გიორგი ილურიძე: რატომ ვარ, ხალხო, მოღალატე?

AutoSharing Option
პირველი ეროვნული ნაკრები რომ ჩამოყალიბდა, ძმებ არველაძეებზე ჭორაობდნენ, ყველას ნაკრებში თამაში სურსო. მართლაც, სამივეს ხშირად იძახებდნენ და ათამაშებდნენ. ეროვნულ გუნდში გამოუძახებლობის გამო კი ზაზა ჯანაშია და კიდევ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი უკმაყოფილებას გამოხატავდა.

90-იან წლებში ეროვნულ გუნდში თამაში პრესტიჟის საქმე იყო, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება საამაყოდ მიიჩნეოდა. იმ დროს ქვეყანაც იმედიანად იყო და ფეხბურთიც.

არველაძეების ამბავი ანეკდოტად ჩანს იმის ფონზე, რაც ახლა ხდება. ფეხბურთელების ნაწილი ნაკრებში ჩამოსვლაზე უარს ამბობს.

ყველას აქვს მოტივი, ჩამოუსვლელობის მიზეზსაც კარგად ასაბუთებს, მაგრამ ფაქტია
- მათი უმრავლესობის აღარ გვჯერა. გულშემატკივარს ნაკლებად აინტერესებს, ვის რა პრობლემა აქვს (თუ აქვს) თემურ ქეცბაიასთან - ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესია, რომლის ღირსებასაც საუკეთესოები უნდა იცავდნენ.

ამ ტალღაში მოჰყვა გიორგი ილურიძეც და სულაც არ არის გასაკვირი, გულშემატკივარი მის ჩამოუსვლელობასაც ეჭვით რომ უყურებს. გორის "დილადან" სპლიტის "ჰაიდუკში" გადასული შემტევი ჯერ საფრანგეთ-ფინეთთან ეროვნული გუნდის შეკრებაზე არ გამოცხადდა ტრავმის მომიზეზებით, ახლა კი - ახალგაზრდულ ნაკრებს ჰოლანდიასთან ვერ დაეხმარა და არც შოტლანდიასთან ითამაშებს.

რა ხდება სინამდვილეში? ამის შესახებ ახალგაზრდული ნაკრების მენეჯერმა ლევან რამიშვილმა საინტერესო რამ გვითხრა:

"ილურიძეს ყველამ თავი დაანებოს. ის მომხდართან არაფერ შუაშია. როცა დავუკავშირდით, გვითხრა, რომ ტრავმა ჰქონდა. მერე კი სპლიტის "ჰაიდუკის" ხელმძღვანელობა დაგვიკავშირდა და გვთხოვა, არ გამოიძახოთო.

საქმე ისაა, რომ გიორგის ამჟამად მხოლოდ ხორვატიაში გადაადგილების უფლება აქვს, მაგრამ თუ ქვეყანას დატოვებს, ახალი ვიზის გაკეთება დასჭირდება და გუნდს, შესაძლოა, მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმაროს. ამის არგათვალისწინება ფეხბურთელის გაწირვას ნიშნავდა და ხორვატების თხოვნას დავთანხმდით".


მომხდარით თავად ილურიძეც შეწუხებულია. მას ხორვატიაში დავუკავშირდით:

- ვამჩნევ, რომ გულშემატკივრებს ნაკრებისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე აბსოლუტურად მცდარი შეხედულება ჩამოუყალიბდათ. ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა და თუ ვიღაც ფიქრობს, რომ შეკრებაზე ჩამოსვლა არ მსურს და ამის გამო რაღაც მიზეზებს ვიგონებ, ძალიან ცდება - იმ ფეხბურთელს რა ვუთხარი, ნაკრებზე უარს რომ იტყვის. თავად ვარ გულდაწყვეტილი, ეროვნული და ახალგაზრდული გუნდების სიაში რომ ვერ მოვხვდი.

- ვერ მოხვდით? აბა, ჩამოსვლაზე უარი თქვაო?
- უარს როგორ ვიტყოდი? საერთოდ, ყველას ვთხოვ, ჯერ ვითარებაში გაერკვეს და ისე გამაკრიტიკოს. ეტყობა, გაუგებრობა "ლელოსთან" ინტერვიუში ნათქვამმა გამოიწვია - 5 ოქტომბერს "სპლიტის" წინააღმდეგ თამაშიც საეჭვოა, მაგრამ თუ მოვმჯობინდი და გამომიძახებენ, სიამოვნებით ჩამოვალ-მეთქი.

მართლა უკეთ გავხდი და მესმის, რომ უკვირთ - რატომ აღარ ჩამოდისო. "სპლიტთან" მატჩის შემდეგ "ჰაიდუკის" ადმინისტრაციაში მითხრეს - საქართველოში წასვლის შემთხვევაში, ხორვატიაში დასაბრუნებლად სამუშაო ვიზის ხელახლა აღება მოგიხდება, რასაც ერთი თვე მაინც დასჭირდებოდა.

- ეს ფედერაციას არ აცნობეთ?
- "ჰაიდუკის" ხელმძღვანელობამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქმის კურსში რომ ჩააყენა და ჩემი დატოვება სთხოვა, ესეც მოგვიანებით მითხრეს. დაახლოებით მსგავსი კანონია რუსეთში და ამის გამო სანაკრებო მატჩების შემდეგ პრობლემა ბევრ ქართველ ფეხბურთელს შექმნია. თუ არ მეშლება, ასე მოუვიდათ მარცვალაძესა და გოგუას და კლუბში ერთი თვის შემდეგ დაბრუნდნენ. მე რა ვქნა, აქაური კანონები შევცვალო?

- ხორვატიაში რის საფუძველზე თამაშობთ? სამუშაო ვიზა გაქვთ თუ არა?
- მე და ჰარის ბუკვას შენგენის ვიზა გვიმთავრდებოდა და როცა განაცხადში უნდა შევეყვანეთ, პოლიციაში გამოვცხადდით და რაღაც ცნობაზე ხელი მოგვაწერინეს. ზაგრების "დინამოსთან" რომ მეთამაშა, მანამდეც კიდევ ერთხელ მიმიყვანეს. დამიმტკიცონ, რომ სამუშაო ვიზის გარეშე თამაში არ შემიძლია. შეიძლება, ერთ თვეში ავიღო ვიზა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, ხვალვე მომცენ. მე ვაჩქარებდი, ნაკრებში გამომიძახებენ-მეთქი. და მე არ მინდოდა ნაკრებში თამაში?

- მაგრამ მათიც გვესმის, ვინც ასე ფიქრობს. ბოლო დროს მოთამაშეთა არჩამოსვლა წესად იქცა.
- მეც მესმის, მაგრამ კონკრეტული მიზეზი მაქვს, ამ უსაფუძვლო ბრალდებებს კი ძალიან განვიცდი. საფრანგეთ-ფინეთთან მატჩების წინაც ლაპარაკობდნენ - რაღაცებს იგონებსო. არ ახსოვთ, "რაპიდთან" მეორე ტაიმში სირბილი რომ აღარ შემეძლო და გასიებული კოჭით ვითამაშე? ამას ხომ ათასობით გულშემატკივარი უყურებდა?

- "რაპიდთან" მატჩის შემდეგ ფეხი მართლაც მძიმე დღეში გქონდათ.
- ექიმმა ორკვირიანი დასვენება მირჩია. ფეხსაცმელს ვერ ვიცვამდი და მალე მომჯობინებას ვნატრულობდი. უცებ ვხედავ, ფორუმებზე ვიღაც გაუცნობიერებელი ხალხი წერს - ილურიძე მოღალატეაო. რატომ ვარ მოღალატე? იმიტომ, რომ ფედერაციის საიტზე გაუგებრობა მოხდა და შეცდომით დაწერეს, ნაკრებზე უარი თქვაო? ასე ხელაღებით ადამიანზე ყველაფრის დაბრალება როგორ შეიძლება?

არადა, ამ დროს ნაკრებში გამოუძახებლობას ვდარდობდი. ახლაც ძალიან მინდოდა თამაში, უარი ნამდვილად არ მითქვამს. დღეში სამჯერ თერაპიას ვიტარებდი. ხალხს ჩემს საწინააღმდეგოდ ნუ განაწყობენ! ბოდიში მოიხადონ! მე ტყუილებით არ ვიზრდებოდი და არ მიცხოვრია.

- "ბეშიქთაშთან" ამხანაგურ მატჩში ითამაშეთ...
- კი, 10 ოქტომბერს სპლიტში ვითამაშეთ და 1:2 წავაგეთ. პირადად მე 5 საგოლე მომენტი შევქმენი, მაგრამ ვერ გავიტანე. სტვენით კი არ ამიკლეს, შეცვლისას მთელი სტადიონი ადგა და ტაშს მიკრავდა. ასეთი რამ არ მინახავს.

- როგორც გავიგეთ, ნაკრების ახალწვეული ავთანდილ ებრალიძე თქვენი ბავშვობისდროინდელი მეგობარი და თანაგუნდელი ყოფილა.
- "ნორჩ დინამოში" მთელი 7 წელი ერთად ვთამაშობდით. ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, მარჯვენა და მარცხენა ფლანგებიდან თამაშს ამწვავებდა და საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ თავდამსხმელად ითვლებოდა. ვუსურვებ, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გახდეს. გია ხიტირთან ვთამაშობდით და არ ვტრაბახობ - გამორჩეულებად გვთვლიდნენ ავთოს, "დილას" ნახევარმცველ გეგა დიასამიძესა და მე. მახსოვს, კიევის "დინამოს" ბაზაზე ტურნირი ჩატარდა და ჩვენი სამეულის გამო უკრაინელებს მთელი გუნდის დატოვება სურდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძე: გაუგებრობაა, ნაკრებზე უარი არ მითქვამს
გიორგი ილურიძის გოლმა "ჰაიდუკს" გამარჯვება და ლიდერობა მოუტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
~კაი ბიჭის და~არ გრცხვენია, რას წყევლი ამ ახალგაზდა, ნიჭიერ და მომავლის საიმედო ფეხბურთელს, სავალდებულო არ არის, სულელური კომენტარბი წერო, სჯობს იკითხო და ჩუმად იყო, და სერთოდ, დაანებეთ თავი ილურიძეს, იცოდეთ, ეს ახალგაზდა დიდ ფეხბურთს ითამასებს, თქვენ კი შეგრცხვებათ
nika
18:10 28-10-2013
0
qartvelebo mtlad dakarget qartveloba ra gindat am arachveulebriv bichtan mas carmatebebi vusurvot tqven ki tqven tavs mixedet
achi
15:37 21-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული