ამ წარმატებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ცხადაძემ Sportall.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
- პირველ რიგში, სუპერთასის მოგებას გილოცავთ. ყაზახეთში ეს თქვენი პირველი ტიტულია...
- კი, ჩემთვის და გიორგი ჩიხრაძისთვის ეს ნამდვილად პირველი ტიტული იყო და ცხადია, ძალიან სასიხარულოც. სუპერთასზე უამრავი გულშემატკივარი მოვიდა და მათი იმედები უნდა გაგვემართლებინა.
თამაშს რაც
- ყაზახეთის თასის ფინალში სწორედ "ასტანასთან" დამარცხდით. მაშინ თქვით, ასეთ მოედანზე თამაში შეუძლებელი იყოო. ახლა უკეთესი მოედანი იყო?
- მაშინ ორივე გუნდს გაუჭირდა. "ასტანა" რომ ძლიერი გუნდია, ამას ისიც ცხადყოფს, რომ უკვე ზედიზედ სამი წელია ქვეყნის ჩემპიონი ხდება. წარმოიდგინეთ, იმდენად რთული მეტოქეა, რომ ევროპალიგაზე საკუთარ მოედანზე ერთი მატჩიც კი არ წაუგია. გასულ სეზონში მათი მათსავე მოედანზე დამარცხება მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ - 4:1. ვფიქრობ, თანაბარი დონის გუნდები ვართ.
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად ეცადა, რომ კარგ მოედანზე გვეთამაშა და ორივე გუნდს თავისი მაქსიმუმის გამოსავლენად ყველანაირი პირობა ჰქონოდა.
თასის ფინალში არ გაგვიმართლა. მაშინ ერთადერთი შეცდომა დავუშვით, რითაც "ასტანამ" ისარგებლა, ჩვენ კი რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თამაშს ის იგებს, ვინც მეტოქის შეცდომებს უკეთ გამოიყენებს, მაგრამ ეს უკვე წარსულია, ვეღარაფერს შევცვლით. მგონია, რომ სუპერთასზე ჩვენ უკეთ ვითამაშეთ.
- ყაზახეთში თქვენდამი დამოკიდებულება როგორია?
- რა ვიცი, რა გითხრათ... ალბათ, თქვენც ხედავთ. წარმოიდგინეთ, ღია ვარჯიშს ბაზაზე, რომელიც ქალაქგარეთაა, 500 გულშემატკივარი დაესწრო. ძალიან ვუყვარვართ, დიდ პატივს გვცემენ და როდესაც მათ ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობთ, საქმეს უფრო სერიოზულად ვეკიდებით.
წარმოუდგენელია, იმას, რასაც გულშემატკივრები გაძლევენ, სითბოთი და სიყვარულით არ უპასუხო. დიდი მადლობა მათ ამისთვის და დიდი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც ეს პირველი ტიტული მოვიპოვეთ.
ახლა ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. წელს სერიოზული მიზნები გვაქვს, გუნდი ძალიან გაძლიერდა. ახლახან დავიმატეთ უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. ერთი სიტყვით, ძლიერი გუნდი გვყავს და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ.
- მიზნები ახსენეთ. 8 მარტს ჩემპიონატი იწყება. რა იქნება გუნდის მთავარი მიზანი?
- რთული ჩემპიონატი იქნება, რადგან ჩვენ გარდა, კიდევ რამდენიმე დიდი ამბიციების მქონე გუნდი იქნება. ჩემპიონობისთვის ერთბაშად რამდენიმე კლუბი იბრძოლებს, თუმცა ჩვენს მთავარ ამოცანად ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა რჩება. ჩვენი ამოცანა ეს იყო და ეს რჩება.
- ხომ არ გიცდიათ "ქაირათში" ქართველი ფეხბურთელების მიწვევა? ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს გურამ კაშიას წაყვანა გსურდათ...
- არა. საყრდენი ნახევარმცველი გვჭირდებოდა და ამ პოზიციაზე მართლაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი განიხილებოდა.
კლუბის პრეზიდენტმა შექმნა სასელექციო ჯგუფი, რომელიც მას ექვემდებარება. ჯგუფს ევალება საჭირო ფეხბურთელების მოძიება, რაშიც ჩვენ ნაკლებად ვმონაწილეობთ. ეს ჯგუფი პოულობს ფეხბურთელებს, შემდეგ კი ჩვენთან ათანხმებს და ამის შემდეგ ხდება ყიდვა. ამ ეტაპზე გუნდი სრულად დაკომპლექტდა და რომელიმე ქართველი ფეხბურთელის ვარიანტი არ განიხილება.
- სერბეთთან მოახლოებულ მნიშვნელოვან თამაშზე უნდა გკითხოთ... თქვენი გადმოსახედიდან, როგორ უნდა ითამაშოს ჩვენმა ნაკრებმა ამ მატჩში?
- აბა, რა გითხრათ... მეტოქეს სერიოზული გაანალიზება სჭირდება. სწორედ გაანალიზების შემდეგ უნდა დაიგეგმოს ნაკრების სათამაშო სტილი.
მე ვერაფერს გეტყვით. ვლადიმირ ვაისი კვალიფიციური მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, მეტოქეს სწორად გააანალიზებს. მე საქართველოს ნაკრებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებს.
მადლობა თქვენ და ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ჩვენი საქმიანობით ინტერესდება და ვისაც ჩვენი აქაური წარმატება ახარებს.
- კახა ცხადაძემ ალმათის "ქაირათში" პირველი ტიტული - ყაზახეთის სუპერთასი მოიგო