"ჩვენ მაფიას გვეძახდნენ, თანაც რუსულს"
"ვიტესი" ახალ მეპატრონეებს მძიმე მდგომარეობაში დახვდა. ამის მიუხედავად, მერაბ ჟორდანიამ და ერვინ კაზაკოვსკიმ გუნდი ჩაძირვას გადაარჩინეს, ახლა კი მისგან ნამდვილი საბრძოლო გემი ჩამოაყალიბეს.
საფეხბურთო ევროპა უკვე შეეჩვია რუსეთისა და მისი მიმდებარე ქვეყნებიდან მდიდარი ბიზნესმენების დაინტერესებას: შოტლანდიური "ჰართსი" ლიტველმა ვლადიმერ რომანოვმა შეიძინა, შვეიცარიული "ქსამაქსი" - ჩეჩენმა ბულატ ჩაგაევმა, ჰოლანდიაში კი "ვიტესს" რუსულ კლუბს უწოდებენ.
მას ქართველი ბიზნესმენი მერაბ ჟორდანია ფლობს... ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ სპორტული და ფინანსური წარმატების
...საქართველოს ნაკრებში უცხოელ სპეციალისტთა ჩაყვანას სწორედ ამ კავკასიური ქვეყნის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟორდანიამ დაუდო სათავე. ის პოსტიდან სკანდალით წავიდა - დაკავებული იყო გადასახადების დამალვისა და სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებით.
რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ სცადა, როდესაც საფეხბურთო აგენტთან და ძველ მეგობართან, ერვინ კაზაკოვსკისთან ერთად არნემული კლუბი შეისყიდა. "ვიტესმა" მათი ყურადღება დავალიანებით, კარგი სტადიონითა და მცირე სახელფასო ფონდით მიიქცია. ამას გარდა, ჰოლანდია იმ იშვიათ ქვეყნებს განეკუთვნება, სადაც შეიძლება, რომ კლუბს ერთი მეპატრონე ჰყავდეს. "ალკმაარზე" ჟორდანიამ უარი თქვა, რადგან ახალი გუნდის ნულიდან ჩამოყალიბება სურდა და არა ძველი მოთამაშეების გაყიდვით დასაქმება.
...კლუბის სტადიონ "გელრედომს" შეარქვეს "ჰოლივუდი რეინზე". იქ იმ მუსიკოსების ფოტოებია განთავსებული, რომლებსაც არნემის სტადიონზე კონცერტი ჩაუტარებიათ: მადონა, პოლ მაკარტნი, რამშტაინი, ბონ ჯოვი...
ერვინ კაზაკოვსკი გაუგებარი ეროვნების პიროვნებაა. დაიბადა დუშანბეში, მჭიდრო კავშირშია საქართველოსთან და ცხოვრების უდიდესი ნაწილი გერმანიაში გაატარა. საკუთარ თავს გერმანელად თვლის, მაგრამ ნოსტალგია აქვს საბჭოეთის ყოფილ ქვეყნებზე.
კაზაკოვსკი "ვიტესის" შესყიდვის დეტალებს იხსენებს და გუნდის სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობს:
- თავიდან ჟორდანიას ჰოლანდიელები ფრთხილად მოეკიდნენ, ის ხომ ერედივიზიეს კლუბის პირველი უცხოელი მეპატრონე იყო. ადგილობრივ პრესაში ნეგატიური წერილები ჭარბობდა. ჩვენ გვიწოდებდნენ მაფიას, თანაც რუსულს!
მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდა. საზოგადოებამ დაინახა, რომ მერაბს აინტერესებს ფეხბურთი და არა იოლი ფული. უპირველესად, მას სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ კლუბის ნულიდან შექმნა შეუძლია და ბოლო 120 წელიწადის განმავლობაში პირველად ჩემპიონის ტიტული მოუპოვოს.
კლუბს სჭირდება ძლიერი საფუძველი, რათა წასულები ღირსეულებით შეცვალონ. მიმდინარე სეზონში "ვიტესი" ლიდერებში მყარად დამკვიდრდა, სტარტზე კი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.
არნემელები "ალკმაართან" წაგებამაც ვერ შეაფერხა და შემდეგ ტურში გასვლაზე "აიაქსი" დაამარცხეს.
"ვიტესის" ფილოსოფია ფეხბურთელების აღზრდა და გაყიდვაა. კაზაკოვსკი ამაყობს კლუბის აკადემიის მუშაობით და იმითაც, მუდამ ახალგაზრდული ასაკის ერედივიზიეშიც კი, "ვიტესი" ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით რომ გამოირჩევა.
ბოლო ტრანსფერებიდან აღსანიშნავია მცველის, ალექსანდრე ბუტნერის "მანჩესტერში" გადასვლა, რომელშიც ჰოლანდიურმა კლუბმა 4,5 მილიონი ევრო მიიღო. უახლოეს პერიოდში ყველაზე ძრვირადღირებული ფეხბურთელის, თავდამსხმელის, ვილფრედ ბონის გაყიდვაა მოსალოდნელი. "ვიტესის" გენერალური დირექტორის თქმით, მისით ინგლისისა და რუსეთის კლუბები დაინტერესდნენ.
მაგრამ არნემში დიდი ფულის დახარჯვა არ უყვართ. "ქართული რევოლუციის" შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, კლუბის ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად დღემდე რჩება 2000 წელს "როდადან" ბელგიელი ბობ პიტერსის 6 მილიონ ევროდ გადაყვანა.
სამომავლოდ "ვარსკვლავების ფაბრიკა" უფრო ნაყოფიერი უნდა გახდეს: მიმდინარეობს კლუბის ბაზის მშენებლობა, რომელიც თებერვალში დასრულდება და ჰოლანდიაში საუკეთესო იქნება.
ადგილობრივმა არქიტექტორებმა მისი "ჩელსის" ბაზასთან მსგავსება შენიშნეს. ეს შემთხვევით არ არის. ჟორდანია და აბრამოვიჩი ხომ დიდი ხნის მეგობრები არიან. ამბობენ, რომ ჩუკოტკის გუბერნატორმა "ვიტესის" შეძენა დააფინანსა.
კაზაკოვსკი ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს გაურბის.
"როგორც ვიცი, "ჩელსის" შეძენამდე რომან აბრამოვიჩმა კონსულტაციები ჟორდანიასთან გაიარა, მერაბი კი "ვიტესის" შეძენამდე მისი აზრით დაინტერესდა, მაგრამ ფინანსურ დახმარებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მეგობრები ერთმანეთის აზრით დაინტერესდნენ", - ამბობს კაზაკოვსკი.
ამის მიუხედავად, კლუბებს შორის კავშირი არსებობს. "ვიტესის" შემადგენლობაში "ჩელსიდან" იჯარით დამატებული სამი ფეხბურთელია. ბევრი სხვა მოთამაშითაც არიან დაინტერესებულები, მათ შორის, პოსტსაბჭოელებითაც. მაგალითად, გუნდში უკვე სამი ქართველია, მათ შორის, კაპიტანი გურამ კაშია.
მკაფიო სტრატეგია "ვიტესს" იმ რუსული კლუბების უმრავლესობისგან გამოარჩევს, რომლებიც დოტაციით არსებობენ. ამით გარკვეულწილად "კრასნოდარს" ჰგავს, მაგრამ არნემელთა მეპატრონეები ამჯობინებენ, რომ წარმატებებით მოსკოვის ცსკა-ს გაუტოლდნენ; მით უფრო, რომ მერაბ ჟორდანია ცსკა-ს პრეზიდენტთან, ევგენი გინერთან ახლობლობს. ხოლო ლონდონელი მრჩეველი გვაფიქრებს, რომ კლუბის ყველაზე ამბიციური გეგმები აუცილებლად განხორციელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროკომისია, გაზპრომი, პუტინი.... რუსებმა ამ კომპოტში მერაბ ჟორდანიაც ახსენეს
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
არნემის "ვიტესში" მორიგ ქართველს ელიან
მერაბ ჟორდანიამ გუნდი სამართავად ერვინ კაზაკოვსკის ჩააბარა
გურამ კაშია სტუმრად "ლელოსთან": ჰოლანდიურ ფეხბურთში ასე არ ხდება...