საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი უკვე რამდენიმე წელია, მეზობელ ქვეყანაში მწვრთნელად მუშაობს. მას რამდენიმე თემაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა.
ჩიხრაძე "სიმურგზე", აზერბაიჯანულ ფეხბურთსა და ნაკრებზე საუბრობს...
- ჩემპიონატის პირველი ეტაპი "სიმურგმა" მე-6 ადგილით ჩაამთავრა. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ეს შედეგი?
- ცუდი შედეგი არ არის, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა. ამ სეზონისთვის, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოგვიწია. ისიცაა, რომ მოედნის საფარი გამოვცვალეთ და ჩემპიონატის
- "სიმურგი" არც ლიდერებშია და ქვედა ლიგაში გავარდნაც არ ემუქრება. შეგუებული ხართ ასეთ მდგომარეობას?
- სეზონის მეორე ეტაპისთვის გაძლიერებას და, შესაბამისად, ევროსაგზურის მოსაპოვებლადაც ვაპირებთ ბრძოლას. აზერბაიჯანის ჩემპიონატი უფრო დაძაბული გახდა, თუნდაც იმიტომ, რომ გუნდების რაოდენობა თორმეტიდან ათამდე შემცირდა.
- როგორც უნდა იყოს, "ყარაბაღი", "გაბალა" და "ნეფთჩი" ქულათა მნიშვნელოვანი მარაგით უსწრებენ დანარჩენ გუნდებს...
- გადაჭრით ვერ იტყვი, რომ მხოლოდ ეს სამი გუნდი გავა ევროტურნირზე, "ბაქი" და "ინტერიც" საკმაოდ ძლიერები არიან საიმისოდ, რომ ასეთ შედეგს მიაღწიონ.
- ბოლო წლებში აზერბაიჯანულ ფეხბურთში დიდი ინვესტიცია რომ განხორციელდა, ეს ყველამ იცის. საინტერესოა, მიმდინარე სეზონისთვის რა ვითარებაა, კიდევ უფრო ძლიერდებიან გუნდები?
- ამ ეტაპზე თანხები ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლადაც იხარჯება. მაგალითად, "სიმურგის" სტადიონზე ბოლო თაობის ხელოვნური საფარი დააგეს. აზერბაიჯანში ყოველ წელს ახალი მოედანი იგება, ნაკრებმა კი შესარჩევის ციკლის ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. აზერბაიჯანული კლუბები ფინანსურად კიდევ უფრო ძლიერდებიან. ერთი სიტყვით, წინ მიდიან.
- აზერბაიჯანში ლეგიონერებზე ლიმიტის შემცირებას ხომ არ აპირებენ?
- თერთმეტიდან მინიმუმ 4 აზერბაიჯანელი უნდა იყოს, მათგან ერთი - 21-წლამდელი. მომავალი სეზონისთვის იმაზე ფიქრობენ, რომ მოედანზე მინიმუმ 5 აზერბაიჯანელი უნდა იყოს თითოეული გუნდიდან.
- გიორგი ჩიხრაძე რომელიმე მოწინავე ქართული გუნდის მთავარ მწვრთნელად - ამ ეტაპზე ეს რამდენად არის შესაძლებელი? ხომ არ ფიქრობთ გარემოს შეცვლაზე?
- "სიმურგში" მუშაობა ჩემთვის საკმაოდ საინტერესოა, ჩემპიონატის დონე ნორმალურია და არსად წასვლას არ ვაპირებ. გარდა იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, ის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "სიმურგის" ხელმძღვანელობასთან პიროვნულად ისეთი დამოკიდებულება მაქვს, სხვა გუნდში გადასვლას არც განვიხილავ.
- აზერბაიჯანიდან, ალბათ, თვალყურს ადევნებდით იმ არცთუ სასიამოვნო ვითარებას, რაც ბოლო დროს შეიქმნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებს შორის და, საერთოდ, ქართულ ფეხბურთში...
- რა თქმა უნდა, ყველას გული შეგვტკივა საქართველოს ნაკრებზე. ვისურვებდი, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შორის მშვიდი ვითარება იყოს. ორმხრივი სურვილია საჭირო სიტუაციის მოსაგვარებლად.
რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, უცხოეთის საშუალო დონის გუნდებიდან ქართველი ფეხბურთელები საქართველოში რომ დაბრუნდნენ, ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად აიწევს. ამისთვის სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი კლუბების დაფინანსების მიმართულებით. ამ მხრივ სტაბილურობის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია.
- როგორ შეადარებდით საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებებს?
- ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მოტივაციას რაც შეეხება, აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელები ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯებიან. იქ საკმაოდ მაღალი პრემიებიცაა. ზუსტად არ ვიცი, თუმცა, როგორც გავიგე, ჩრდილოეთ ირლანდიასა და რუსეთთან მატჩების (მოგება და ფრე - ავტ.) შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა, პრემიის სახით, დაახლოებით 90 ათასი ევრო მიიღო.
- ისევ "სიმურგზე" გკითხავთ. რომელიმე ქართველი ფეხბურთელის აყვანას ხომ არ აპირებთ?
- ამ ეტაპზე არა მგონია, ეს მოხდეს. საერთოდ, აზერბაიჯანული კლუბები უფრო ბალკანელ და სამხრეთამერიკელ ლეგიონერებზე არიან ორიენტირებულები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"