ლეგიონი: ლევან კობიაშვილის ბოლო შეკრება?

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერთა უმრავლესობის კლუბებისთვის სეზონი ჯერ არ განახლებულა, თუმცა უკვე თითქმის ყველა ემზადება შეკრებაზე. ზოგიერთმა მათგანმა საკონტროლო მატჩების გამართვაც მოასწრო.

კვიპროსსა და პორტუგალიაში კი ჩემპიონატის მატჩები გაიმართა.

სანამ გრიგალაშვილი შევიდოდა
კვიპროსული მედიის ხმები არ გამართლდა - "ანორთოსისის" ტექნიკურ დირექტორად თემურ ქეცბაია არ დაუნიშნავთ, თუმცა ამ გუნდთან კიდევ ერთი ქართველი - შოთა გრიგალაშვილი გვაკავშირებს.

12 იანვარს "ანორთოსისი" შინ "ალკისთან" 0:1-ს აგებდა, სანამ 58-ე წუთზე მოედანზე ქართველი ნახევარმცველი არ გამოვიდა - საბოლოოდ, "ანორთოსისმა" 3:1 მოიგო და ჩემპიონატში 30 ქულით მეხუთეა.

ფრე ჰამბურგთან
აბუ დაბიში შეკრებაზე მყოფმა არნემის "ვიტესმა" მეორე საკონტროლო მატჩი გამართა, კვლავ ბუნდესლიგის გუნდთან - ამჯერად, "ჰამბურგს" 0:0 დაუზავდა.

ამ შეხვედრაში 90 წუთი გაისარჯა კაპიტანი გურამ კაშია, ხოლო ვალერი ყაზაიშვილი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, გიორგი ჭანტურიას კი არ უთამაშია.

ბოლო შეკრება კარიერაში?
როგორც ბერლინის "ჰერტას" ოფიციალური საიტი წერს, ლევან კობიაშვილს 19-წლიან კარიერაში ბოლო შეკრება აქვს, "ჰერტა" თურქეთშია.

"აარაუსთან" თამაშში ლევანს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ მაშინვე თქვა, რომ კობი "ჰანოვერთან" ითამაშებდა და ასეც მოხდა - "ჰანოვერთან" 0:0 დასრულებული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველი მცველი მოედანზე იმყოფებოდა.

ქართულ-აფხაზური წყვილი
რუსული პრემიერლიგის 4 კლუბში ქართველი ლეგიონერები თამაშობენ. ჯერ მხოლოდ ჯანო ანანიძის "როსტოვი" არ ემზადება, ალექსანდრე ამისულაშვილის "კრილია სოვეტოვი", საბა კვირკველიას "რუბინი" და გია გრიგალავას "ანჟი" უკვე თურქეთში იმყოფებიან. თავიანთ გუნდებში ჩვეულებრივ ვარჯიშობენ ჩვენებურებიც.

თურქულ შეკრებაზე იმყოფება რუსული I დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერი "მორდოვიაც", რომელმაც 11 იანვარს პირველი საკონტროლო შეხვედრაც გამართა - ყაზახური "ქაისარი" 1:0 დაამარცხა.

ჩვენებურმა აკაკი ხუბუტიამ 90 წუთი ითამაშა დაცვის ცენტრში. სხვათა შორის, მისი მეწყვილე ანრი ხაგუში გახლდათ, აფხაზი ფეხბურთელი, რომელიც "მორდოვიაში" სინჯებზეა.

სპარტაკი დაიშალა, ალანია გადარჩა
I დივიზიონის კლუბებს დალხენილი ცხოვრება სულაც არა აქვთ. ახლახან დაიშალა ნალჩიკის "სპარტაკი" და დავით სირაძე უკლუბოდ დარჩა.

გუნდს ფეხბურთელების მიმართ დავალიანება დარჩა (2 თვეზე მეტი), ამიტომაც ფეხბურთელებმა ყაბარდო-ბალყარეთის სპორტის მინისტრს მიმართეს თხოვნით, გამოიძიონ "სპარტაკის" ფინანსური კრახის მიზეზები, დამნაშავეები დაისაჯონ და ფეხბურთელებს დავალიანებები გაუსტუმრონ. მიმართვას ხელს ქართველი ფორვარდიც აწერს.

აი, ოთარ მარცვალაძისა და გოჩა ხოჯავას "ალანია" დაშლას კი გადაურჩა, მაგრამ... 9 იანვარს კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩემპიონატიდან გამოსულიყო, თუმცა 12-ში პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობა აპირებს ფეხბურთელთა დავალიანების (8 თვე) გადახდას.

გუნდი ვერ წავა შეკრებაზე, თუმცა ჩემპიონატში ითამაშებს. თითოეულ ფეხბურთელს ახალ (გაუარესებულ) პირობებს შესთავაზებენ და ვინც დარჩება, ის ითამაშებს მეორე წრეში.

სად არის გოგუა?
ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" ისრაელში წავიდა შეკრებაზე და მას მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერი გაჰყვა - გიორგი ნავალოვსკი. გოგიტა გოგუა სიაში არ იყო, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

რუსულ მედიაში დაიწერა, რომ გოგუა "ლუჩ-ენერგიაში" გადადის, თუმცა ბოლო ცნობით, "სკა-ენერგიას" ხელმძღვანელობამ გოგუას პირველი შეკრების გამოტოვების უფლება მისცა, ოჯახური მდგომარეობის გამო. "სკა-ენერგია" ისრაელში 29 იანვრამდე დარჩება.

აქვე ვიტყვით, რომ ზურაბ არზიანის "გაზოვიკი" მოგვიანებით, 17 იანვარს შეიკრიბება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხაგუში სუფთა ლაზური გვარია
dalesi
17:17 13-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული