ჰოლანდიაში არნემის "ვიტესმა" გასვლაზე "ჰერკულესს" 3:1 მოუგო. თავი გამოიჩინა გურამ კაშიამ, რომელმაც 65-ე წუთზე თავისიანები 2:1 დააწინაურა. მან და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვალერი ყაზაიშვილმა შეხვედრა ძირითადში დაიწყეს. ეს უკანასკნელი 74-ე წუთზე შეცვალეს. დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ჭანტურიას ამჯერადაც არ უთამაშია.
დანიის თასზე "ორჰუსი" პირველი ლიგის "ბრონსჰოის" ესტუმრა და 3:1 გაიმარჯვა. "ორჰუსის" შემადგენლობაში არც ერთი ქართველი არ გამოჩენილა. მათე ვაწაძე განაცხადში იყო, დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი - არა.
პირველი ჯანმრთელად
რუსეთის პრემიერლიგაში "კრილია სოვეტოვი" სამარაში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველმა ალეკო ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
მისმა პარტნიორმა ნაკრებში და ყოფილმა თანაგუნდელმა გია გრიგალავამ კი მახაჭყალის "ანჟის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და მოსკოვში "სპარტაკის" წინააღმდეგაც ითამაშა. ის საიმედოდ გამოიყურებოდა და გასვლაზე ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.
ლვოვის "კარპატიმ" უკრაინის თასიდან "სევასტოპოლი" გამოთიშა - 1:0. ლვოველთა შორის გამოჩნდა ევგენი ბოხაშვილი, რომელიც 89-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, მაგრამ არ ჩანდა მურთაზ დაუშვილი, რომელსაც კლუბის დატოვება სურს.
"სევასტოპოლში" მათე ღვინიანიძემ შეუცვლელად ითამაშა.
მარიუპოლის "ილიჩევეცმა" კი სახლში დონეცკის "შახტართან" 0:3 დათმო და გათამაშებას დაემშვიდობა. მარიუპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე. ეს უკანასკნელი 67-ე წუთზე შეცვალეს. ეს ქართული კლუბებისთვის საინტერესო ამბავი უნდა იყოს, რადგან ორივეს ტრანსფერი "შახტარს" ეკუთვნის, თუმცა დონეცკელები მათ წინააღმდეგ თამაშს არ უკრძალავენ.
დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" გასვლაზე "ბუკოვინას" 2:0 სძლია. ჯაბა კანკავა 57-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული სანდრო კობახიძე კი ძალიან აქტიური იყო; ორი საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
ლუგანსკის "ზარია" პირველი ლიგის ბინადარ "ავანგარდთან" კრამატორსკში 1:3 დამარცხდა და გავარდა. ჯაბა ლიპარტია ლუგანსკელთა შორის მეორე ტაიმში გამოჩნდა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში არ შედგა ქართული დერბი "იაგელონიასა" და "ლეგიას" მატჩში - 2:3.
"იაგელონიაში" 61-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ფოფხაძემ, ხოლო ნიკა ძალამიძე, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, სათადარიგოთა შორის იყო. ლადო დვალიშვილი კი "ლეგიას" განაცხადში არ ყოფილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"