SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიული ლიგის თასი სენსაციების გარეშე დაიწყო

AutoSharing Option
კვირას, 3 აპრილს ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა.

გუშინ სტარტი აიღო კორპორატიული ლიგის თასის გათამაშებამ, რომელშიც ოქროს და ვერცხლის ლიგის საუკეთესო 8-8 გუნდი იღებს მონაწილეობას. 1/8-ფინალური შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გაირკვა ის 8 გუნდი, რომელიც სადებიუტო ტიტულისთვის განაგრძობს ბრძოლას.

1/4-ფინალის საგზური მოიპოვა ოქროს ლიგის "ვესტ ინვესტმა", რომელმაც თბილისის მერიის გუნდს აჯობა - 4-2. მათი მეტოქე მომდევნო ეტაპზე საპატრულო პოლიციის გუნდი იქნება, რომელმაც თავის მხრივ, ვერცხლის ლიგის კიდევ ერთ ბინადარს, "თეთრი ქუდის" გუნდს სძლია - 0-2.

დღის ყველაზე დაძაბული და გამორჩეული შეხვედრა ვერცხლის ლიგის ორ ფავორიტს შორის გაიმართა. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და "ალიანს საქართველოს" გუნდების დაპირისპირების ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად 7-მეტრიანი დარტყმების სერიიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც იღბალი "ალიანსის" ფეხბურთელების მხარეს აღმოჩნდა - 6-5 და 1/4-ფინალშიც სწორედ ისინი ითამაშებენ.

მათი მეტოქე კი, ალბათ, ყველაზე არასასურველი, გათამაშების მთავარი ფავორიტი "ნატახტარი" იქნება, რომელსაც ბარიერის გადასალახავად "საქართველოს ბანკთან" საკმაოდ დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა. "ბანკირები" მატჩის განმავლობაში ორჯერ იგებდნენ, თუმცა გამოცდილმა მეტოქემ მაინც შეძლო შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება - 5-3 "ნატახტარის" სასარგებლოდ.

მომდევნო ეტაპზე ითამაშებს "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდი, რომელმაც "კრედოს" სძლია იოლად, 8-4. 1/4-ფინალში ისინი "საქართველოს ფოსტას" დაუპირისპირდებიან, რომელსაც გუშინ "ბაქსვუდის" დამარცხება არ გასჭირვებია - 5-1.

რაც შეეხება კიდევ ერთ 1/4-ფინალურ წყვილს, ერთმანეთს "ვითიბი ბანკისა" და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდები დაუპირისპირდებიან. "ბანკირებმა" "საქრუსენერგო" დაამარცხეს - 4-1, ხოლო "ტრანსპორტელებმა" "ბანკი რესპუბლიკის" გუნდს სძლიეს დიდი ანგარიშით - 7-1.

03.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/8-ფინალი
ვესტ ინვესტი - თბილისის მერია 4-2
GWP - კრედო 8-4
საქრუსენერგო - ვითიბი ბანკი 1-4
ბანკი რესპუბლიკა - TTC 1-7
ტატიშვილი - ალიანს საქართველო 2-2 პენ. 5-6
ნატახტარი - საქართველოს ბანკი 5-3
თეთრი ქუდი - პატრული 0-2
საქართველოს ფოსტა - ბაქსვუდი 5-1

კორპორატიული და სუპერლიგის თასის 1/4-ფინალური შეხვედრები 10 აპრილს გაიმართება.

კორპორატიული ლიგის თასი. 1/4-ფინალი
ვესტ ინვესტი - პატრული
ალიანს საქართველო - ნატახტარი
GWP - საქართველოს ფოსტა
TTC - ვითიბი ბანკი


კვირასვე გაიმართა სუპერლიგა C-ს და ბრინჯაოს ლიგის რამდენიმე დაპირისპირებაც.

ტელეკომპანია "იმედის" გუნდმა სუპერლიგა C-ს მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. "იმედის" მეტოქე გუშინ "სამტრედია" იყო. უაღრესად დაძაბული დაპირისპირება "იმედის" გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

03.04.2016. სუპერლიგა C. III ტური
სამტრედია - ტვ იმედი 1-2

ბრინჯაოს ლიგაში კი მეორე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. "ლიბერთი ბანკი" "ევროპაბეთთან" დამარცხდა - 1-2. ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა "თიბისიმ" შემოსავლების სამსახურის გუნდთან.

03.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. II ტური
ლიბერთი ბანკი - ევროპაბეთი 1-2
შემოსავლების სამსახური - თიბისი ბანკი 1-2

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" .

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", ვებპორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული