გურამ კაშია სტუმრად "ლელოსთან": ჰოლანდიურ ფეხბურთში ასე არ ხდება...

AutoSharing Option
არნემის " ვიტესმა" 2011-12 წლების სეზონში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ჰოლანდიურ ერედივიზიონში მე-7 ადგილი დაიკავა და უეფას ევროპალიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. "ვიტესი" ამ ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

არნემული გუნდი ათწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება ევროსარბიელს.

"ვიტესის" პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლავთ, თბილისის "დინამოს" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი. "ვიტესის" შემტევები არიან ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია, ცენტრალური მცველი და კაპიტანი კი გურამ კაშიაა.

"ვიტესში" წინა სეზონში ჩვენებურთაგან ყველაზე სტაბილური სწორედ გუნდის კაპიტანი იყო. კაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელიცაა. სწრაფი და საიმედო
- თუ მას ასე დავახასიათებთ, ალბათ, არავინ დაგვძრახავს.

კაშია ევროპის ერთ-ერთ კარგ ლიგაში ერთ-ერთი კარგი გუნდის კაპიტანია. ეს ცოტას არ ნიშნავს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "ვიტესს" დიდი გეგმები აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 24 წლის კაშია ჯერაც მზარდი ფეხბურთელია.

გურამ კაშია 24 ივნისს რედაქციაში ვისტუმრეთ და საუბარი იმით დავიწყეთ, რომ "ვიტესში" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტურია...

- ცოტა უცნაურია, "ვიტესმა" წარმატებას მიაღწია, მაგრამ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა დატოვა და მისი შემცვლელი ამდენი ხანი არ გამოჩნდა...
- მართლაც ძალიან კარგი სეზონი გვქონდა, მწვრთნელიც ჩინებული გვყავდა. ქართველებმა, გუნდის დანარჩენმა ლეგიონერებმა და ადგილობრივმა ფეხბურთელებმაც ნორმალურად ვითამაშეთ. ამ ეტაპზე "ვიტესმა" მაქსიმუმს მიაღწია.

ჯონ ვან დენ ბრომმა "ვიტესი" რომ დატოვა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო, "ანდერლეხტში" წავიდა და მისთვის ეს, ალბათ, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ის მართლაც კარგი მწვრთნელია და ძალიან მინდოდა, ისევ მასთან რომ გამეგრძელებინა მუშაობა.

ვინ იქნება ჩვენი მწვრთნელი, ჯერ არ ვიცით. არადა, 1 ივლისს ვიწყებთ ახალი სეზონისთვის მზადებას.

- უკვე ორი წელია, რაც "ვიტესში" ხარ, როგორ შეეგუე იქაურობას? არნემი როგორი ქალაქია, რა თავისებურებები აქვს?
- ძალიან წყნარი და მოვლილია, ასე ვთქვათ, სუფთა ჰოლანდიური ქალაქია. ემიგრანტები იქ ცოტანი არიან, არნემში ასეთები არ უყვართ.

არნემელები პარასკევ საღამოდან იწყებენ გართობას და ორშაბათამდე აგრძელებენ. გართობა მათ ძალიან უყვართ, მთავარი გასართობი კი ფეხბურთია.

- მაინც როგორ უყვართ იქ ფეხბურთი?
- თუ დერბია, ბილეთს ადვილად ვერ იყიდი. აბონემენტი თუ გაქვს, პიროვნებაზე უნდა იყოს რეგისტრირებული. სხვა მისით ვერ ისარგებლებს.

არის კიდევ თავისუფალი თამაშები, როცა ისეთივე დიდია ინტერესი, როგორც დერბული მატჩების დროს. "აიაქსი", "ფეიენოორდი", პსვ - ასეთი მეტოქე როცა გვყავს, ამას თავისუფალ თამაშს ეძახიან, დერბი კი გვაქვს "ნაიმეგენთან" და "გრააფსხაფთან".

ჩვენ და ეს გუნდები ჰოლანდიის ერთი და იგივე მხარეში, ხელდერლანდში ვართ და ამიტომ არის ჩვენს შორის დერბი. როცა ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, ლამის ხოცავენ ერთიმეორეს.

დერბული თამაშის წინა დღეს ჩვენს ვარჯიშზე 3-4 ათასი გულშემატკივარი მოდის და გვიყვირის: თუ წააგებთ, დაგხოცავთ, თუ წააგებთ, ღორები იქნებითო. ხოლო თუ დერბის მოვიგებთ, არნემში ისე გეპყრობიან, როგორც მეფე-დედოფალს.

დერბულ თამაშებზე არნემში 20 000-ზე ნაკლები გულშემატკივარი არ მოდის.

- "ვიტესის" კაპიტნად როგორ აგირჩიეს? მერაბ ჟორდანიას ფაქტორი ამაში რამდენად მნიშვნელოვანი იყო?
- ჟორდანია ამაში არ ჩარეულა, ვენ დენ ბრომმა 2-3 ფეხბურთელთან და მწვრთნელებთან გაიარა კონსულტაცია და მერე გადაწყვიტა, რომ კაპიტანი მე ვყოფილიყავი.

- და რას ნიშნავს შენთვის, რომ "ვიტესის" კაპიტანი ხარ?
- ძალიან ბევრს - მწვრთნელთან, ფეხბურთელებსა და პრეზიდენტთან პრივილეგირებული ხარ, ყურადღებით გისმენენ და შენს აზრს ითვალისწინებენ.

საქართველოში კი ასე არ არის. "დინამოშიც" ვიყავი კაპიტანი, სიტყვა კი მეთქმოდა, მაგრამ მწვრთნელი და ხელმძღვანელობა ჩემს აზრს არ ითვალისწინებდნენ.

ჰოლანდიაში სხვანაირადაა. იქ ფეხბურთში ფეხბურთელია მთავარი, მერე კი მწვრთნელი და კლუბის პრეზიდენტი. მაგიტომაც არის ჰოლანდია ჩვენზე წინ, თუმცა ისიცაა, რომ ფეხბურთელი ბოლომდე პროფესიონალი უნდა იყოს.

- საქართველოში თავგამოჩენილ ფეხბურთელს მეტწილად ორი არჩევანი აქვს: ან რუსეთი და უკრაინა, ან საშუალო ევროპული გუნდი. ერთ მხარეს მეტი ხელფასი და "პადიომნი", მეორე მხარეს შედარებით ნაკლები ანაზღაურება და პროფესიონალური ზრდის მეტი პერსპექტივა. შენ მეორე არჩიე და, ალბათ, ეს არ იყო იოლად მისაღები გადაწყვეტილება...
- რომ მქონოდა რუსეთის ვარიანტი, შესაძლოა, ამაზე თანხმობა მეთქვა, მაგრამ რუსეთში გამიჭირდებოდა. ჩემი ოცნება ყოველთვის ევროპაში თამაში იყო, შესაძლოა იმის გამოც, რომ ჩემს ბავშვობაში უკრაინული და რუსული ფეხბურთი პოპულარული არ იყო.

რუსულ ფეხბურთში ახლა ძალიან დიდი ფულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰოლანდიაში ფეხბურთის დონე უფრო დაბალია. "აიაქსი", პსვ, "ფეიენოორდი"... ჰოლანდიაში საკმაოდ ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. მცველი კი ვარ, მაგრამ სხვანაირი, ჩაკეტილი ფეხბურთი არ მიყვარს, ფული ყველაფერს არ განაპირობებს. ევროპაში რომ მიდიხარ სათამაშოდ, ყველანაირად დაცული ხარ, კონტრაქტში რაც გიწერია, იმ პირობებს აბსოლუტურად გისრულებენ. რუსეთში კი... არაერთი ქართველი ფეხბურთელისგან გამიგონია, იქ რაც ხდება...

- როგორი იყო "ვიტესში" გადასვლის პერიპეტიები? როგორც ვიცით, გქონდა ხელისშემშლელი ფაქტორები...
- ჯერ ჩეხურ "სლავიაში" ვაპირებდი გადასვლას, გადასახდელი იყო საკომპენსაციო თანხა "დინამოსთვის", მაგრამ ზუსტად ვერა და ვერ დადგინდა თანხის ოდენობა. ჩეხები კი კონტრაქტს ამის გარეშე ხელს არ აწერდნენ, მერე დიდი თანხა არ მოგვთხოვონო.

საქმე ასე რომ გაჯანჯლდა, "დინამოსთან" ახალ, ექვსთვიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ხელშეკრულებაში კი ჩაიწერა ის კონკრეტული თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაშიც სხვა გუნდში ტრანსფერი შესაძლებელი გახდებოდა. ამის შემდეგ წავედი "ვიტესში".

- უცხოური კარიერისთვის "დინამოში" გამოიწრთე...
- მასეა, "დინამო" ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველი გუნდი იქნება. ჰოლანდიაში ჟურნალისტებთანაც სიამაყით ვამბობ ხოლმე, რომ "დინამოს" ფეხბურთელი ვიყავი, რომ "დინამომ" 1981 წელს თასების თასი მოიგო. ყოველივე აქედან გამომდინარე, ძალიან დამწყდა გული, ასე მოულოდნელად რომ გარდაიცვალა "დინამოს" ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფეხბურთელი რამაზ შენგელია...

