SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია

AutoSharing Option
17 და 18 ივნისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეებს უმასპინძლა.

გასულ უქმეებზე გაირკვა სეზონის პირველი ფინალისტების ვინაობა, რომლებიც კორპორატიული და სუპერლიგის თასისთვის იბრძოლებენ გადამწყვეტ შეხვედრებში.

შაბათს გამართულ კორპორატიული თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ევროპაბეთი" "არმიას" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. გათამაშების სენსაციად შერაცხული "ბუკმეკერებისთვის" ეს ზედიზედ მესამე ოქროს ლიგის გუნდია, რომელიც მათ ასპარეზობას გამოთიშეს, თუმცა ფინალში კიდევ ერთი სერიოზული ბარიერის დაძლევა მოუწევთ - ოქროს ლიგის მოქმედი ჩემპიონი და ერთ-ერთი ფავორიტი, საპატრულო პოლიციის გუნდი თასის ფინალისკენ მიმავალ
გზაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს დაუპირისპირდა და უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება 9 ივლისს გაიმართება.

17.06.2017. კორპორატიული თასი. 1/2-ფინალი
არმია - ევროპაბეთი 0:1

18.06.2017. კორპორატიული თასი. 1/2-ფინალი
პატრული - სფფ 2 2:1

სადებიუტო სეზონში ტიტულის მოპოვების შანსი აქვს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს, რომელმაც სუპერლიგის თასის ნახევარფინალში ასპარეზობას "ტვ იმედი" გამოთიშა. დაძაბული შეხვედრა "სტუდენტების" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ფინალში კი მათი მეტოქე, არც მეტი, არც ნაკლები, მფკ "ნატახტარი" იქნება, რომელმაც ასპარეზობას ტრადიციული და უხერხული მეტოქე, პსპ გამოთიშა.

ამ გუნდების კვირას გამართული დაპირისპირება უდავოდ საუკეთესო იყო უქმეებზე. შეხვედრის ძირითადი დროის ფრედ, 1:1 დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ვერც დამატებითმა 5-წუთიანმა ტაიმმა გამოავლინა და ფინალში გამსვლელის გასარკვევად 7-მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

"საფეხბურთო ლატარიაში" კი "ნატახტარის" ფეხბურთელებს უფრო მეტად გაუმართლათ და სუპერლიგის თასის მოგებასაც თავიანთ ტიტულოვან ისტორიაში პირველად შეეცდებიან. სუპერლიგის თასის გამარჯვებული 1-ელ ივლისს გაირკვევა.

18.06.2017. სუპერლიგის თასი. 1/2-ფინალი
კსუ - ტვ იმედი 2:1
FC PSP - მფკ ნატახტარი 1:1 (პენ. 2:3)

სუპერლიგის თასის ფინალამდე, 17 ივნისს, მფკ "ნატახტარმა" სუპერლიგა A -ს ½-ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გამართა სფფ-სთან და 1:3 დამარცხდა. დუბლით გამოიჩინა თავი კახა კალაძემ, ხოლო ერთი გოლი ალექსანდრე ამისულაშვილის ანგარიშზეა. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, ერთი კვირით ადრე პსპ-მ 5:2 დაამარცხა პრევენციის ცენტრის გუნდი და სერიაში გალიდერდა.

17.06.2017. სუპერლიგა A. 1/2-ფინალი (I)
მფკ ნატახტარი - სფფ 1:3

წარმატებულად დაიწყო ნახევარფინალური სერია ვერცხლის ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა "ბაქსვუდმა", რომელმაც "ლიბერთი ბანკი" 3:0 დაამარცხა. რაც შეეხება "ევროპაბეთისა" და "საქართველოს ბანკის" სერიის პირველ დაპირისპირებას, ის 25 ივნისს გაიმართება. ამავე დღეს გამართავენ განმეორებით შეხვედრას "ბაქსვუდი" და "ლიბერთი".

18.06.2017. ვერცხლის ლიგა. 1/2-ფინალი (I)
ბაქსვუდი - ლიბერთი ბანკი 3:0

დაძაბული და დრამატული გამოდგა ოქროს ლიგის 1/2-ფინალური სერიის პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ფოსტისა და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდები დაუპირისპირდნენ. მაღალ ტემპში მიმდინარე დაპირისპირება საგოლე მომენტების სიმრავლით იყო გამორჩეული, თუმცა შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა და გამარჯვებული 7-მეტრიანების სერიაში გამოვლინდა.

GWP-ის ფეხბურთელებმა უკეთ გაართვეს თავი "ნერვების თამაშს" და სერიაში დაწინაურდნენ. მეორე ნახევარფინალში "ნატახტარი" ჯერ ისევ მეტოქის მოლოდინშია, რომელიც "ვითიბი ბანკისა" და "პატრულის" მესამე, გადამწყვეტ დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს.

18.06.2017. ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი (I)
საქ.ფოსტა - GWP 0:0 (პენ. 1:3)

შაბათ-კვირას გამართეს კალენდარული ტურის შეხვედრები ბრინჯაოს და სუპერლიგა C-ს გუნდებმაც.
17 ივნისს გაიმართა სუპერლიგა C-ს მე-4 ტურის გამოტოვებული შეხვედრა Menu.ge-სა და "ჯეო ჰოლდინგს" შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. კვირას გაიმართა მე-5 ტურის ორი დაპირისპირება, აჭარის ნაკრები უმძიმეს ბრძოლაში 6:6 დაუზავდა "უნიკრედიტს", ასევე დაძაბულ შეხვედრაში 5:4 იმარჯვა "რუბიკონმა" Menu.ge-სთან.

17.06.2017. სუპერლიგა C. IV ტური
Menu.ge – Geo Holding1:3

18.06.2017. სუპერლიგა C. V ტური
აჭარის ნაკრები - Unicredit.ge 6:6
რუბიკონი - Menu.ge5:4

მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა ბრინჯაოს ლიგაში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა 10:3 დაამარცხა "დომსონი"; გათამაშების ლიდერმა, "თბილისის მერიამ" უმძიმეს ბრძოლაში 2:1 აჯობა "ბილტმორს", ხოლო "ელიტა ბურჯმა" 5:3 სძლია "ხალიკ ბანკს".

18.06.2017. ბრინჯაოს ლიგა. VIტური
სდსს - დომსონი 10:3
ბილტმორი - თბილისის მერია 1:2
ხალიკ ბანკი - ელიტა ბურჯი 3:5

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული