"2017 წლის იანვარში ქანთარიამ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო, ხოლო მარტში გროდნოს კლუბს სინჯებზე ეწვია. კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგიმ სამი ამხანაგური შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა, სულ მინდორზე 213 წუთი დაჰყო. საინტერესოა, რომ სანამ ის მოედანზე იმყოფებოდა, "ნემანს" ერთი ბურთიც არ გაუშვია. ამგვარად, ქანთარია კლუბის მეხუთე ლეგიონერი გახდა", - წერია "ნემანის" საიტზე.
ქანთარია
"სეზონი აპრილში დაიწყება და უკვე შეგვიძლია, გუნდის საკადრო სიახლეები შევაფასოთ. საკონტროლო შეხვედრებში ძალიან მომეწონა გიორგი ქანთარია (ახალწვეულებიდან მხოლოდ ქართველზე ილაპარაკა - რედ.). მიხარია, რომ მას კონტრაქტზე შევუთანხმდით", - ასე შეაფასა ქართველი მცველი "ნემანის" მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოვალევიჩმა.
ქანთარია მთავარ ბელორუსულ ლიგაში მეხუთე ქართველი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბორისოვის ბატე-ში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი და ქანთარიას თანაქალაქელი ვაკო გვილია თამაშობს; მინსკის "დინამოში" ზამთარში 26 წლის თავდამსხმელი გიორგი გოგატიშვილი აიყვანეს; "მინსკში" თამაშობს ჯემალ ქურშუბაძე - ბათუმში დაბადებული და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 19 წლის მეკარე, რომელიც ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც გახლდათ; მეორე სეზონია, ბრესტის "დინამოში" რუსული პასპორტის მქონე 21 წლის თავდამსხმელი გიორგი ზებედაშვილი გამოდის.
გასულ სეზონში "ნემანმა" 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"