ბაჩანა არაბული: ...ამიტომაც გავაკეთე ასეთი არჩევანი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდი ბაჩანა არაბული კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ახლახან აღზევებულ "ბალმაზუივაროშში" გააგრძელებს.

არაბული თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი, მოასწრო ესპანეთში თამაში, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში კი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ...

"ლელო" მას უნგრეთში დაუკავშირდა და ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველი ინტერვიუ ჩაწერა...

რას წარმოადგენს ბალმაზუივაროში?
- უნგრეთის დონეზე რომ ავიღოთ, ალბათ, საშუალო დონის გუნდი გვეყოლება. როგორც იცით, ის წლეულს გადავიდა უმაღლეს ლიგაში. ახალი სეზონისთვის 5-6 ლეგიონერი მოიყვანეს. როგორც ვიცი, კიდევ აპირებენ ფეხბურთელების
დამატებას. ვფიქრობ, ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება.

ადაპტაცია
- ვფიქრობ, ამ მხრივ არ უნდა გამიჭირდეს. იცით, რომ ეს ჩემი პირველი უცხოური გუნდი არ არის. მოვასწარი ესპანეთში თამაში და იქ ყოფნამ დიდი გამოცდილება შემძინა.

პირველი დღიდანვე კარგად დაიწყო ჩემთვის ყველაფერი, კარგად დამხვდნენ როგორც კლუბის ხელმძღვანელები და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ისე - ფეხბურთელები. ძალიან მეგობრული, შეკრული გუნდია.

მადლობა დინამოსა და სამტრედიას!
- "სამტრედიიდან" დაბრუნების შემდეგ თბილისის "დინამოში" ძალიან ნაყოფიერი პერიოდი გავატარე. შეიძლება ითქვას, კლუბში დაბრუნებულს სიტუაცია ბოლომდე შეცვლილი დამხვდა უკეთესობისკენ.

დიდ ნდობას ვგრძნობდი როგორც კლუბის ხელმძღვანელობისგან, ისე - სამწვრთნელო შტაბისგან. როცა ამას ხედავს ფეხბურთელი, სხვანაირად იხსნება. ჩემი თამაშით ყველანაირად ვცდილობდი, ეს ნდობა გამემართლებინა...

ასევე დიდი მადლობა ეკუთვნის ჩემგან "სამტრედიას"! პირადად - გია ცეცაძესა და თემურ ლორთქიფანიძეს! ისინი რომ არა, ალბათ არ ვიქნებოდი ახლა ასეთ სიტუაციაში. "სამტრედიაში" დამიბრუნდა საკუთარი თავის რწმენა, რაც ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

რატომ გავაკეთე ასეთი არჩევანი?
- არ დავმალავ, იყო რამდენიმე სხვა ვარიანტი. მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი იყო, ისეთი კლუბი მეპოვა, სადაც მექნებოდა უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა. მე ვიცი, რას ნიშნავს უთამაშებლობა. ის ყველანაირად უკან სწევს ფეხბურთელის კარიერას.

ავირჩიე ის კლუბი, რომელშიც თამაშის მეტი შანსი მექნებოდა. იმედი მაქვს, უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა მექნება.

მწვრთნელი
- "ბალმაზუივაროშს" წარსულში ცნობილი უნგრელი ფეხბურთელი ფერენც ხორვატი წვრთნის. მას უკვე დაუგროვდა დიდი გამოცდილება სამწვრთნელო ასპარეზზე.

ჩემი დაკვირვებით, ტაქტიკურად განათლებული სპეციალისტია და ეს მის მიერ წარმართულ სავარჯიშო პროცესსაც ნათლად ეტყობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე ბაჩანა დიდ წარმატებებს გისურვებ, ვინც საკუთარ თავზე დაუზარებლად იმუშავებს, აუცილებლად დიდ წარმატებებს მიაღწევს, რომელ გუნდშიც არ უნდა იყოს.
gizog
09:40 10-07-2017
0
წარმატებები!!!
daviti
22:22 09-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული