ირაკლი სირბილაძე
დაიბადა: 27.09.1982
კლუბი: ინტერ ტურკუ (ფინეთი)
ყოფილი კლუბები: ლოკომოტივი (თბილისი), ბალტიკა (რუსეთი), დინამო (ბათუმი), სიონი (ბოლნისი), ოლიმპი (რუსთავი), სპარტაკი (ცხინვალი), კაიაანი (ფინეთი), კოკოლანი (ფინეთი), იარო (ფინეთი)
ეროვნულ ნაკრებში: 1 მატჩი
ფინეთში სეზონი სულ ახლახან დაიწყო. ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ინტერ ტურკუ", ჯერჯერბით, არასახარბიელოდ ასპარეზობს - თასის გათამაშებას ადრეული ეტაპიდან გამოეთიშა, ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში კი დამარცხდა.
"ლელოსთან" ინტერვიუში "ინტერის" ქართველი თავდამსხმელი, შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფორვარდი, 30 წლის ირაკლი სირბილაძე ამის მიზეზებზე საუბრობს და საკუთარ გეგმებსაც გვიმხელს.
-
- გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გამიცდა, ამას ხანგრძლივი შესვენება დაემატა და ბუნებრივია, სასურველ ფორმაში ჯერ არ ვარ. თუმცა რამდენიმე მხოლოდ ოფიციალური მატჩი მჭირდება იმისთვის, რომ ძველი კონდიციები აღვიდგინო
- რამ გამოიწვია "ინტერის" ასეთი სუსტი სტარტი?
- გუნდი ძირითადი შემადგენლობის არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, გაძლიერება კი შესაბამისი არ არის - დუბლშემადგენლობიდან დააწინაურეს ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არიან. ასე რომ, მეეჭვება, გუნდმა შარშანდელი შედეგების გამეორება შეძლოს, თუმცა ცდას არ დავაკლებთ.
- ზამთარში კლუბის შეცვლის სურვილი გქონდა...
- მართალია. სხვათა შორის, საინტერესო შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ "ინტერმა" არ გამიშვა. კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე მაკავშირებს და შესაძლოა, ჩემი გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში ზაფხულში დადგეს.
- ხომ არ გაგვიმხელ, საიდან გქონდა მოწვევა?
- ამისგან ახლა თავს შევიკავებ. შესაძლოა, ეს ვარიანტები კვლავ აქტუალური გახდეს და ამის შესახებ შემდგომში ვისაუბროთ.
- "ინტერში" დარჩენის გამო მოტივაციის ნაკლებობას ხომ არ უჩივი?
- სიმართლე გითხრათ, არც უამისობაა. ძალიან მინდოდა, ძალები უფრო მაღალ დონეზე მომესინჯა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ფინეთში ყველა შესაძლო ინდივიდუალური პრიზი მოვიგე და მზად ვიყავი, სხვა კლუბში მეთამაშა, ახლა კი იგივე წრეზე მეორედ მიწევს წასვლა, რისთვისაც განწყობა იოლი ნამდვილად არ არის.
შევეცდები, ამ სირთულესაც გავუმკლავდე და შარშანდელზე ნაკლებად შედეგიანად არ ვითამაშო.
- სხვა ფინურ კლუბში გადასვლა გამორიცხულია?
- გამორიცხულია, რადგან "ინტერი" ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, ტურკუ კი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი.
- ხომ არ არის იმის ალბათობა, რომ "ინტერმა" ხანგრძლივი კონტრაქტი და სამომავლოდ კლუბში დასაქმების პერსპექტივა შემოგთავაზოს?
- შესაძლოა, ასეც მოხდეს. ჯერ ყველანაირად ვეცდები, უფრო ძლიერ ლიგაში მოვხვდე და თუ არ გამომივიდა, მზად ვარ, "ინტერს" ჩემი ბედი დიდი ხნით დავუკავშირო. რა თქმა უნდა, მომავალზეც ვფიქრობ და ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის პერსპექტივა მართლაც მომხიბვლელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი სირბილაძე: "ინტერიდან" წასვლის იმედი ჯერ კიდევ მაქვს
ირაკლი სირბილაძე: ქეცბაიას ინტერესი ყველა პირად ტიტულზე ძვირფასი იყო
ირაკლი სირბილაძე: სამწუხაროდ, ქართველებისთვის მსგავსი საქციელი დამახასიათებელია...
ირაკლი სირბილაძე ფინეთში საუკეთესოდ აღიარეს