მართალია, "ესბიერგი" 14-გუნდიან სუპერლიგაში 19 ქულით მე-12 ადგილზეა, მაგრამ ქართული ფეხბურთის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი მოთამაშეების საშუალოევროპულ ლიგაში გადასვლა, მით უფრო - ბითუმად, მაინც მოულოდნელი ფაქტია.
დანიაში "ფანჯარა" 7 წლის წინათ, სპორტული სააგენტო Sports Vision-Players Agents-ის დამფუძნებლებმა - გუგა კაჭახიძემ, მალხაზ მუსერიძემ და ბესიკ აბაშიძემ გაჭრეს. 2008
ახლა კი მთავარ დანიურ ლიგაში 5 ქართველი გვყავს - კაკაბაძის, ზივზივაძისა და პარუნაშვილის გარდა, "სილკებორგშია" დავით სხირტლაძე, ხოლო მათე ვაწაძე იანვარში "ვიბორგში" გადავიდა.
ევროპაში ტრანსფერებზე ორიენტირებულმა სააგენტომ ზამთარში განსაკუთრებით ნაყოფიერად იმუშავა. კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელ მალხაზ მუსერიძესთან "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა...
- ევროპაში ქართველების მიმართ ინტერესი აშკარად დაეცა. ასეთ პირობებში, გასავარდნ ზონაში მყოფმა დანიურმა კლუბმა სამი ქართველის აყვანა როგორ გარისკეს?
- ისინი ქართველ ფეხბურთელებს იცნობენ და ჩვენების შესაძლებლობებზე წარმოდგენა ნამდვილად აქვთ. მაგალითად, ვაწაძე პირველი ლიგის ბომბარდირი იყო და იქ წლების განმავლობაში თამაშობდა. "ვიბორგი" ორი თავდამსხმელის სქემას იყენებს და როცა არჩევანის წინაშე დადგა, მისმა მთავარმა მწვრთნელმა იან მელბიუმ მათე გაიხსენა.
სხვათა შორის, "ვიბორგსა" და "სილკებორგს" ვაწაძის დამატება ჯერ კიდევ ზაფხულში სურდათ, როცა "ორჰუსიდან" წამოვიდა. მაგრამ კონკურენტ გუნდში პრინციპულად არ გაუშვეს.
კლუბის სპორტული დირექტორი ტედ ვან ლეუვენი ასევე კარგად იცნობდა ოთარ კაკაბაძეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან და ჯერ კიდევ ფამაგუსტის "ანორთოსისში" მუშაობისას იწვევდა. ასევე აიყვანეს პარუნაშვილიც. ამ ტრანსფერებში ჩვენ არ ვმონაწილეობდით, ზივზივაძის თაობაზე კი "ესბიერგთან" მოლაპარაკება გუგა კაჭახიძემ აწარმოა. იყო "ვიბორგის" ვარიანტიც, მაგრამ საბოლოოდ ასე გადაწყდა.
- დანიაში ტოპ-ლიგა არ არის, მაგრამ ქართველებს იქ თამაში ნამდვილად არ უადვილდებათ...
- ...იმიტომ, რომ რთული ჩემპიონატია. ახლა ჩვენს ბიჭებზეა დამოკიდებული, ქართულ ფეხბურთს როგორ წარმოაჩენენ. ხუთივე ქართველი ეროვნული ნაკრების წევრი ან კანდიდატია. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ეს დანიური გუნდები რეალურად გააძლიერეს. ჩემი აზრით, მათ აქვთ ამის პოტენციალი.
- როგორც ვიცით, პოლონეთში ლუკა ზარანდიაც თქვენმა სააგენტომ წაიყვანა...
- მიმაჩნია, რომ ეს ზარანდიასთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერი იყო. მან უნდა დაამტკიცოს, რომ "გენტში" მისი უთამაშებლობა ბელგიელების შეცდომა იყო და არა - მისი. ლუკას "სილკებორგში", "ოლბორგსა" და სლოვაკურ "ჟილინაში" იწვევდნენ, მაგრამ პოლონური კლუბის ინფრასტრუქტურა რომ ნახა, დარჩენა გადაწყვიტა.
სხვათა შორის, ამაზე ევროპელ მეგობრებსაც დავეკითხე და მათაც პოლონეთი გვირჩიეს - დონე საგრძნობლად გაიზარდა, უამრავი სკაუტი დადის და თავს თუ გამოიჩენ, გერმანიაში გზა ხსნილი გაქვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფეხბურთელებო,ისწავლეთ საკუთარ თავზე მუშაობა, თქვენი პროფესია მარტო ბურთის გაგორება კი არაა, ჰოდა თვითონ შეჰქმენით ინფორმაცია საკუთარ თავზე, თვითონ გაავრცელეთ, მადლობა ღმერთს რომ ინტერნეტი დღეს საშუალებას გაძლევთ თუნდაც ყოველ თქვენთაგანს საკუთარი ტელევიზია გქონდეთ.