ქართველმა მწვრთნელებმა უეფას ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო სემინარში მიიღეს მონაწილეობა

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ მილანში 23-25 ივნისს, უეფას ეგიდით ფუტსალის მწვრთნელთა გადამზადების სემინარი ჩატარდა. სემინარები ტრადიციულია, მეექვსე წელია ტარდება და ყოველწლიური სახე აქვს. აღნიშნულ ტრენინგს წელს საკმაოდ მასშტაბური სახე ჰქონდა. მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან მონაწილეობა 120-მა მწვრთნელმა მიიღო, მათ შორის,  საქართველოდანაც.

სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით, საერთაშორისო სემინარზე პირველად, საქართველოდან სამი მწვრთნელი იყო წარდგენილი: ბესო ზოიძე, ფუტსალის კლუბ "დინას" მთავარი მწვრთნელი; ალექსანდრე ძაბირაძე, მფკ "ტატიშვილის"  მთავარი მწვრთნელი და მფკ "თბილისის" ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი დიმიტრი მაყიშვილი.

სემინარი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა და ტრენინგებს ესპანეთის
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვენანსიო ლოპესი, ბარსელონას, ნავარასა და სხვა წარმატებული კლუბების მთავარი დამრიგებლები ატარებდნენ. ასევე, ტრენერებს შორის იყო ქალთა ფუტსალის მთავარი ხელმძღვანელი ანდრეა სანსი.

Sbm.ge სემინარში მონაწილე ქართველ სპეციალისტებს მილანურ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.

დიმიტრი მაყიშვილი, მფკ "თბილისი":
"საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა ფუტსალის მწვრთნელებისათვის, რომელიც მეექვსე წელია ტარდება რეგულარულად. წელს საკმაოდ მასშტაბური ტრენინგი იყო. 120 მწვრთნელი იღებდა მონაწილეობას. ქართველი მწვრთნელები პირველად ჩავერთეთ.

5 ტრენერი გვყავდა. მე პირადად ძალიან გამზარდა, ბევრი ახალი რამ შევიძინე. ძველი ცოდნა კი უფრო სიღრმისეულად გავიაზრე, რაც აუცილებლად აისახება ჩემი გუნდის თამაშზე. ორგანიზატორი იყო სპორტსკოლა "ქიქოფი", უეფასთან ერთად. გვყავდა ესპანელი მენტორები, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე იყო ანდრეა სანსი, რომელიც ქალთა ფუტსალს კურირებს. ტრენერებს ჰქონდათ მონახაზები 4/0 შეტევასა და განვითარებაზე. ასევე, აქცენტები გაკეთდა უპირატესობით შეტევაზე, 5/4-ზე.

იყო ძალიან დინამიკური სემინარები. ასევე, ისაუბრეს დაცვით ფუტსალზე, რომელზეც ყველაზე მეტი ყურადღება "ბარსელონას" მწვრთნელმა გაამახვილა. დანარჩენმა 4-მა ტრენერმა კი, როგორც გითხარით, უფრო მეტად აქცენტები შეტევაზე გააკეთა. მსგავსი გადამზადებები ქართული ფუტსალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი მწვრთნელი წავა და ჩაერთვება მსგავს სემინარებში, მით უფრო განვითარდება ფუტსალი საქართველოში.

ძალიან დიდი სიამოვნებით წავიდოდი მომავალ წელს და კიდევ შევიძენდი ახალ გამოცდილებას. ფუტსალი ძალიან განვითარებადი სპორტის სახეობაა და ბევრი ტაქტიკის შემუშავება შეიძლება. იყო საკითხები, რომლებიც ვიცოდით, გამოგვიყენებია პრაქტიკაში, თუმცა უფრო სიღრმისეულად განიხილეს".

Sportall.Ge

ბესო ზოიძე, მფკ "დინა":
"აღნიშნულ სემინარზე, რომელიც უეფას ეგიდით ჩატარდა იტალიაში, ტრენინგი ერთ-ერთი საუკეთესო ლიგის მწვრთნელებმა ჩაატარეს. ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული სემინარი ყოველ წელს ხდება უფრო და უფრო საინტერესო და პოპულარული.

6 წლის განმავლობაში, რაც ეს სემინარები ტარდება, ყველაზე გრანდიოზული სახე წელს ჰქონდა, რადგან ყველაზე მეტი, 120 მწვრთნელი იღებდა მონაწილეობას. ყველა კონტინენტიდან იყვნენ ფუტსალის სპეციალისტები ჩამოსულნი: ავსტრალიიდან, კანადიდან, აშშ-დან, სამხრეთ ამერიკიდან, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან და ა.შ.

ორგანიზატორებმა ასევე ისაუბრეს, რომ ეს სემინარები გახდება კიდევ უფრო მასშტაბური და შემდეგი სემინარების ჩატარებას აშშ-ში აპირებენ.

მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი სპორტის სახეობის პოპულარიზაციისთვის კეთდება და ამ სემინარის ერთ-ერთი მთავარი იდეაა, რომ ფუტსალი გახდეს მასშტაბური და მასობრივი.

იყო ძალიან საინტერესო ტრენინგები კონტრშეტევაზე; ასევე იყო ტრენერების მიერ შემოთავაზებული საკუთარი კომბინაციები, რასაც იყენებენ თავიანთ გუნდებში. განიხილეს ფუტსალის დეტალური სისტემები 3/1-ზე; 4/0-ზე თამაშის.

მე მაქვს სემინარებზე მონაწილეობის გამოცდილება რუსეთში, ბრაზილიაში, რომლებიც გვაძლევს დიდ ცოდნას და გამოცდილებას, თუმცა ევროპაში პირველად გავიარე მსგავსი ტრენინგი და ეს იყო განსხვავებული, რადგან უშუალოდ სათამაშო ასპექტებს შეეხნენ. ვყოფილვარ ისეთ სემინარებზე, სადაც ფსიქოლოგიას, გუნდის სტრუქტურას განიხილავენ, თუმცა ეს გაცილებით უფრო საინტერესო სემინარი იყო. ჩემი აზრით, მომავალში აუცილებელია, რომ მაქსიმალურად ბევრმა სპეციალისტმა მიიღოს მონაწილეობა მსგავს აქტივობებში.

ეს ყველაფერი საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ჩვენი ქვეყნიდან ჩავიდნენ მწვრთნელები და მიიღეს უდიდესი გამოცდილება და ეს აუცილებლად წაადგება ჩვენი სპორტის სახეობის განვითარებას საქართველოში.

საქართველოს ფუტსალის დღევანდელი რეალობა, გულწრფელად ვამბობ, რომ შორიდან დანახული მართლაც იმედის მომცემია. ძალიან სერიოზული ნაბიჯები იდგმება წარმატებისა და განვითარებისთვის. განვითარებას კი მოჰყვება წარმატება. დიდი მიღწევები აქვს ფუტსალში საქართველოს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ნაკრები არის გადამწყვეტი თამაშების მოლოდინში და შესაძლოა, ისტორიული მოვლენა დაფიქსირდეს, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე.

მე ვფიქრობ, რომ მწვრთნელების შრომა, მაგალითად, ალექსანდრე ძაბირაძის მფკ "ტატიშვილში", ავთო ასათიანის მუშაობა მფკ "სტუ-თელასში", დამწყები მწვრთნელის, დიმიტრი მაყიშვილის, რომელმაც უკვე წარმატებას მიაღწია ეროვნულ ჩემპიონატში, განავითარებს ჯერ ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ფუტსალის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან არის პოტენციალი იმისა, რომ მწვრთნელებმა გადადგან სერიოზული ნაბიჯები და მართლაც ისეთი ქვეყანა გავხდეთ, რომელსაც ექნება ძლიერი ჩემპიონატი და ეს წარმატება გავა საერთაშორისო დონეზე.

არ შემიძლია საქართველოში ფუტსალის განვითარებაზე ვისაუბრო და არ აღვნიშნო სპორტული სააგენტო SBM-ის როლი.

ის ღონისძიებები, რაც ტარდება, SBM-დან გამომდინარე არის მართლაც უნიკალური შემთხვევა, რადგან სამოყვარულო სპორტი ხდება მასობრივი, საინტერესო და ეს ყველაფერი მისულია პროფესიონალურ დონემდე.

აქედან გამომდინარე, ბევრი ფეხბურთელი, რომელიც დღეს მონაწილეობს საქართველოს ფუტსალის ლიგაში,  არის სამოყვარულო დონიდან ინტეგრირებული და ეს SBM-ის საშუალებით გაკეთდა. ამ პროექტმა გაამართლა. ფეხბურთის ფედერაციის მხრიდანაც გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები, კონკრეტულად,  ფუტსალთან მიმართებაში, ჩვენი სპორტის სახეობას მიაქციეს განსაკუთრებული ყურადღება და გამოვიდა, რომ ნაკრებში ჩამოდიან ისეთი ლეგიონერები, როგორებიც არიან ზვიად კუპატაძე, ნიშნიანიძე და სხვები. ისინი დღესდღეობით საქართველოს ნაკრებს აღიქვამენ სხვა რაკურსით, ვიდრე მანამდე იყო, აქვთ პატრიოტული ჟინი და სულისკვეთება, ჩვენ კი, სპორტის ამ სახეობის მესვეურებს გვაქვს ოპტიმისტური განწყობა, მით უფრო, დღეს".

ალექსანდრე ძაბირაძე, მფკ "ტატიშვილი":
"სამდღიანი სემინარი იყო, ძალიან ნაყოფიერი. პირველ დღეს იყო ტაქტიკური ვარჯიშების განხილვა მონიტორზე, მეორე დღე კი იყო პრაქტიკული, მოედანზე გადმოტანილი.

სემინარები დაიწყო 23 ივნისს და 25 ივნისს დასრულდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ სემინარებში მონაწილეობა, რადგან უამრავ დეტალს იგებ. რაც უფრო მეტი მწვრთნელი მიიღებს მონაწილეობას, ფუტსალს მეტი განვითარების შანსი აქვს.

სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით მოხერხდა ჩვენი წარდგენა აღნიშნულ სემინარზე, რისთვისაც მინდა მადლობა გავუხადო. ამ სააგენტომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგით და სხვა მრავალი პროექტით დაამტკიცა, რომ ფუტსალის განვითარებას უწყობს ხელს და არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის ფუტსალისადმი გამოჩენილ ყურადღებას. ბევრ ქვეყანას არ აქვს ასეთი ორგანიზებული ეროვნული ჩემპიონატი, თუნდაც ვიდეორეპორტაჟებით და ყველა საორგანიზაციო ნიუანსით, როგორც საქართველოს.

მინდა ამ ორგანიზაციას წარმატება ვუსურვო! ვისურვებდი, მეტი მწვრთნელი იყოს ჩართული გადამზადების კურსებზე და არა მარტო უცხოეთში წავიდეთ, არამედ კარგი იქნებოდა, ჩამოსულიყვნენ ეს ტრენერები საქართველოში და აქ ჩაეტარებინოთ ასეთი მაღალი დონის სემინარები".

სპორტული სააგენტო SBM
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული