8 ნოემბერს ვლადიმირ ვაისმა "ღია კარის" დღე გამოაცხადა და მედიას ფეხბურთელებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება მისცა, თავად კი პრესკონფერენცია მოაწყო და აქტუალურ კითხვებს უპასუხა...
სასტუმრო "ჰუალინგში" გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა ძირითადად მეტოქეზე ილაპარაკა, ახსენა ჯანო ანანიძის ტრავმაც...
- რას იტყვით მოლდოვასთან მატჩის თაობაზე და ნაკრების ახალ წევრებზე - ჯაბა ლიპარტიასა და ოთარ კიტეიშვილზე?
- ახალი ფეხბურთელების ადაპტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს.
რაც შეეხება მოლდოვასთან მატჩს, ჩვენ
ფურცელზე საქართველოსა და მოლდოვის მატჩი არის ჯგუფის ორი აუტსაიდერის დაპირისპირება, თუმცა მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევ ციკლში ჯერ არ უთქვამს თავისი ბოლო სიტყვა. ეს მომდევნო მატჩებში უნდა დამტკიცდეს.
- რა მდგომარეობაა ჯანო ანანიძესთან დაკავშირებით?
- როგორც იცით, მან "ტომთან" მატჩის წინ ტრავმა მიიღო. ჯანო აქ არის და ჩვენი სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშაა. იმედია, ის მოახერხებს მოლდოვასთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მეეჭვება.
- რას იტყვით მოლდოვის ნაკრებზე?
- არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - დღევანდელ ფეხბურთში იოლი მეტოქე არ არსებობს და თამაშიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება იოლი. მოწინააღმდეგე ბოლომდე უნდა დავაფასოთ. მოლდოველებს ჰყავთ რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც რუსულ პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. გამოვარჩევდი ეპურეანუს და გაცკანს. მათ შემტევ ბუგაიოვსაც კარგად ვიცნობ ყაზახეთის ჩემპიონატიდან...
ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე ბოლომდე შევისწავლოთ. რა თქმა უნდა, თავიდანვე დავალება იქნება შეტევა, მაგრამ დაცვაშიც ყურადღებით უნდა ვიყოთ, კონტრიერიშები რომ არ გაგვეპაროს.
- რამდენად მსგავსი იქნება საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა იმ თერთმეტეულებთან, რომლებიც ირლანდიასთან და უელსთან შეხვედრებში დააყენეთ?
- ახლა შემადგენლობაზე ვერ ვილაპარაკებ. იქნება ორმხრივი თამაში და იქ მოისინჯება რამდენიმე ვარიანტი. ორ-სამ პოზიციაზე არის კითხვები და ეჭვები. სამწუხაროდ, რამდენიმე ჩვენს ფეხბურთელს აკლია სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბში.
- საქართველოს ნაკრებს "პირველ ნომრად" მოუწევს თამაში მოლდოვასთან. ასე არ იყო წინა მატჩებში. ეს პრობლემა ხომ არ იქნება?
- ძალიან ყურადღებით, ჭკუით უნდა ვითამაშოთ მოლდოვასთან. ერთხელაც უნდა ვთქვა, რომ ეს არ იქნება იოლი მოწინააღმდეგე. ჩემი პირველი თამაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იყო ყაზახეთთან. ეს გუნდები ჰგვანან ერთმანეთს, თუნდაც - ტაქტიკურად. მაშინაც და მერეც ჩვენ გვქონდა საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემა.
მიმდინარე შესარჩევ ციკლში 2 გოლი გვაქვს გატანილი. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, გატანილი გოლების გრაფაში "10" გვწერებოდა... ეს უნდა გამოსწორდეს. ჩვენი მიზანია ამ საოცარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება!
ასევე იხილეთ:
- გურამ კაშია: ჩემთვის მომავალ 3 მატჩში 9 ქულის აღება რეალურია
- გიორგი ქვილითაია: "რაპიდში" ვინც მომიწვია, ორივემ კლუბი დატოვა
- ჯაბა ლიპარტია: მსურს, დავამტკიცო, რომ ნაკრებში ტყუილად არავის გამოვუძახებივარ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"