- როგორი იყო დინამოელობა მაშინ, როცა ამ გუნდში თამაშობდი?
- რთული იყო. მაშინ ისეთი პირობები არ გვქონდა, რაც ნორმალურ ფეხბურთელს დააკმაყოფილებდა. გამიხარდება, თუ "დინამოს" წინსვლა ექნება. ბაზა გაკეთდა, ხელფასები გაიზარდა...

თუმცა, ჩემი აზრით, "დინამოში" დღეს გაურკვევლობაა. ჩემი ძმა "დინამოში" 14 წელი თამაშობდა და ვითომც არაფერი, ისე გაუშვეს გუნდიდან.

პრობლემები შეექმნა დავით ოდიკაძეს, სოსო გრიშიკაშვილს კი ოპერაციის ფული არ გადაუხადეს. არადა, გრიშიკაშვილს იმხელა დამსახურება აქვს "დინამოს" წინაშე, რომ ელემენტარულად პატივისცემას იმსახურებდა კლუბისგან.

ჰოლანდიაში დრო თუ გამომიჩნდება, ინტერნეტით აუცილებლად ვუყურებ ხოლმე "დინამოს" თამაშებს. როგორც გულშემატკივარმა, ძალიან განვიცადე, გუნდი მეოთხე ადგილზე რომ გავიდა.

- ზოგ ქართულ კლუბში ფეხბურთელს იმის გამო აჯარიმებენ, რომ გუნდმა თამაში ვერ მოიგო - ჰოლანდიაშიც ხდება ასეთი რამ?
- თუ სადილზე დააგვიანებ, 50 ევროთი დაჯარიმდები ან ჭურჭლის ალაგება მოგიწევს. "დინამოში" რომ ვთამაშობდი, ორჯერ დამაჯარიმეს, ჯერ იმიტომ, რომ წავაგეთ და მერე იმიტომ, რომ ფრე ვითამაშეთ. გავიგე, რომ "დინამოს" ფეხბურთელებს ასეთი რამ წინა სეზონშიც გაუკეთეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია!

ევროპაში ასეა: როცა გუნდი აგებს, პასუხისმგებლობას ფეხბურთელების გარდა, მწვრთნელი და პრეზიდენტიც ინაწილებენ.

როცა საქართველოში ფეხბურთელს 1000 დოლარი აქვს ხელფასი და 300-400 დოლარით დააჯარიმებ, ეს მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი თანხაა. არ არსებობს, რომ ფეხბურთელმა ასი თამაშიდან ყველა კარგად ითამაშოს. ასეთი, ალბათ, მხოლოდ მესია.

- "ვიტესში" ორი წელი უკვე ითამაშე. გუნდის გამოცვლაზე ხომ არ ფიქრობ?
- კონტრაქტით კიდევ ოთხი სეზონი მაკავშირებს "ვიტესთან". თუ მსურველი კლუბი გამოჩნდება, "ვიტესი" ჩემში 3 მილიონზე მეტს ვერ მოითხოვს.

ჰოლანდიაში ყველაფერი ნორმალურადაა. საქართველოში კი, თუ კლუბთან კონტრაქტს არ გააგრძელებ, მეორე გუნდში გადაგიყვანენ...

- "ვიტესში" არაერთხელ გაიბრწყინა გიორგი ჭანტურიამ და მისით უკვე არაერთი ცნიბილი კლუბია დაინტერესებული. ალბათ, შენც გაქვს გარკვეული ინფორმაცია ამის შესახებ...
- გიორგის იტალიელი მენეჯერი რომ შეხვდა, მეც იქ ვიყავი. სერიოზული ხალხია. სერია A-ს სამ-ოთხ გუნდზეა ლაპარაკი, შესაბამისად, დიდ თანხებზე, ოღონდაც "ვიტესს" ფული არ აკლია. დღეს კარგი ფეხბურთელი უფრო სჭირდება, ვიდრე ფული.

- ბევრს ლაპარაკობენ ჭანტურიას ხასიათზეც...
- მოედანზე რთული ხასიათი აქვს, მაგრამ რაც მთავარია, არის კარგი და უკვე პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც რეჟიმს არ არღვევს. მე რომ მაგის ასაკში ვიყავი, ცოტა მეც მიქროდა თავში.

ჭანტურია ისეთ სტილში თამაშობს, თავისი აფეთქებებით სულ ახერხებს გულშემატკივართა მოხიბვლას. მისი რთული ხასიათის გამო კი ხანდახან ჭორები ჩნდება ხოლმე. ის ჩემი ახლო მეგობარია, დაელაპარაკები და გაგიგებს. ჭანტურია საკუთარ თავს ყოველთვის მეტს სთხოვს, მის ასაკში სტაბილურობა ძნელია. ის საკუთარ შეცდომებზე ისწავლის...

- საკმაოდ ნიჭიერია "ვიტესის" კიდევ ერთი ჩვენებურიც...
- ყაზაიშვილი ძალიან ნიჭიერია, ოღონდაც ინგლისური კარგად უნდა ისწავლოს და ენობრივი ბარიერი გადალახოს. ყაზაიშვილი ნიჭით ჭანტურიას არ ჩამოუვარდება. შეიძლება ითქვას, თანაბრად ნიჭიერები არიან.

- "აიაქსი", "ფეიენოორდი", პსვ - ამათ "ვიტესი" რომ დაეწიოს, რამდენად რეალურია?
- კლუბთან ასეთი ხანგრძლივი კონტრაქტი რომ გავაფორმე, ამის იმედიც მქონდა და მაქვს. ამის შესახებ ჟორდანიასთანაც მისაუბრია. "ვიტესს" ფული არ უჭირს, ფეხბურთში კი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და რატომ არ აქვს "ვიტესს" ამის შანსი? მომავალ სეზონში მეოთხე-მეხუთე ადგილზე გასვლის რეალური შანსი გვექნება, მერე კი, ვნახოთ.

- ჭანტურია და ყაზაიშვილის გარდა, კიდევ ვინ არის "ვიტესში" გამორჩეულად ნიჭიერი?
- კოტდივუარელი ვილფრედ ბონი, ასეთი ღონიერი ფეხბურთელი არ მინახავს. მგონი, დროგბაზე უფრო ჯანიანია. რომ დაეჯახები, აქეთ დაშავდები, ნამდვილი რკინაა. ამ ფეხბურთელში "ვიტესს" 14-15 მილიონს სთავაზობენ...

- კახა კალაძე ნაკრებიდან წავიდა, ზურაბ ხიზანიშვილი და ალექსანდრე ამისულაშვილი უკვე 30 წელს გადაცილებული მცველები არიან და საქმეს ისეთი პირი უჩანს, გურამ კაშია უნდა ჩამოყალიბდეს ნაკრების დაცვის ლიდერად...
- 2-3 წელიწადში კლუბში იმ დონეზე უნდა ვიყო, რომ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გავხდე - ვნახოთ, ეს როგორ გამომივა. ნაკრებში მარჯვენა მცველად მათამაშებენ. ნახევარი წელი "ვიტესშიც" ამ პოზიციაზე ვიყავი და ეტყობა, თემურ ქეცბაიამაც მაშინ ნახა ჩემი თამაში. ფლანგელ მცველს მეტი სისხარტე სჭირდება, ჩაწოდებაც ძალიან კარგი უნდა ჰქონდეს...

- შეტევაში ჩართვას არც დაცვის ცენტრიდან ერიდები ჰოლანდიის ჩემპიონატში...
- ამას ითხოვენ კიდეც. ჰოლანდიაში ცენტრალურ მცველს "მშენებელსაც" კი უწოდებენ, რადგან სწორედ აქედან იწყება შეტევის ორგანიზება. გუნდში ორი ცენტრალური მცველიდან ერთი აუცილებლად ასეთი უნდა იყოს.

დაცვის ცენტრში ჩემი მეწყვილე ტომაშ კალაში ძალიან ნიჭიერი მცველია. "ჩელსიდან" იჯარით არის წამოსული, თუმცა ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და შეტევაში წასვლის რისკს ერიდება.

- ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზეც გვითხარი ერთი-ორი სიტყვით...
- მომწონს ეს ჩემპიონატი, სანახაობრიობა ნამდვილად არ დაეწუნება. ფეხბურთელებიდან რონალდოს გამოვარჩევდი, მარტოკა თამაშობს გუნდში.

გერმანიას პრობლემები აქვს დაცვაში. ამიტომაც ფავორიტი მაინც ესპანეთი მიმაჩნია, უფრო სტაბილურად გამოიყურება. ისე კი, ინგლისის გულშემატკივარი ვარ...

მშენებელი არნემიდან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არჩილ არველაძე სტუმრად "ლელოსთან": ჩვენს ჩემპიონატში გუნდი არაა, ჩაწყობილი თამაში რომ არ უთამაშია

ვასილ მაისურაძე სტუმრად "ლელოსთან" - წარმატების ფორმულა

ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოსთან": თუ ნაკრებს დავჭირდები...

კახა კალაძე სტუმრად "ლელოსთან": ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული