"ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, მჯერა, შრომას არ დამიკარგავს"

AutoSharing Option
ირაკლი კლიმიაშვილმა არაერთ გუნდში თამაში მოასწრო. "ვიტ ჯორჯიაში" შესანიშნავად დაწყებული კარიერა 26 წლის ნახევარმცველმა მახაჭყალის "ანჟიში" გააგრძელა.

შემდეგ იყო ტაშკენტის "ფახთაქორი", გორის "დილა" და ბოლნისის "სიონი".

კლიმიაშვილმა ბოლოს რიგაში ჩაუშვა ღუზა, სადაც ლატვიური "სკონტოს" ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მას კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და ახლა თბილისშია.

სადავო არ არის - ამ ფეხბურთელის კარიერა ახლა გზაგასაყარზეა. გაუმართლებს კლიმიაშვილს? მაშინ ის კვლავ იქცევა ეროვნული ნაკრების (5 მატჩი) კანდიდატად, თუ არა და, საქმე სხვანაირად წავა...

- "სკონტოსთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და ახლა თბილისში ვარ. სიმართლე გითხრათ,
ჯერ არავინ შემხმიანებია. აქედან გამომდინარე, არც ის ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. ვნახოთ, რა შეთავაზებები იქნება. მოვიფიქრებ და ყველაფერს ისე გადავწყვეტ.

- "სკონტოში" დაბრუნება გამორიცხულია?
- გეცოდინებათ, ლატვიის ჩემპიონატი დასრულდა და გუნდი ჯერ არ შეკრებილა. თუ "სკონტოდან" ნორმალური შემოთავაზება იქნება, იქ დაბრუნება გამორიცხული არ არის. ტრაბახით არ ვამბობ - ამ გუნდში ყველას ძალიან ვუყვარვარ.

თუმცა არის მეორე მომენტიც - თუ ძველებურად გაგრძელდა და გუნდში ისევ ფინანსური კრიზისი იქნა, მაშინ ჩემ იქ დაბრუნებას აზრი არ ექნება. ბოლო დროს თითქმის ენთუზიაზმზე ვთამაშობდით.

- ლატვიური საზომებით, "სკონტო" ლამის ყველაზე ტრადიციული კლუბია. რატომ შეექმნა მას ფინანსური პრობლემები? სპონსორი არ გამოჩნდა?
- ასე ჩანს, რომ სპონსორი არ იყო. რომ ყოფილიყო, ასეთი ფინანსური კრიზისის ფონზე ნამდვილად არ მოგვიწევდა თამაში.

- ხომ არ იცით, რას აპირებს "სკონტოს" ქართველი დამრიგებელი თამაზ პერტია?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ალბათ, არ დარჩება გუნდში. პირადად პერტიას დამსახურებაა, რომ სეზონი ღირსეულად ჩავამთავრეთ. მან ურთულეს ვითარებაში შეძლო გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და მობილიზება.

- საინტერესოა, როგორ შეადარებდით საქართველოსა და ლატვიის ჩემპიონატების დონეს?
- ბოლო პერიოდში ხანგრძლივი დროით არც ერთ ქართულ გუნდში არ მითამაშია. მონაყოლით ვერ შეიქმნი სრულ შთაბეჭდილებას.

როცა მე "ვიტ ჯორჯიაში" ვიწყებდი და მერეც, ჩვენი ჩემპიონატი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ლატვიური. საქართველოს ჩემპიონატში უფრო მეტი ნიჭიერი ფეხბურთელია, ვიდრე ლატვიის ლიგაში.

ლატვიელებს სხვა უპირატესობა აქვთ - მათი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა აწყობილი და მოწესრიგებულია.

- თავის დროზე, 2011-12 წლებში, თქვენ ერთი სეზონი გაატარეთ ტაშკენტის "ფახთაქორში". როგორია უზბეკური ფეხბურთი და რას წარმოადგენს თავად ეს კლუბი?
- თავის დროზე "ანჟიდან" განათხოვრებით წავედი "ფახთაქორში". მაშინ უზბეკური კლუბის პრეზიდენტი "ანჟის" ვარჯიშებსა და მატჩებს არ აცდენდა. ძალიან მოეწონა ჩემი თამაში და, სხვათა შორის, მანამდეც იყო შემოთავაზება, მაგრამ მაშინ უარი ვთქვი - გულმა არ გამიწია...

მეორედ რომ გამოჩნდა ვარიანტი და კლუბის პრეზიდენტისგან პირადად წამოვიდა შემოთავაზება, კახა მახარაძეს დავურეკე. ის იქ უკვე თამაშობდა და იცოდა ყველაფერი... მოკლედ, საბოლოოდ, წასვლა გადავწყვიტე. უნდა გითხრათ, რომ ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

უზბეკეთში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ფეხბურთის ბუმია. ქუჩაში გაჩერებენ, გეფერებიან, ავტოგრაფებს გთხოვენ... სხვა საქმეა, რა ხდება სტადიონზე. ეს პირადად უნდა ნახო.

ცალკე უნდა ვთქვა ქართველთა მიმართ უზბეკების დამოკიდებულებაზე. ისინი ყოველდღიურად გამოხატავდნენ დიდ სითბოს ჩვენ მიმართ. სხვათა შორის, ამ ბოლოს ჩვენი ვეტერანები იყვნენ ტაშკენტში, შევხვდი რამდენიმე მათგანს, ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ხალხს. ისინიც აღტაცებულნი არიან მათი მასპინძლობით.

- ვთქვათ, გამოჩნდა ვარიანტი უზბეკეთიდან. არ დაფიქრდებით?
- იყო რაღაც შემოთავაზებები და ახლაც არის, მაგრამ თუ უზბეკეთში წახვალ სათამაშოდ, ან "ფახთაქორში" უნდა წახვიდე, ან "ბუნიოდკორში". ეს ჩემი პირადი აზრია.

- "ვიტ ჯორჯიიდან" მახაჭყალის "ანჟიში" საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სტატუსით წახვედით. იყავით ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი და ეროვნულ გუნდშიც გიწვევდნენ. სწორედ დაღესტნურ გუნდში შეფერხდა თქვენი პროგრესი. ხომ არ ფიქრობთ, რომ "ანჟიში" გადასვლა შეცდომა იყო?
- ჩემზე მეტად არავის უნდოდა, "ანჟიში" კარგად რომ მეთამაშა, თუმცა არ გამოვიდა და შეფასებაშიც გეთანხმებით. მაშინ ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი ვიყავი. ახლანდელი გამოცდილება რომ მქონოდა, სხვანაირად მოვიქცეოდი და იქნებ ეს არჩევანი ჩემს კარიერას უფრო წასდგომოდა.

- მაინც, რატომ არ მოგეცათ შანსი "ანჟიში"?
- ჩემი მისვლა იყო და, ვარსკვლავური გუნდის გაკეთება დაიწყეს. მაშინ "ანჟის" მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი გახლდათ, შესანიშნავი სპეციალისტი. ძალიან კარგი თვალით მიყურებდა. მეუბნებოდა - მინდა, შანსი მოგცეო. რა ექნა, ვარსკვლავები ჰყავდა გუნდში და ისინი უნდა ეთამაშებინა.

მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჯიევის მადლიერი ვიქნები. მან ძალიან ბევრი საფეხბურთო ნიუანსი მასწავლა.

ერთხელ, "ფახთაქორში" გადასვლის შემდეგ, შეკრებაზე მნახა. მაშინ "ანჟის" უკვე ახალი მწვრთნელი ჰყავდა - იური კრასნოჟანი. დაურეკა გაჯიევმა კრასნოჟანს და უთხრა - კლიმიაშვილი დააბრუნეთ გუნდში, შანსი მიეცითო. ეტყობა, ესეც ბედი იყო - მალე კრასნოჟანიც მოხსნეს...

"ანჟიში" სულ ძირითად გუნდთან ერთად ვიყავი. ესაა, თამაში არ მიწევდა და დუბლებში ვთამაშობდი. ცდა და მონდომება არ დამიკლია, თუმცა მარტო დუბლებში თამაშით ვის მოუმატებია, მე რომ მომემატებინა?

- თქვენს კარიერას რომ გადახედავთ, ბევრ რამეზე ნანობთ?
- აბსოლუტურად არაფერზე! მოხდა? გამოდის, რომ ასე უნდა მომხდარიყო. მეორეც - მე ჯერ მხოლოდ 26 წლის ვარ და სულაც არ მიმაჩნია, რომ პროგრესის შანსი აღარ მაქვს.

- ჩემი სუბიექტური აზრია: თქვენი კარიერა ახლა გზაგასაყარზეა: ან კვლავ დაიბრუნებთ ძველ ფორმას და იქნებით საქართველოს ნაკრების კანდიდატი, ანდაც...
- ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებებს, არასოდეს მავიწყდება თითოეული წამი, რომელიც ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურით მინდორზე გამიტარებია.

რა თქმა უნდა, ბევრი არ გამიკეთებია საქართველოს ეროვნული გუნდისთვის, მაგრამ როცა შანსი მქონდა, თავი არ დამიზოგავს. ჩემი კარიერის უბედნიერეს წუთებად მიმაჩნია ის წუთები.

სხვათა შორის, ახლა იმაზე უკეთეს ფორმაში ვარ, საქართველოში ყოფნისას რომ ვიყავი. რა და როგორ იქნება, ამას ყველა ერთად ვნახავთ. პირველ რიგში, ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული. მჯერა - ვინც უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, შრომასა და პროგრესს არ დამიკარგავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი კლიმოოოოოოოოო ყველაზე ჯიგრიანი
joni
16:44 17-12-2014
0
ამას შეუძლია ჩვენი ნედვედი გახდეს! :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული