პრემიერლიგაში მოხვედრის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვთ ნალჩიკის "სპარტაკს" და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას". ისინი ცხრილში მე-3-მე-4 ადგილებზე იმყოფებიან და პლეი ოფში მონაწილეობის უფლებისთვის იბრძვიან.
ხაბაროვსკის გუნდში ხუთი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელიც ქართველია. ნალჩიკში კი მხოლოდ ორი ჩვენებური თამაშობს - ნახევარმცველი გუჯა რუხაია და საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავით სირაძე.
რა შანსები აქვს "სპარტაკს", რა გეგმები გააჩნია თავად სირაძეს და დარჩება თუ არა რუსეთში?
გამოცდილ თავდამსხმელს სწორედ ამ თემებზე დავეკითხეთ.
-
- ჩვენი კონკურენტი "სკა-ენერგია" არის, რომელსაც ერთი ქულით ვუსწრებთ, მაგრამ დარჩენილ სამ ტურში სერიოზული თამაშები გველის. თანაც, ორივე კალინინგრადის "ბალტიკას" ვხვდებით, რომელსაც ასევე აქვს გადათამაშებაში მოხვედრის შანსი.
მოკლედ, დარჩენილი მატჩები გვაჩვენებს, ვართ თუ არა პრემიერლიგაში მოსახვედრად მზად.
- 28 ტურიდან 23 შეხვედრა ითამაშე, მაგრამ ძირითადში მხოლოდ 13-ჯერ მოხვდი - რატომ?
- გუნდში 5 ლეგიონერი ვართ, თამაში კი მხოლოდ 3-ს შეუძლია, რადგან პირველ ლიგაში ლეგიონერებზე მკაცრი ლიმიტი დააწესეს. თანაც, ისეთი ამპლუის უცხოელები გვყავს, ერთმანეთის შეცვლა გვიწევს ხოლმე - თავიდანვე მითხრეს, რომ ასე იქნებოდა.
საერთოდ, უკვე მეექვსე წელია, რაც "სპარტაკში" ვთამაშობ. ნალჩიკი ჩემთვის მეორე სახლად იქცა, ხალხისგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ და ისე ვარ, თითქოს მთელი ცხოვრება აქ ვთამაშობდი. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.
- ნალჩიკიდან წამოსვლა გსურს?
- ამაზე მართლაც დავფიქრდი. ვერ ვიტყვი, რომ აქ გაჩერება აღარ შემიძლია, მაგრამ კონტრაქტი თუ არ გამიგრძელეს, ცხადია, ახალი გუნდის მოძებნა მომიწევს.
კონტრაქტი 5 ივნისს მიმთავრდება და ჯერ მე კი არა, "სპარტაკის" ხელმძღვანელობამაც არ იცის, მომავალი სეზონისთვის რამხელა დაფინანსება ექნებათ. ამის გამო გუნდში გაურკვევლობაა. კონტრაქტი კიდევ ბევრს უმთავრდება, მაგრამ მოლაპარაკება არავისთან დაუწყიათ.
ყველაფერი მაისის ბოლოს მეცოდინება. პრემიერლიგაში გადასვლის შანსი გვაქვს და ცხადია, თუ ელიტაში დავბრუნდებით და ნალჩიკში დარჩენა შემომთავაზეს, ყველაფერი პირობებზე იქნება დამოკიდებული.
- სხვა წინადადება არ გაქვს?
- მენეჯერი არ მყავს, რამაც კარიერაში ხელი ბევრჯერ შემიშალა. ჯერ არც არავინ დამკავშირებია, მაგრამ იმედია, თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდის მოძებნა არ გამიჭირდება.
- კარიერის გაგრძელებას როდემდე აპირებ?
- ჯერ რა დროს კარიერის დასრულებაა - 31 წლის ვარ და იმედია, მინიმუმ 4-5 წელი მაინც ვითამაშებ.
- გუჯა რუხაიაზეც იგივეს გკითხავ - მიდის თუ რჩება?
- რუხაიას კონტრაქტი ერთი წლის მერე უმთავრდება და რჩება. ის რუსეთის მოქალაქეა და აქ გუნდში მოწყობა არ გაუჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით სირაძე: ნაკრებიდან ჩამოცილებამ უკან დამხია
დავით სირაძე: გული მწყდება, საქართველოს ნაკრებისთვის მეტის გაკეთება შემეძლო
დავით სირაძე ნალჩიკის "სპარტაკის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები და ჩემგან ნურც ფსევდოპატრიოტიზმს ელიან
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?