასიათეს...
- რა თქმა უნდა, მათ ადაპტაცია გამიადვილეს, მაგრამ მე სხვა ფეხბურთელებსაც კარგად ვიცნობ - ახალგაზრდულ ნაკრებში ანანიძესთან, ჯიღაურთან, კვეკვესკირთან, კვირკველიასთან ერთად მითამაშია. შეკრებაზე დამხვდა ბავშვობის კიდევ ორი მეგობარი - პარუნაშვილი და ხოჭოლავა.
- ვეტერანებმა როგორ მიგიღეს?
- ძალიან თბილად! კაშიას აქამდეც ვიცნობდი და მისი კეთილგანწყობა არ გამკვირვებია, მაგრამ ჩემთვის აღმოჩენა იყო ამისულაშვილის დამოკიდებულება. ალეკოს არ ვიცნობდი. არადა, უფროსი ძმასავით გვერდით დამიდგა და ყურადღებას არ მაკლებდა. ნაკრების დებიუტანტს გვერდში ასეთი გამოცდილი კაცი რომ დაგიდგება, რჩევებს მოგცემს და დიდი ხნის მეგობარივით ყველაფერში დაგეხმარება, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. გული მწყდება, ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი და კარგი ადამიანი ნაკრებს რომ დაემშვიდობა.
- მართალია, თითქოს ავსტრიასთან თამაშის შემდეგ ვაისმა თქვენზე თქვა - მეტს ველოდიო? მაგრამ ფაქტია, რომ კიდევ მიგიწვიათ. ეტყობა, გარკვეულ იმედებს გიკავშირებთ...
- ვაისის სიტყვები, რომ ჩემგან მეტს ელის, კი არ მეწყინა, პირიქით - გამიხარდა. გამოდის, ჩემში პოტენციალს ხედავს. ვერ ვიტყვი, რომ ავსტრიასთან შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინე, მაგრამ იმ დღეს ეროვნულ ნაკრებში პირველად ვითამაშე და არავის გაუკვირდეს, რომ საკმაოდ ვნერვიულობდი. პირველი თამაში კლუბშიც რთული ჩასატარებელია და, მით უფრო, შენი ქვეყნის მთავარ ნაკრებში.
წლებია, დანიაში ვთამაშობ და ყველაზე პრინციპულ შეხვედრებზე, მაქსიმუმ, 20-25 ათასი მაყურებლის წინაშე თუ მითამაშია. ავსტრიასთან კი უცებ ტრიბუნაზე 40 ათასი გულშემატკივარი რომ დავინახე, ისე ავღელდი, ამის გადმოცემა შეუძლებელია. მაგრამ ვეცდები, ვაისს იმედები რაც შეიძლება მალე გავუმართლო.
- ავსტრიასთან გეტყობოდათ, რომ სითამამე გაკლდათ...
- დიახ, ასე იყო და ეს ალექსანდრე იაშვილმაც მითხრა - უფრო თამამი იყავი და გაიხსნებიო. სითამამე თამაშებით მოდის, მაგრამ საამისოდ 10 და 20 შეხვედრა ნამდვილად არ დამჭირდება. სხვათა შორის, "სილკებორგშიც" პირველი 2 მატჩი მაინცდამაინც დამაჯერებელი არ ვიყავი, მაგრამ მერე გავიხსენი.
- გულშემატკივარი ირლანდიასა და უელსთან უმძიმესი მატჩების მოლოდინშია...
- რა თქმა უნდა, მეც ასე ვფიქრობ. ირლანდიაც და უელსიც დაახლოებით ერთი სტილის - ათლეტური ფეხბურთის მიმდევრები არიან. მათი ძალა ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, ორივე ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით - უელსი, რომელიც ნახევარფინალში გავიდა. მაგრამ სუსტი წერტილი მათაც აქვთ - ბურთს თუ დაუჭერ და გაუკონტროლებ, მათი პლუსები განეიტრალდება. თანაც, არა მგონია, ფიზიკურად ჩვენი დაჩაგვრა მოახერხონ.
- ამ მხრივ, რა გაიმედებთ?
- ის, რომ ავსტრიასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე მთელი ძალით ვუტევდით. ეს იმის ნიშანია, რომ ნაკრებში ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები გვყავს. ამას გარდა, ჩვენების ბოლოდროინდელი ამბებიც მაიმედებს. უკანასკნელ ერთ თვეში რამდენიმე მათგანმა ვარჯიში განაახლა, ზოგიერთი კი აშკარად კარგ ფორმაშია.
ავსტრიასთან მატჩის მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრების რეალური ძალა გამოჩნდა და თუ ირლანდიასა და უელსთანაც იმავე განწყობით ვითამაშებთ, 30 წუთის ნაცვლად კი ნამდვილ ფეხბურთს 60 წუთით მაინც ვითამაშებთ, დარწმუნებული ვარ, ირლანდიის დამარცხებასაც შევძლებთ და უელსისაც.
- დანიურ ამბებზეც გკითხავთ. გუნდში საქმეები აგეწყოთ და საინტერესოა, ეს რისი შედეგია - დანიას კარგად შეეწყვეთ, გუნდში კარგი გარემო დაგხვდათ თუ მიზეზი სხვა რამ იყო?
- ყველაფერი ერთად საჩემოდ აეწყო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ გაცილებით მეტი სათამაშო დრო მაქვს, ვიდრე - "ორჰუსში". იქ თამაში თითქმის არ მიწევდა და თავს როგორ გამოვიჩენდი? "სილკებორგის" მწვრთნელი კი მენდო, ძირითადში დამაყენა და ნელ-ნელა გოლების გატანაც დავიწყე. დანიის ჩემპიონატი მარტივი სათამაშო არ არის, იქ სპეციფიკური მონაცემების ფეხბურთელები მოსწონთ - მხოლოდ ტექნიკურობა საკმარისი არ არის, 12-13 კილომეტრი მაინც უნდა ირბინო. განსაკუთრებით, უბურთოდ ბევრ მოძრაობას ითხოვენ.
- რახან ამას ამბობთ, გეცოდინებათ, თამაშის დროს საშუალოდ რამდენ კილომეტრს დარბიხართ?
- დაახლოებით, 11 კილომეტრს, მაგრამ არ დავმალავ, ამაზე კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს, რადგან მეკარის გარდა, "სილკებორგში" ლამის ყველას ჩემზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
- დანიაში გადასვლის პერიოდში რამდენს დარბოდით?
- თავიდან კარგი მაჩვენებელი არ მქონდა, 8-დან 9 კილომეტრამდე თუ დავრბოდი. საბედნიეროდ, ახლა გაცილებით უკეთესად ვარ.
- მეექვსე წელია, რაც დანიაში თამაშობთ და სირბილის გარდა, კიდევ რა კუთხით გაიზარდეთ?
- ბევრი პარამეტრია, რაშიც უკეთესობას ვგრძნობ. ჯერ ერთი, ბევრად უფრო გამოცდილი გავხდი, ფიზიკურად თავს აშკარად უკეთესად ვგრძნობ, იქაურ მოძრაობასა და ათლეტურ ფეხბურთსაც მიმაჩვიეს...
სხვათა შორის, ერთ-ერთ ბოლო ტურში "ოლბორგთან" დუბლი რომ შევასრულე, მწვრთნელმა ისეთი რამ მითხრა, ძალიან გამახარა - აქამდე კარგი ფეხბურთელი იყავი, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ახლა ბევრად უკეთესი ხარ და ამიტომაც გაგაქვსო.
- თქვენი აზრით, ახლა შესაძლებლობებს სრულად ავლენთ?
- რა თქმა უნდა, არა. ვგრძნობ, რომ მომატება შემიძლია. ან რომელ სრულ გამოვლენაზეა ლაპარაკი, როცა ნაკრებში ჯერ ერთი თამაში ჩავატარე და ისიც - შეცვლაზე. ვგრძნობ, რომ მწვრთნელები კლუბშიც და ნაკრებშიც ჩემგან მეტს ელიან და საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნიც გავხდი. კარგი ისაა, რომ ავსტრიასთან დავინახე, სანაკრებო დონეზე რა მოთხოვნებია და ახლა ამაზე ვფიქრობ და არა იმაზე, დანიის ჩემპიონატში რა დააკმაყოფილებთ.
საერთოდ, კმაყოფილი მოთამაშე ერთ ადგილზე ჩერდება. მე კი დღევანდელზე ბევრად უკეთეს დონეზე თამაში მინდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფიზიკა კი არა, უბურთოდ როგორ უნდა ემოძრავა დაცვაში და შეტევაში, არ იცოდა! და არც მოძრაობდა (როგორც ყველა ქართველი ფეხბურთელი). ასწავლეს (დანიის დონეზე რო ეყოფა, იმდენი) და უკეთესი ფეხბურთელიც იმიტომ გახდა. მწვრთნელი არ გვყავს, ჟურნალისტი არ გვყავს და აქედან თუ გააღწევს და იქ რამეს ისწავლის, თორე ფეხბურთელიც აქ საიდან გვეყოლება? სხირტლაძეს წარმატებები!